ქართველები უცხოეთშიემიგრანტის დღიურები

ემიგრანტის წერილი: „რა მიმანიშნა ამ სიზმარმა – წადი შენს მონატრებულ საქართველოშიო?“

NOSTAL.GE-ს რედაქციას ქართველმა ემიგრანტმა მადონა კისკეიძე-ქორიძემ წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ჩვენს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

„ჩემს გულახდილ წერილს, რომელიც დილით გაღვიძებისთანავე დავწერე, იმ ჩემს სიზმარს დავუკავშირებ, რა ბედნიერი სიზმარიც მე ვიხილე წუხელ.

14 წელია საქართველო არ მინახავს, არ მინახავს ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, ჩემი საყვარელი კოპწია ქუთაისი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ 14 წლის მანძილზე, რა თქმა უნდა, რაც „ვიზეარი“ გაიხსნა მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ ვნახე ახლოს და მესტუმრნენ ათენში შვილი, რძალი და შვილიშვილი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დედის მუცლად დავტოვე ჩემი ნინი და ის 13 წლის ასაკში პირველად ვნახე ახლოს. ვერ აღვწერ, ეს რა გრძნობა იყო ჩემთვის…

ყველაფერს თანმიმდევრულად მოგითხრობთ, ვიდრე სიზმარს დავუბრუნდები: ვერ ვიტყვი, რომ გაუსაძლის პირობებში მიწევს აქ ყოფნა – არ მშია, არ მწყურია, არ მცივა, არც ტანსაცმლის უქონლობას განვიცდი, მაგრამ განა ეს არის მთავარი ემიგრანტისთვის?! განა ეს გივსებს იმ სიცარიელეს, რაც შენი ოჯახის სიშორით არის გამოწვეული?! განა ეს კმარა იმისთვის, რომ მხოლოდ იმუშაო და ოჯახი არჩინო?!

ყველაზე საშინელი ის არის, რომ ემიგრანტები დავსნეულდით ამდენი ნერვიულობით, ფიქრით, ჯავრით და მონატრებით. ადამიანი ვერ ვნახე ჩემს ირგვლივ, რაიმე არ სტკიოდეს, არ აწუხებდეს, მას კი მისი თავისთვის არასოდეს სცალია, თუ მოიცლის და კატასტროფული თანხების გადახდა უწევს, რომ გამოკვლევა ჩაიტაროს და მის ჯამრთელობაზე იზრუნოს. რომელი ერთი ჩამოთვალო?!

ყველაზე მეტად ის მიკლავს გულს, რომ ამ 14 წლის მანძილზე 13 უახლოესი ადამიანი დავკარგე… წავიდნენ ამ ქვეყნიდან ჩემს გარეშე, ჩემი ცრემლის გარეშე… ცრემლის ზღვა იყო, მხოლოდ შორიდან, აქ და არა იქ, რომ მათ მოვფერებოდი და გარდაცვლილები მაინც ჩამეკრა გულში. ყველაზე მძიმე კი ჩემი ძმის გარდაცვალება იყო, რომელმაც გულის ფიცარი დამიმსხვრია, მაგრამ იმდენად გაქვავდა გული და იმდენად შემაჩვია სიმწარეს ემიგრანტობამ, ამასაც ვაჟკაცურად გავუძელი… ჩემს თავს ვუთხარი, თუ ასე გააგრძელებ და არ შესწყვეტ ცრემლს, ეს მოგიღებს ბოლოს-მეთქი და მე ეს შევძელი… შევძელი უფრო მათთვის, რომ ოდესმე მეღირსება საქართველოში დაბრუნება და იქ მოვინანიებ ამას ყველაფერს, საფლავის მიწას მაინც რომ მოვეფერები…

გული დღემდე მტკივა ყველაზე მთავარზე: ადამიანებს ვეღარ ვცნობ, სულ სხვა ადამიანებად ვიქეცით, მეგონა, ემიგრანტობამ უფრო შეგვკრა და უფრო გაგვაერთიანა-მეთქი, მაგრამ ძალიან ბევრ უსამართლობას წავაწყდი გზადაგზა, რაზედაც დღესაც მტკივა გული… რატომღაც გაცივდა ურთიერთობები, ადამიანები ადვილად იმეტებენ ერთმანეთს რისხვისთვის, არ გააჩნიათ ელემენტარული პატივისცემა, რომ რაღაცის ან ვიღაცის ხათრით ის სათქმელი გულში ჩაიკლან და არ ამოაფრქვიონ. ეს ინტერნეტ სივრცე კი უფრო უადვილებთ ამ ფორმით იცხოვრონ და იუხეშონ… არ ვიცი, ეს რატომ იზიდავს ამ ხალხს, რომ ასე აშკარად და მოურიდებლად გაიმეტონ ერთმანეთი… გარდაცვლილზედაც ისეთ რამეს მიაწერენ კომენტარად, გული გაგისკდება ადამიანს. რა გახდა ამის მიზეზიო, მეტყვით. ის, რომ ნერვები აღარავის შერჩა, მგლებად და ძაღლებად ვიქეცით, ვაი, შენ ჩემო საქართველო და ქართველო, როგორ წაგვივიდა საქმე და ცხოვრება, ამ უაღრესად ერუდირებულ, განათლებულ, ულამაზეს ხალხსა და ქვეყანას! სად უნდა ვიყოთ და სად ვართ! ვის უნდა შევციცინებდეთ თვალებში და ვის შევციცინებთ! ეს ასეთი წარსულისა და აწყმოს მატარებელი ჩვენი ქართველობა…

და მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ამ ხნის მანძილზე ბედნიერი და ისიც წუხელ, სიზმარში, ჩემო მონატრებულო საქართველო!.. ზუსტად ის ბედნიერი ცხოვრება ვიხილე, როგორც ადრე: ვფუსფუსებდი ჩემს ლამაზ, კოპწია ფუძეზე, ველოდებოდი ჩემს მეუღლეს გაწყობილი სუფრით, როდის დაბრუნდებოდა სამსახურიდან, რომ მისთვის თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო დამეხვედრებინა ოჯახში… ვიყავი იქ, სადაც ჩემი მშობლები მის ლამაზ ფუძეზე დავტოვე: მამაჩემი, რეზო კისკეიძე და ჩემი მოფუსფუსე ლამაზი დედა – არა მოხუცები, არამედ შედარებით უფრო ახალგაზრდები. მეგონა ალბათ, რომ ეს ასე იქნებოდა სულ და მე ისინი არასოდეს დამაკლდებოდნენ…

არ ვიცი, ეს რა იყო წუხელ, რა მიმანიშნა ამ სიზმარმა… იქნებ მითხრა, წადი შენს მონატრებულ საქართველოშიო და მე ვერ გავიგონე? და თუკი ეს ემიგრანტობა უფრო გახანგრძლივდა, არ დაესვა წერტილი ამ გაურკვევლობას, ასეთ გახლეჩას, ასეთ გადაკარგვას, ასეთ გაქცევას საქართველოდან ისე, რომ დაბრუნებაზე უკვე საქართველოს მოქალაქის 60%, დარწმუნებული ვარ, აღარც ფიქრობს? ჩათვალეთ, რომ საქართველოს ვკარგავთ, ვასხვისებთ და ლარნაკით ვუბოძებთ უცხოტომელებს, ვინც უკვე კარგა ხანია ფეხი მოირთხა საქართველოს მიწაზე და ხვალ იმასაც კი გეტყვის, შენ ვინ ხარ აქ, რა დაგრჩენია, საქართველო ჩვენიაო. ამას ველოდოთ ქართველებო?!.. მტკივა და მოუშუშებელ იარად ჩამყვება მიწაში ყველა ტკივილი, რაც ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას, მის ახალგაზრდობას, აწუხებს, ყველა სენი, რაც ჩვენს საზოგადოებას მორევია და ვერ მოურჩენია.

მე მტკივა საქართველო!.. სულ ცოტა იმედს მაინც ვიტოვებ, რომ უფალი არ გაგვწირავს და ხელს შეგვიწყობს, გონს მოვეგოთ და გადავარჩინოთ ქართველობა და საქართველო!

პატივისცემით, ემიგრანტი ათენიდან
მადონა კისკეიძე-ქორიძე

23.05.19.“

მსგავს თემაზე: „ამ წლებმა ბევრი სიმწარე, დამცირება, ნოსტალგია და ერთადერთი სიხარული, ოჯახის გადარჩენა მარგუნა წილად…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close