კვლევა: ბერძნები უფრო „თბილად“ ეპყრობიან მიგრანტებს, ვიდრე სხვა ევროპელები

ევროკავშირით, მთავრობით, ეკონომიკით და იმიგრაციით  უკმაყოფილების მიუხედავად ბერძენთა უმეტესობა დევნილების მიმართ უფრო თანაგრძნობას გამოხატავს, ვიდრე ადანაშაულებს მათ მათი მდგომარეობის გამო, – ნათქვამია საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის, MORE IN COMMON-ის მოხსენებაში, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ჩაატარა კვლევა ამ საკითხზე. ამის თაობაზე გამოცემა E-TODAY.GR წერს.

საბერძნეთში 2000 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები „ძალზე თანაგრძნობით ეკიდებიან მიგრანტებს“ და მიაჩნიათ, რომ ისინი შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან.

„გამოკითხულთა 77%-ს მიაჩნია, რომ მიგრანტები მზად არიან უფრო მეტი იმუშაონ ნაკლები ანაზღაურებით, ბერძნებთან შედარებით და ნახევარზე მეტი (56%) ფიქრობს, რომ მიგრანტები ბერძნულ საზოგადოებაში ინტეგრაციას ცდილობენ“, – ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის მომხსენებლის თქმით, „მიგრანტების მიმართ ბერძენთა გრძნობები უფრო თბილია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში“.

რაც შეეხება საბერძნეთის შიდა სიტუაციას, გამოკითხულთა 79%-მა უპასუხა, რომ „ტრადიციული პარტიები და პოლიტიკოსები არ ზრუნავენ ისეთ ადამიანებზე, როგორებიც ისინი არიან“.

რა თქმა უნდა, საბერძნეთში მცხოვრებ უცხოელ მიგრანტთა დიდი ნაწილი მართლაც შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი ადამიანია და ცდილობს ამ ქვეყნის საზოგადოებაში ინტეგრაციას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საბერძნეთი სავსეა აზიიდან და აფრიკიდან წამოსული მიგრანტებით, რომლებიც დიდად არ იკლავენ თავს სამუშაოს ძებნით და სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე ცხოვრობენ, კიდევ უარესი, ქვეყანაში კრიმინოგენულ სიტუაციას აუარესებენ.

ამ ცოტა ხნის წინ მიგრაციის საქმეთა მინისტრმა დიმიტრის ვიცასმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა საბერძნეთში 90 ათასს გადააჭარბებს (2018 წლის ბოლოსთვის 75 ათასამდე იყო).

მისი თქმით, საბერძნეთს წელიწადში თავშესაფრის მოთხოვნაზე მხოლოდ 20 ათასი განაცხადის დამუშავების შესაძლებლობა აქვს, მარტო 2018 წელს კი ქვეყანაში 67 ათასი არალეგალი შევიდა. „ჩვენ მესამე ადგილზე ვართ ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მხრივ და პირველ ადგილზე – არალეგალთა რაოდენობის მხრივ ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით “, – განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრის ვიცასის თქმით, ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულებზე დევნილებისა და მიგრანტების რაოდენობა კვლავ იზრდება: მარტო თებერვალში საბერძნეთის კუნძულებზე 1485 ადამიანი ჩავიდა, 346-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ნინო ბაჯელიძე

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ციპრასი საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას მიგრანტების მეშვეობით აპირებს

რომის პაპი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ნობელის პრემიას იმსახურებს

საბერძნეთი: არალეგალური მიგრანტები სარდაფში ჰყავდათ დატყვევებულები და ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდნენ

კომენტარები