fbpx
საზოგადოებასაქართველო

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი „რუსთავი 2“-ის საქმეზე

დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით ერთი საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეში ქართული სასამართლოების მხრიდან დარღვევები და მიკერძოებული დამოკიდებულება არ დადგინდა.

სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა 2 წელზე მეტი ხნის წინ (2017 წლის მარტში) მიღებული განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ. ამ ნაწილში განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება წინაისტორიას:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ის დათმობა ქიბარ ხალვაშის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 100 პროცენტი მიეკუთვნა ბიზნესმენს და მის კუთვნილ კომპანია „პანორამას“.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა და მენეჯმენტმა პროცესი თავიდანვე შეაფასეს „მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის” მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის აქტად, რომელსაც ხელისუფლება მასთან ალიანსში მყოფი ბიზნესმენის ხელით ახორციელებდა. ამ აზრს იზიარებდა მედიისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე, 2017 წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. სტრასბურგმა ჯერ 2 დღით, შემდეგ კი „ოფიციალური შეტყობინების გამოგზავნამდე“ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, აღსრულება შეჩერდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

სტრასბურგში აღძრული სარჩელი ფორმულირდა, როგორც: „ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მოპასუხე მხარეს, პროცესუალურად, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა პროცესში მესამე პირად ჩართვის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ თუ მათი მოლოდინი არ გამართლდებოდა და ნაწილობრივ მაინც სახელმწიფო წააგებდა საქმეს, აუცილებლად გაასაჩივრებდნენ დიდ პალატაში.

წყარო: liberali.ge

ამ საქმის დეტალების გასაცნობად გადადით ლინკზე: 

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close