საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან, რაც ნორმალური მდგომარეობა არ არის – ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.
თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტოფ კასტანერმა თქვა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც არ არის ომი და არსებული პოლიტიკური ვითარება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ თავშესაფარს ამდენი ადამიანი ითხოვდეს.
კასტანერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მიიჩნევენ საიმედო ქვეყნად, რომელიც დინამიკურად ვითარდება და ამიტომ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა.
საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, ქართველებმა უნდა იმოგზაურონ თავისუფლად, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ მათ, ვინც ოცნებობენ ელდორადოზე, უნდა იცოდნენ, რომ საფრანგეთში საოცნებო პირობები არ დახვდებათ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ დგას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, მაგრამ აუცილებელია ინტენსიური მუშაობა, რათა ეს საფრთხე თავიდან იყოს აცილებული; საფრანგეთი და საქართველო ერთად აგრძელებენ მუშაობას პრობლემის მოსაგვარებალად და ორივე მხარეს აქვს სურვილი, რომ ებრძოლონ არალეგალურ მიგრაციას, რომელიც დიდი თავისტკივილია საფრანგეთის მთავრობისა და მოქალაქეებისთვის.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი მუშაობის კიდევ ორ ძირითად მიმართულებად დაასახელა ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა.
კრისტოფ კასტანერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა.
წყარო: radiotavisupleba.ge
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
იმავე თემაზე: რას ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით?
სწავლა საფრანგეთში: ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში მაგისტრატურაზე სწავლის მსურველთათვის
კომენტარები