სალვინი ბრიტანელ ევროსკეპტიკოს ნაიჯელ ფარაჯს ევროპარლამენტში ალიანსზე გაურიგდა?

მატეო სალვინის და ნაიჯელ ფარაჯის სელფი სტრასბურგში, 2018 წლის მარტში
ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ იტალიურმა „ლიგამ“ და ბრექსიტის პარტიამ, რომელსაც ევროსკეპტიკოსი ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს (პარტია მიმდინარე წლის 12 აპრილს დაფუძნდა), შესაძლოა ალიანსი შეკრან, – ამის თაობაზე  25 მაისს იტალიური გამოცემა Il GIORNALE იუწყება.

„ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ უკვე ესაუბრა ნაიჯელ ფარაჯს ამ საკითხზე. ამრიგად, ბრექსიტის პარტია შეუერთდება ნაციონალური სუვერენიტეტის მომხრეთა ალიანსს, რომელთა ლიდერები არიან მატეო სალვინი (იტალია) და მარინ ლე პენი („ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი, საფრანგეთი).

ამასთან სავარაუდოა, რომ სალვინისა და ფარაჯის შესაძლო ალიანსი ხანგრძლივი არ იქნება – ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ (რომელიც 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი) ამ ქვეყნის დეპუტატები ევროპარლამენტში მუშაობას შეწყვეტენ. მეორე მხრივ, ევროკავშირში უშვებენ, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი ისეთი ხანგრძლივი იქნება, ბრიტანეთიდან ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილებები 5 წლის განმავლობაში არ დასრულდება.

დიდ ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნები 23 მაისს ჩატარდა.

ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის, იტალიასა და საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნები კვირას, 26 მაისს გაიმართება და 27 მაისს, დილით წინასწარი შედეგები უკვე ცნობილი იქნება.

სოციოლოგების მონაცემებით, „ლიგა“ და ბრექსიტის პარტია თავ-თავიანთ ქვეყნებში ხმების 30%-ზე მეტს მიიღებენ.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: რას ამბობს მერკელი სალვინისთან შესაძლო ალიანსზე და რას პასუხობს სალვინი?

კომენტარები