პედრო ალმოდოვარი „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა

ცნობილი ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის – „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა. ეს ინფორმაცია ვენეციის კინოფესტივალის საიტზე გუშინ გამოქვეყნდა.

საიტზე აღნიშნულია, რომ ჯილდო კინორეჟისორს ენიჭება მისი დამსახურებებისთვის, მისი საქმიანობისთვის კინოხელოვნების სფეროში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

თავად ალმოდოვარი ძალიან კმაყოფილია ჟიურის ამ გადაწყვეტილებით – ვენეციის კინოფესტივალთან მას განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს: სწორედ აქ შედგა 1983 წელს რეჟისორის საერთაშორისო დებიუტი („საერთაშორისო ნათლობა“ – თავად ალმოდოვარის სიტყვებით), როდესაც მისი ფილმი ესპანეთის საზღვრებს პირველად გასცდა.

რეჟისორი, რომელიც მიმდინარე წლის 25 სექტემბერს 70 წლის ხდება, უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, ორი „ოსკარის“ (1999 წ., „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ და 2003 წ., „ესაუბრე მას“).

პედრო ალმოდოვარს „ოქროს ლომი“ ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცემა, რომელიც 2019 წლის 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 1932 წელს დაარსდა და ის მსოფლიოში უძველესი კინოფესტივალია.

ნინო ხოშტარია

პედრო ალმოდოვარი და პენელოპე კრუსი

დიდი რეჟისორები: იტალიური კინოს „უკანასკნელი იმპერატორი“ გარდაიცვალა

კომენტარები