როგორ ანადგურებს ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს
ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს, რომ ზეითუნის ზეთს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამასთან, ჯანსაღ უჯრედებს არ აზიანებს. ამ კეთილ საქმეს აკეთებს ოლეოკანთალი – ნივთიერება, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს.
გამოკვლევის ავტორების, ნიუ-იორკის ჰანტერის კოლეჯის თანამშრომლების – დევიდ ფოსტერისა და ონიკა ლეჯენდრის, ასევე, რატგერსის სკოლის დიეტოლოგიის პროფესორის, პოლ ბრესლინის განმარტებით, ლაბორატორიული ცდების პირობებში ოლეოკანთალს იერიში მიაქვს კიბოს უჯრედებში შემავალ ბუშტუკებზე, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Molecular and Cullular Oncology”. ოლეოკანთალი რომ კიბოს უჯრედებს კლავს, ეს ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ გაუგებარი იყო ამ პროცესის მექანიზმი.
ბრესლინს მიაჩნდა, რომ ოლეოკანთალს იერიში მიჰქონდა კიბოს უჯრედებში შემავალ მნიშვნელოვან პროტეინზე, რაც უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილს ანუ აპოპტოზს იწვევდა. ის ფოსტერთან და ლეჯენდრთან ერთად სწორედ ამ ჰიპოთეზის შემოწმებას ცდილობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოლეოკანთალის გამოყენების შედეგად კიბოს უჯრედები ძალზე სწრაფად, დაახლოებით 30-60 წუთში კვდებოდა, მაშინ როცა დაპროგრამებული კვდომა 16-24 საათს გრძელდება. მეცნიერები მიხვდნენ, რომ რაღაც სხვაში უნდა ყოფილიყო საქმე.
შემდგომი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კიბოს უჯრედების კვდომას მათი საკუთარი ფერმენტები იწვევს. ოლეოკანთალი ხვრეტს კიბოს უჯრედების ბუშტუკებს, ლიზოსომებს, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს. ლიზოსომების გახსნა პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს, თუმცა როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, ჯანსაღი უჯრედების შემთხვევაში მსგავსი პროცესი არ შეიმჩნევა – ოლეოკანთალი მათ არ ვნებს. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ დროებით აჩერებს ჯანსაღი უჯრედების სასიცოცხლო ციკლს, ისინი იძინებენ, ერთი დღის შემდეგ კი მათი ციკლი კვლავ გრძელდება. ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს კვლევის გაგრძელება ლაბორატორიის გარეთ, ცოცხალ არსებებზე. როგორც ფოსტერი ამბობს, ამის გარდა დასადგენია, რატომ არის კიბოს უჯრედები ჯანსაღ უჯრედებზე უფრო მგრძნობიარე.
ზეითუნის ზეთის დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე აქამდეც ცნობილი იყო. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები ჟანგვის საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს და კარგი საშუალებაა ანთებითი პროცესების, გულის დაავადებებისა და კიბოს წინააღმდეგ. მეცნიერთა კვლევას ამყარებს ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონების მოსახლეობაზე დაკვირვება. დიდი ხანია ითვლება, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულო დადებით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება კიბოს სტატისტიკას, აქ კიბოთი დაავადების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში.
ბიძინა რამიშვილი
იმავე თემაზე: ზეითუნის ზეთი აშშ-ში ოფიციალურად აღიარეს სამკურნალო საკვებ პროდუქტად
კომენტარები