არეცოს პროკურატურა ითხოვს, დაიხუროს მოქალაქის საქმე, რომელმაც ქურდი მოკლა

იტალიის ქალაქ არეცოს პროკურატურა ითხოვს, დაიხუროს ფრედი პაჩინის სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც 2018 წლის 28 ნოემბერს თავისი მაღაზიის საწყობში შეპარული ქურდი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. ამის თაობაზე CORRIERE DELLA SERA წერს.

„პაჩინის საქმემ“ იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც და, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა მიიღო კანონი შეიარაღებული თავდაცვის ლეგიტიმაციის შესახებ („ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის ინიციატივით), რომლის თანახმადაც საკუთარი სახლის, მაღაზიის თუ კუთვნილი სხვა დაწესებულების ფარგლებში ქურდებისა და მძარცველებისგან თავდასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით არ ისჯება ანუ იტალიის პარლამენტმა მოქალაქეებს უფლება მისცა, ესროლონ და მოკლან მათ კუთვნილ ტერიტორიაზე შეჭრილი დამნაშავეები.

მიღებულ კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს და მის ძალაში შესვლამდე მომხდარ ფაქტზე ვერ გამოიყენებენ. პროკურატურა პაჩინის გათავისუფლებას ითხოვს არა შეიარაღებული თავდაცვის ლეგიტიმაციის შესახებ მიღებული კანონის, არამედ გამოძიებით დადგენილი ფაქტების საფუძველზე: პროკურორის მოადგილის თქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ პაჩინიმ იარაღი თავდაცვის ყველა წესის გათვალისწინებით გამოიყენა; იგი უკიდურეს განსაცდელში იმყოფებოდა, მის სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა.

პაჩინი საბურავებით და ველოსიპედებით ვაჭრობდა და პატარა მაღაზია ჰქონდა მონტე სან სავინოში (არეცო). მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე გაქურდეს, მაღაზიის მეპატრონემ გადაწყვიტა, საწყობში დაეძინა. თან ჰქონდა იარაღი. ღამით 2-მა მძარცველმა წერაქვით გატეხა მაღაზიის მინის კარი, შეაღწია შენობაში და ფრედი პაჩინისკენ გაემართა. მაღაზიის მეპატრონემ თავი უკიდურეს საფრთხეში იგრძნო და 5-ჯერ გაისროლა. ერთი ტყვია მძარცველს მოხვდა და ბარძაყის არტერია გაუგლიჯა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. იგი აღმოჩნდა 29 წლის მოლდოველი ახალგაზრდა Mircea Vitalie.

ამ ფაქტიდან 5 თვის შემდეგ „პაჩინის საქმეს“, სავარაუდოდ, დახურავენ. ოთხშაბათს, 15 მაისს არეცოს პროკურორის მოადგილემ ანდრეა კლაუდიანიმ, მას შემდეგ, რაც მაღაზიის მეპატრონე დაკითხა, საქმის შეწყვეტა მოითხოვა. თავად პაჩინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა თავისი ადვოკატის პირით საზოგადოებას უთხრა: „არავის ვურჩევ სახლში იარაღის ქონას. იმის შემდეგ, რაც დამემართა, აღარ ვცოცხლობ“.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ.

მსგავს თემაზე: შეიარაღებული თავდაცვის უფლება დაკანონდა – იტალიის სენატმა კანონპროექტი დაამტკიცა

კომენტარები