მედიცინაჯანმრთელობა

კამა – უნივერსალური სამკურნალო მცენარე, რომელიც მამაკაცურ პოტენციასაც ამაღლებს

კამა სისხლსაც ათხელებს და არტერიულ წნევას ამცირებს

კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მასში შედის დიდი ოდენობით ვიტამინები: A (რეტინოლი), C (ასკორბინის მჟავა), E (ტოკოფეროლი), B ჯგუფის, PP, P. კამა ასევე შეიცავს მჟავებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და სხვა მიკროელემენტების მარილებს. ეს მცენარე იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ამიტომ ხატოვნად „ნაწლავების ჯაგრისსაც“ უწოდებენ ხოლმე. მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა.

კამა მამაკაცური პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ ამ მცენარისგან მამაკაცური პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას. აზიელებთან ერთად (აზია ხომ კამის სამშობლოა) კამას პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და სამხრეთამერიკელებიც. კამას (მის მიწისზედა ნაწილს – ღეროდან დაწყებული, ნაყოფით, თესლით დამთავრებული) იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.

კამის სასარგებლო თვისებებია:

• ბაქტერიოციდული – აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;

• სპაზმოლიტური – ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი – აადვილებს სისხლის მიდინებას, პრაქტიკულად, ყველა ორგანოსთან;

• ჰიპოტენზიური – აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;

• შარდმდენი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;

• ანთების საწინააღმდეგო – აცხრობს ყოველგვარ ანთებას;

• კარდიოტონური – აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი;

• სედაციური – აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას;

• ბრონქოლიზური – რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში;

• ამოსახველებელი – ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოყოფას;

• ნაღველმდენი – აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;

• საფაღარათო – აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;

• რეპარაციული – აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

კამა სტაფილოს წვენთან ერთად სასარგებლოა თვალებისთვის. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას – მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე ოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და გუდვის შეგრძნებას, ეფექტიანია ბრონქული ასთმის დროს.

კამა მეძუძური დედებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. ამ მცენარის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან გაზების გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილების დაგროვების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

ხალხური მედიცინის რეცეპტები:

კამის უნივერსალური ნაყენი

კამის ნაყენს მცენარის თესლისგან ამზადებენ. მას აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისპაზმური, შარდმდენი, გაზების საწინააღმდეგო და სედაციური მოქმედება.

ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ს/კ კამის თესლი; 200 მლ მდუღარე წყალი.

მომზადების წესი: კამის თესლი დააქუცმაცეთ ან დაფქვით, დაასხით მდუღარე წყალი და პირსახოცით შეფუთეთ. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში.

* საშარდე გზების დაავადებების (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეტიტი, თირკმელკენჭოვანი დაავადება) დროს ნაყენს იღებენ 5-6-ჯერ დღეში, 30-50 მლ-ის ოდენობით. როგორც შარდმდენს, მას სვამენ ნახევარ ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ ანთებითი პროცესების ჩასაქრობად; როგორც ამოსახველებელი და დამამშვიდებელი საშუალება; ასევე, მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) დროს.

* თუ უძილობა გაწუხებთ, ერთ სუფრის კოვზ კამის გამხმარ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.

* ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ 1 ჩაის კოვზი კამის მომწიფებული გამომშრალი თესლი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიღებული სითხე თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით.

უკუჩვენებები:

კამის მოხმარება უნდა შეზღუდონ ქალებმა კრიტიკულ დღეებში და ფეხმძიმობისას. საქმე ისაა, რომ კამა სისხლს ათხელებს და შესაძლოა სისხლდენა გაძლიერდეს. იმის გამო, რომ კამა არტერიულ წნევას ამცირებს, მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის ჰიპოტონიკებისთვის (დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობითი ფუნქციის მოშლა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.

კირა კარიაული

მსგავს თემაზე: ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები მუცლის შებერვის წინააღმდეგ

გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს და კიდევ უამრავ რამეს უხდება

ნაწლავების მსუბუქი გაწმენდა და ორგანიზმის გაახალგაზრდავება მარტივი მეთოდით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close