ადვოკატის თქმით, იტალიის ციხეში მყოფი ქუთაისელი პატიმრის „6-თვიანი ცემა-წამება დასრულებულია“
„იტალიის ციხეში მყოფი პატიმრის, ანტონ ჭელიძის 6-თვიანი ცემა-წამება შეწყდა“, – აცხადებს ანტონ ჭელიძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.
უფლებადამცველი იტალიის საპყრობილეში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, შემზარავი ვითარება დახვდა.
„პატიმარ ანტონ ჭელიძეს სცემდნენ, აწამებდნენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. მე შევხვდი იტალიის სახალხო დამცველს, ჩვენი ქვეყნის საკონსულოს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ სხვადასხვა ორგანიზაციას და, საბედნიეროდ, პატიმრის წამება შეწყვეტილია. ანტონ ჭელიძეს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ”, – აცხადებს ლედი ტუკვაძე.
უფლებადამცველის ინფორმაციით, 32 წლის ქუთაისელ ანტონ ჭელიძეს იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რომელიც არ ჩაუდენია და დასჯის მიზნით აწამებენ.
„ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული, უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, აწამეს, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა ცადა. ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი“, – განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.
იტალიის ციხეში მყოფი ანტონ ჭელიძის ოჯახი კვირების განმავლობაში შველას და საპყრობილეში მყოფი პატიმრის გადარჩენას ითხოვდა.
წყარო: topnews.com.ge
კომენტარები