იტალიაში ლეონარდოს შედევრს ელოდებიან – „მადონა ბენუა“ ერმიტაჟს ტოვებს

უმბრიის ეროვნული გალერეა პერუჯაში 4 ივლისს ლეონარდო და ვინჩის შედევრს – „მადონა ბენუას“ ელოდება. რენესანსის გენიოსის ქმნილება სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟიდან ჩავა იტალიაში. ტილოს ნახვა უმბრიის ეროვნულ გალერეაში 4 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი. ეს ღონისძიება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის თარიღის აღნიშვნას ეძღვნება.

„მადონა ბენუა“ (Madonna Benois) ან „მადონა ყვავილით“ იტალიელი გენიოსის ერთ-ერთი საეტაპო ქმნილებაა. 26 წლის ლეონარდო და ვინჩი ტრადიციების წინააღმდეგ მიდის და წმინდა მარიამს ახლებურად გამოსახავს – არა, როგორც ციურ დედოფალს, არამედ, როგორც მიწიერ დედას, რომელიც თავის ყრმას ეთამაშება. მხატვრის ეს ერთ-ერთი ადრეული შედევრი იტალიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოფენილი – 35 წლის წინ.

„მადონა ბენუა“, სავარაუდოდ, 1478-1480 წლებს შორისაა შექმნილი და იმ ინოვაციური მხატვრული გზის მანიფესტს წარმოადგენს, რომლის ინიციატორიც ლეონარდო და ვინჩი იყო.

სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის კოლექციაში „მადონა ბენუა“ 1914 წელს მოხვდა. ის საიმპერატორო ერმიტაჟმა სამეფო კარის არქიტექტორის, ლეონტი ბენუას ცოლისგან – მარიასგან იყიდა, რომელსაც ტილო თავისი პაპისგან (მამის მხრიდან), მილიონერი ვაჭრისა და მეცენატისგან ერგო მემკვიდრეობით. ნახატი მარიამ ერმიტაჟს საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად მიჰყიდა იმ პირობით, რომ ლეონარდოს შედევრი რუსეთში დარჩებოდა.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია,მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სალვინის უნდა „მონა ლიზა“ ლუვრიდან იტალიაში დააბრუნოს

ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი 27 კვ. კმ „ტილოზე“

კომენტარები