დღის თემამსოფლიოპოლიტიკაიტალიაპოლიტიკა

სალვინის „ლიგამ“ გაიმარჯვა, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება – ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

მატეო სალვინის „ლიგამ“, როგორც მოსალოდნელი იყო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. 

წინასწარი მონაცემები ასეთია: „ლიგა“ – 34,3%, დემოკრატიული მოძრაობა (PD, ყოფილი სახელისუფლებო პარტია) – 22,7%, „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ (M5S ლუიჯი დი მაიოს მეთაურობით) – 17,1%, ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ (FI) – 8,8%, „იტალიის ძმები“ (FDI) – 6,5%. ევროპარლამენტის არჩევნები იტალიაში, ისევე როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, კვირას, 26 მაისს გაიმართა, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად.

ეს პირველი არჩევნებია იტალიაში, რომელშიც „ლიგამ“ გაიმარჯვა. ქვეყანაში ერთ-ერთ მოსალოდნელ სცენარად განიხილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე მთავრობის ცვლილება და მემარჯვენე ცენტრისტული კაბინეტის შექმნა სალვინის მეთაურობით.

საფრანგეთში, წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე 23,3%-ით მარინ ლე პენის „ნაციონალური ფრონტი“- RN გავიდა (მან მცირედით გაუსწრო მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას – 22,4%). მარინ ლე პენი სალვინის მოკავშირეა ეროვნული სუვერენიტეტის მომხრე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ალიანსში. თავიანთ ქვეყნებში გაიმარჯვეს, აგრეთვე, ამ ალიანსის სხვა სავარაუდო მოკავშირეებმა – ვიქტორ ორბანმა უნგრეთში და ბრექსიტის პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა დიდ ბრიტანეთში, სკანდალურად ცნობილმა ევროსკეპტიკოსმა ნაიჯელ ფარაჯმა (რომლის პარტია სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ, 12 აპრილს დაარსდა) – ფარაჯმა ხმათა 31,6% დააგროვა და ევროპარლამენტში ბრიტანეთისთვის გამოყოფილი მანდატებიდან 28 ადგილი მოიპოვა.

რაც შეეხება საბერძნეთს, ევროპარლამენტის არჩევნებში აქ კონსერვატიულმა „ნეა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით – 33,3% და მოქმედ პრემიერს ალექსის ციპრასს (რომლის პარტია „სირიზამაც“, წინასწარი მონაცემებით, 23,7% მიიღო) აიძულა მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ჩატარდება.

ესპანეთში სოციალისტებმა გაიმარჯვეს – წინასწარი მონაცემებით, პედრო სანჩესის PSOE-მ ამომრჩეველთა ხმების 32,8% მოიპოვა.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნიდერლანდები და დანია, ევროსკეპტიკოსებმა წააგეს, ესტონეთში მემარჯვენე ნაციონალისტური EKRE მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

გერმანიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, კონსერვატორებმა გაიმარჯვეს (CDU/CSU-მ 28,9% მოიპოვა).

ევროპარლამენტი „გამწვანდა“

სპეციალისტთა აზრით, ამ არჩევნებში ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციები დაფიქსირდა: ერთი მხრივ, გაიზარდა ნაციონალურ-კონსერვატიულ ძალთა რაოდენობა ახალ შემადგენლობაში, მეორე მხრივ, აგრეთვე, გაიზარდა მეორე ოპოზიციის – ლიბერალების და „მწვანეთა“ წარმომადგენლობა.

განსაკუთრებით საინტერესოა „მწვანეების“ წარმატება ამ არჩევნებში – მათ მაღალი შედეგები უჩვენეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და სხვ. მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური სირთულეებისა, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ბევრგან ადამიანები მაინც უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებენ ეკოლოგიურ საკითხებს და სურვილი აქვთ, რომ ევრობიუროკრატების ყურადღება უფრო მეტად იყოს გადართული მარადიულ ფასეულობებზე.

რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენე კონსერვატიული ძალების გამარჯვების მიუხედავად, ევროპარლამენტის პოლიტიკა მომდევნო 5 წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, დიდად არ შეიცვლება. წინა მოწვევის ევროპარლამენტში უმრავლესობა „სახალხოების“ და „სოციალისტების“ ალიანსს ჰქონდა. უმრავლესობის შესანარჩუნებლად მათ უკვე დააანონსეს, რომ ალიანსში ლიბერალებს და „მწვანეებს“ იწვევენ – ამათგან არცერთს აქვს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე, ასე რომ, მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მიმდინარე წელს უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დაფისქირდა – მასში მონაწილეობა მიიღო 200 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (50%-ზე მეტი) 28 სახელმწიფოდან, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

არჩევნები 23-26 მაისს ჩატარდა ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოში და ამომრჩევლებმა ევროპარლამენტის 751 წევრი აირჩიეს.

ეს არჩევნები რიგით მეცხრე იყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა ევროპარლამენტის წევრები პირდაპირი წესით პირველად აირჩიეს 1979 წელს.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: https://election-results.eu/national-results-overview/

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: სალვინი ბრიტანელ ევროსკეპტიკოს ნაიჯელ ფარაჯს ევროპარლამენტში ალიანსზე გაურიგდა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close