კინო/ფილმებიხელოვნებაკულტურა

ქართულმა ფილმმა საფრანგეთში საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში, მარსელში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი – OENOVIDEO მიიღო.

სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლის შედეგადაც ისტორიული აღმოჩენა გაკეთდა და მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინათ პირველად ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე.

45-წუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია, ხოლო იდეის ავტორი – დავით ტყემალაძე. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, აგრეთვე, იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა.

Oenovideo უძველესი ფესტივალია, რომელიც ხელს უწყობს ყურძნისა და ღვინის პოპულარიზაციას მხატვრული და დოკუმენტური ფილმების, აგრეთვე, ფოტოგრაფიის საშუალებით. ფესტივალი 1981 წლიდან ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმში. წელს ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, ქართული ფილმიც – „საქართველო ღვინის სამშობლო“.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ეს  Oenovideo-ზე მიღწეული პირველი წარმატება არ არის: 2016 წელს ფრანგული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა ერთდროულად ორი ქართველი რეჟისორი  – მთავარი პრიზით აღინიშნა გიორგი მოლოდინაშვილის „ღვინოში დაკარგულები“ და ნანა ჯორჯაძის „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close