ჯანმრთელობარჩევები

დაადგინეთ მარტივად, აკლია თუ არა თქვენს ორგანიზმს A ვიტამინი და მიიღეთ შესაბამისი ზომები

ვიზუალურად იმის გარკვევა, კონკრეტულად რომელი ვიტამინი აკლია ადამიანის ორგანიზმს, ძნელია, თუმცა არის ერთი – A ვიტამინი, რომლის ნაკლებობა ადვილი ამოსაცნობია.

ამისთვის პატარა ცდა ჩაატარეთ: სინათლიდან ბნელ ოთახში შედით და დაუკვირდით, რა დრო გჭირდებათ ადაპტაციისთვის; თუ სინათლიდან სიბნელეში შესვლისას საგნების გასარჩევად 6 წამზე ნაკლები გჭირდებათ, ე. ი. A ვიტამინის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდით, თუ 6 წამზე მეტი, მაგალითად, 7-9 წამი, მაშინ A ვიტამინის შევსება არ გაწყენდათ; თუ ეს დრო 10-20 წამამდე გრძელდება, დროა ექიმს მიმართოთ.

სიმპტომები

А ვიტამინის დეფიციტის პირველ სიმპტომად, როგორც წესი, ე. წ. ქათმის სიბრმავე მიიჩნევა. შემდეგ თვალის სკლერაზე (თეთრი გარსი) ჩნდება ქაფისებრი ლაქა (ბიტოს ლაქები), რქოვანა სქელდება და შემაერთებელი ქსოვილი წარმოიქმნება. ასეთ მდგომარეობას ქსეროფთალმია ეწოდება. მან შეიძლება შეუქცევადი სიბრმავეც კი გამოიწვიოს. А ვიტამინის დეფიციტს შესაძლოა კანის ანთება (დერმატიტი) მოჰყვეს; კანი უხეშდება, ვითარდება თვალის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაზიანებაც, სრული სიბრმავის ჩათვლითაც კი; ზიანდება ლორწოვანი გარსები, ქვეითდება სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია, კბილები თითქოს ცარცით არის დაფარული, ითრგუნება ანტისხეულების სინთეზი და ფაგოციტოზი, ქვეითდება იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო დაუცველი ხდება ინფექციების მიმართ. A ვიტამინის დეფიციტის დროს ფერხდება ზრდა, ასევე, მატულობს სიმსივნური უჯრედების გაჩენის რისკი.

დიაგნოსტირება

А ვიტამინის ნაკლებობის დიაგნოსტირება ლაბორატორიულად ხდება სისხლის ანალიზით. მისი დეფიციტის დროს სისხლში А ვიტამინის დონე მცირდება 15 მკგ-მდე 100 მლ-ში (ნორმაა 20-იდან 50 მკგ/მლ-მდე).

მიზეზები

А ვიტამინის დეფიციტის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, ძირითადი რაციონის სახით მუდმივად ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომლებშიც А ვიტამინი ცოტაა; ასევე, დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა ნაწლავების მიერ ცხიმების შეწოვის პროცესი, შესაბამისად, ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვაც ფერხდება. ამგვარი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნაღვლის ბუშტის ან ნაწლავის ოპერაციებს.

მკურნალობა

А ვიტამინის დეფიციტს (რთულ შემთხვევაში) შემდეგნაირად მკურნალობენ: პაციენტი 3 დღის განმავლობაში იღებს ვიტამინების პრეპარატების დღიური რეკომენდებული დოზის 20-მაგ ოდენობას (ცხადია, ამას ექიმი განსაზღვრავს), შემდეგ ერთი თვის განმავლობაში – რეკომენდებული დღიური დოზის 3-მაგ ოდენობას. თუ 2 თვის განმავლობაში სიმპტომები არ გაქრა, მაშინ ექიმმა უნდა იფიქროს, რომ არსებობს ნაწლავების მიერ სა კვები ნივთიერებების შეწოვა-შეთვისების პრობლემები.

A ვიტამინის მცირედი დანაკლისის შესავსებად და პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა სწორი კვება. A ვიტამინის აქტიური ფორმებია: რეტინოლი, რეტინალი და რეტინოლის მჟავა. A ვიტამინს (რეტინოლს) შეიცავს: თევზის ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი (კარაქი და არაჟანი). მწვანე და ყვითელი/წითელი ფერის ბოსტნეულში შედის კაროტინოიდები – მაგ., ბეტა-კაროტინი, ამ უკანასკნელს კი ორგანიზმი ნელ-ნელა გარდაქმნის A ვიტამინად. ბეტა-კაროტინს შეიცავს სტაფილო, წიწაკა, პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები, ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი და სხვ.

A ვიტამინის დიდი ნაწილი ორგანიზმში ღვიძლში ინახება. მისი ერთ-ერთი აქტიური ფორმა – რეტინალი შედის თვალის ბადურას მხედველობით რეცეპტორებში (ნერვულ უჯრედებში, რომლებიც სინათლისადმი მგრძნობიარეა). A ვიტამინის მეორე ფორმა (რეტინოლის მჟავა) აუცილებელია კანისა და ფილტვების, ნაწლავების, საშარდე გზების ლორწოვანი გარსის ნორმალური მდგომარეობისათვის. პრეპარატებს, რომლებიც A ვიტამინს (რეტინოლს) შეიცავს, ფერისმჭამელების გართულებული ფორმის მკურნალობისას იყენებენ. ამჟამად მიმდინარეობს ამ პრეპარატების მეშვეობით ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის შესაძლებლობის კვლევა.

კირა კარიაული

მსგავს თემაზე: ორგანიზმის სიგნალები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ძახველი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ბროკოლის ჯანსაღი და გემრიელი კრემსუპი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close