ქართველები უცხოეთშიხელოვნებაემიგრანტის დღიურებიიტალიამიგრაციასაზოგადოება

ვენეცია და ქართველი ხელოვანები – ემიგრანტის დღიური

დილის 5 საათი იქნებოდა, როცა ავდექი. სანამ გამოვფხიზლდი და თავი მოვიწესრიგე, ექვსი საათიც შესრულდა. სწრაფმავალი მატარებელი, რომელსაც უნდა გავყოლოდი, მილანის „ჩენტრალედან“ 7:15 საათზე გადიოდა. ტელეფონს დავხედე და მწარედ ჩამეცინა – არ იყო დატენილი. გული დავიმშვიდე, მატარებელში დავტენი-მეთქი და ჩემს ოთხ ნახატთან ერთად გავწიე სადგურისკენ.

ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან პირველად ვმონაწილეობ გამოფენაში ქართველ მხატვრებთან ერთად მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი.

მატარებელი დაიძრა და უცებ, რამდენიმე წუთში, ელვის სისწრაფით მივქროდით ვენეციისკენ. გვერდით მომიჯდა რუმინელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაშინვე გამომელაპარაკა: თურმე იტალიაში დიდი ხანია ცხოვრობს, ჰყავს ქმარ-შვილი, ძალიან მოსწონს იტალია და არ აპირებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას; ისწავლა, დაამთავრა მზარეულის კურსები, პირველად გაუჭირდა, მაგრამ ახლა მშვენივრად გრძნობს თავს  და რესტორანში მუშაობს. ბევრი ვისაუბრეთ, მერე ოჯახში დამპატიჟა და ბოლონიაში ჩავიდა.

ისევ დავხედე ტელეფონს, არ იტენება, რა ვქნა? „ფოტოებს ალბათ ვერ გადავიღებ“, – გავიფიქრე. მერე ისევ დავიმშვიდე გული, რომ ვიღაც აუცილებლად გადამიღებდა და გამომიგზავნიდა მესენჯერით.

ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედი ვენეციაში. სადგური „სანტა ლუჩია“ (San. Lucia). ყოველთვის მაოცებდა ეს ქალაქი თავისი სილამაზითა და სისუფთავით. ვიწრო ქვაფენილები და მრავალი პატარა ხიდი, შორიახლოს მუდამ ისმის ზღვის ტალღების ხმა, რომელსაც ნავებისა და კატერების მოტორების ხმაური ჩაახშობს ხოლმე.

უამრავი ტურისტი. მაღაზიები ჯერ კიდევ დაკეტილია, გარეთ ფენენ სუვენირებს. ქალაქი იწყებს სტუმრების დახვედრას. სამაგიეროდ ბარებია სავსე. ჰაერში  ახლად გამომცხვარი კორნეტოების სურნელი ტრიალებს.

დავურეკე მანანა გრატიაშვილს, გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, და ვკითხე, რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი. მითხრა და გავწიე Palazzo Zenobie-სკენ.

ვენეციაში გზის გაკვლევა ცოტა რთულია. ტელეფონის მაპიც არ გშველის, რადგან ხიდები ხშირად 4-5 ნაწილად იყოფა და ისარი ცდება – სწორ მიმართულებას არ გიჩვენებს. ალბათ ეს გაითვალისწინა ვენეციის მთავრობამ და სადაც სუვენირები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საინტერესო წვრილმანი იყიდება, იმ ჯიხურების მეპატრონეებს დაუყენეს კომპიუტერები ვენეციის მეგზურით. როდესაც შეეკითხები გამყიდველს შენობის ან ადგილის მდებარეობას, დასახელებას, მიგასწავლის მიმართულებას, რადგან აქ მოედნებისა და გზაჯვარედინების ადგილას ხიდებია, შეიძლება ერთი ხიდი 8-9 ქუჩის მიმართულებით იყოფოდეს და მაშინ ნამდვილად ჭირს გზის გაკვალვა, მით უმეტეს, თუ ქალაქს კარგად არ იცნობ.

ვენეციაში მეოთხედ ვარ, მაგრამ ყოველი ჩამოსვლის შემდეგ მაინც ახალი აღმოჩენებით ვბრუნდები ხოლმე შინ. ახლაც უცებ ჩემი ყურადღება ნაგვის ურნებმა მიიქცია. გამეღიმა. ფართო ფორმის ურნებზე გაკრული იყო სარეკლამო პლაკატები, აფიშები, განცხადებები, რამაც საქართველო გამახსენა. კარგი იქნებოდა ქალაქებში, ტურისტულ ზონებში დაედგათ, რადგან სხვადასხვა აფიშასა და საარჩევნო პლაკატებს არაკეთილმოსურნე ჩამოხევს და იქვე ნაგავში ჩაუძახებს. მით უმეტეს, რომ არჩევნების  შემდეგ შენობების ფასადები საცოდავად გამოიყურება, მათი გაწმენდა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისე, ჩვენ ხომ ყველაფერს ნაგავს ვატანთ, კარგსაც და ცუდსაც…

მართალი გითხრათ, ასეთი ნაგვის ურნები იტალიის არცერთ ქალაქში არ მინახავს. ალბათ იმიტომ, რომ ვენეციის ვიწრო ქუჩების დასუფთავება ძალიან ძნელია, დასუფთავების მანქანები ვერ უდგება, ნავებიდან კი… ქალაქის ძირითად ნაწილს დილაადრიან მენაგვეები ასუფთავებენ.

ამ შემთხვევამ ქალბატონი ანტონია მოჩა გამახსენა, ვისთანაც ვმუშაობ. იგი ადრე  ქალაქის მერი და ტელეკომის რეგიონის უფროსი იყო. ერთხელ რომზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან დანაგვიანებული ქალაქია. მეც, როცა ჩემს ძმასთან ერთად ერთი კვირის მანძილზე რომში ვიყავი, ვხედავდი, ტურისტები როგორ დაუნდობლად ექცეოდნენ ქალაქის ისტორიულ ადგილს, ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარებოდათ, რომ ნაგავი ურნაში ჩაეყარათ და სადაც მოუხდებოდათ, იქ ყრიდნენ. ჩემდა გასაოცრად, ისეთი „სუფთა“ ერების წარმომადგენლებიც კი, როგორებიც არიან შვეიცარიელები და გერმანელები, დაუდევრად ასფალტზე ყრიდნენ ნაგავს. დიახ, ასეა, როდესაც იცი, რომ ის შენი ქვეყანა, ან შენი სახლი არ არის, არ უფრთხილდები, და კიდევ იცი, რომ არ დაისჯები. ასე რომ, ეს კაცობრიობის სენია, დაიცვა შენი და დაანგრიო სხვისი. მხოლოდ იაპონელებზე არ შემიძლია რამის თქმა, რადგან ისინი არ შემხვედრია, როგორც ტურისტები. უბრალოდ, ერთს მივხვდი: ეს არის შინაგანი კულტურა, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია.

ფიქრებში ვარ და მოულოდნელად გვერდით ჩამიქროლა ახალგაზრდა ქალმა, ხელში ორი ყავის ჭიქით და წყლით სავსე ბოთლით. მაშინვე გულში ვთქვი, ეს ქართველია-მეთქი და უკან გავყევი. ვხედავ, „პალაცო ზენობიეში“ შევიდა. კართან გამოკრულმა აფიშამ მაუწყა, რომ აქ „30 მარტიდან 30 აპრილამდე იქნება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა…“

შენობაში ქართული მონასტრების სურათები ეკიდა ძველ კედლებზე, შორიდან ლამაზი ბაღი მოჩანდა, სადაც რამდენიმე მაგიდა იდგა, სკამებით. ახალგაზრდა ქალბატონი ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. მივედი და ქართულად მივესალმე. იგი სწორედ მანანა აღმოჩნდა, ვისაც ტელეფონით ვესაუბრებოდი.

შემიყვანა გალერეაში, სადაც მხატვრებს უკვე ჩამოეკიდათ ნახატები, მოეწყოთ თავიანთი კედელი. მანანამ მითხრა, სადაც უნდა გამეთავსებინა ჩემი შემოქმედება. იატაკზე მიმოფანტული იყო ჩაქუჩი, ლურსმნები, ქაღალდები, იქვე იდგა კიბეც… მოკლედ, ირგვლივ სამუშაო ატმოსფერო სუფევდა.

მივადგი კედელს კიბე და დავიწყე ლურსმნების ჩარჭობა კედელზე, მაგრამ… ჩემს ჩარჩოებს თოკები არ აქვს, რა ვქნა? მივიხედ-მოვიხედე და – მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. სწორედ ამ დროს ოთახში შემოვიდა ქართველი ქალბატონი ორი ახალგაზრდა ბიჭითურთ, მოგვესალმა… უფრო სწორად, მომესალმა, რადგან იქ მარტო მე ვიყავი, მანანა თავის მოსაწესრიგებლად წავიდა. „ქეთი“, – გამეცნო იგი. უცებ მიხვდა ჩემს წუხილს. როცა ვთქვი, თოკი მჭირდება, რომ ნახატი ჩამოვკიდო-მეთქი, მომაწოდა ძველი ტილო, რომელშიც ნახატები ჰქონდა გახვეული, ჩამოვახიე გვერდი და თოკის მაგივრობა გავაწევინე. ნახატები უცებ ჩამოვკიდე, რადგან კიბეზე იმდენჯერ ავედი და ჩამოვედი, რომ… ლურსმნის მიჭედებაც „დავამუღამე“…

მერე გადავწყვიტე, ქალაქში გავსულიყავი, იქნებ ყავა მაინც დამელია, ჩემს ტელეფონს დავხედე, თითქმის ჯდებოდა… დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, გამოფენის გახსნა 4 საათზე იყო დაგეგმილი, თანაც შენობაში ციოდა. გამოვდივარ გალერეიდან და უცებ კარებში სანდომიანი სახის ქალბატონს შევეფეთე, მივესალმეთ ერთმანეთს, გამომელაპარაკა და აღმოჩნდა ქეთი მიშველიძე, რომელიც რომში ცხოვრობს. მკითხა, თუ იყვნენ მოსულები მხატვრები. ჯერ არა-მეთქი, ვუპასუხე – თითქმის ყველამ გუშინ მოაწესრიგა და სათანადო ადგილას განათავსა თავისი ნამუშევარი, დარჩენილია მხოლოდ ქანდაკებებისთვის განკუთვნილი ადგილები…

ქეთი ყავაზე დავპატიჟე, სიამოვნებით დამთანხმდა.

ქეთი მიშველიძეს ჰყავს ვაჟი, რომელიც იტალიაში ჩამოიყვანა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ პეზაროს კონსერვატორიაში სადირიჟოროზე ჩააბარა. ოთხი წელი ისწავლა, გაიარა ასევე ენის კურსები და ელექტრომექანიკოსობასაც დაეუფლა. ძნელია, როცა უცხო მხარეში გიწევს ბრძოლა ცხოვრებისთვის, ამიტომ გადაწყვიტა მისმა შვილმა, დროებით თავი დაენებებინა სწავლისთვის, ჯერ ემუშავა და დარჩენილი ოთხი წელი შემდეგ დაესრულებინა (იტალიაში კონსერვატორიაში სწავლა 8-წლიანია). ქეთი დავამშვიდე: „არ იდარდო, შემომხედე, როცა სწავლა გინდა, ამას ყოველთვის მოახერხებ, შენი შვილიც დაამთავრებს კონსერვატორიას…“ მას მაინც გული სტკიოდა, მაგრამ… ეკონომიკური პრობლემები წინა პლანზე დგება…

ქეთი მიშველიძესთან ერთად

ამერიკაში ჩინელების სამი თაობა გახდა საჭირო, რომ სწავლა დაეწყოთ უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ ალბათ ორი თაობა მაინც დაგვჭირდება, სასწავლებლად ჩამოსულებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა ნიჭი არასოდეს იკარგება, ის ოდესღაც იფეთქებს და ალბათ ისიც გახდება მუსიკოსი. მთავარია მოინდომო. დედაა და მესმოდა მისი… მესმოდა მისი შვილისაც, რომელსაც სურს თავისი სახლი ჰქონდეს, უნდა, შექმნას ოჯახი და… ჩვენს საუბარში გავიდა ორი საათი და გავწიეთ გალერეისკენ.

ქეთის ძალიან უყვარს სურათების გადაღება, ჰოდა, გზაში მეც ვპოზიორობდი. ერთი სიტყვით, კარგად ვიხალისე…

გალერეაში შესულებს იქ უამრავი ქართველი დაგვხვდა. უცებ ჩემი მზერა ერთ შავგვრემან გოგონაზე შეჩერდა, რომელიც დაახლოებით 25-27 წლის იქნებოდა. მას თან ახლდა ახალგაზრდა იტალიელი მამაკაცი… უცებ გონებაში ამომიტივტივდა ამ გოგოს სახე. მილანში, ერთ პატარა ქუჩაზე დავინახე, საღამო ხანი იყო, მაშინაც ვიცოდი, რომ ქართველი იყო.

დიახ, მართალი აღმოვჩნდი – მილანიდან იყო. სწავლა დაასრულა არქიტექტურა-დიზაინის კუთხით. მის თვალებში მაინც იკითხებოდა სევდა, რომელიც მაშინ ვერ ამოვხსენი.

დავათვალიერე ყველას ნამუშევარი. წარმოდგენილი იყო როგორც თიხის ფიგურები, ისე მინანქარი; ქსოვილებით შეკერილი გადასაფარებლები, ეგრეთწოდებული ფარდაგები. ყველას ვეცნობოდი. ხელოვანების უმრავლესობა საქართველოდან იყო ჩამოსული. ჩემს მეგობარს, ჟურნალისტ ნატო პერანიძესაც შევხვდი, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. ვნახე ჩემი „ფეესბე“ მეგობარი კახა ჩხატარაიშვილი. მისმა დანახვამ ძალიან გამახარა – გამახსენა ჩემი მეგობრები: მაყვალა ლიპარტელიანი და თამუნა ლამპარაძე, გიორგი მელუა, რომლებიც საქართველოში ხელოვნებაში მოღვაწეობენ… მათთან წლები და გამომცემლობა „სამშობლო“ მაკავშირებს.

კახა ჩხატარაიშვილთან ერთად

გავიცანი ია გოდერძიშვილი, რომელმაც გამოფენაზე ქართულ მოტივებზე შექმნილი თიხის ნამუშევრები წარმოადგინა. იას ბევრი ნამუშევრიდან მხოლოდ 15 იყო გადარჩენილი, დანარჩენი, სამწუხაროდ, აეროპორტში ბარგში ჩაემტვრა… როგორც იამ მითხრა, ყველაფერს ხელით აკეთებს, ყალიბების გარეშე, შემდეგ წვავს, ფერებს არჩევს და ამიხსნა ტექნოლოგიაც. მის ნამუშევრებს თურმე მაღაზიები 15 ლარად იბარებდნენ, ისიც „პოსლეზე“ და იმასაც ალბათ გაყიდვიდან რამდენიმე თვეში უხდიან.

ავედით მეორე სართულზე, სადაც ულამაზეს დარბაზში ქართველმა ოპერის მომღერალმა არიები შეასრულა, ბალერინამ კი – ეპიზოდი „გედების ტბიდან“.

საღამოხანს ნელ-ნელა დავიშალეთ, იტალიაში ვინც ვცხოვრობდით, ყველა „ჩვენ-ჩვენს“ ქალაქებში დავბრუნდით.

საქართველოდან ჩამოსული ხელოვანები ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად იყვნენ წამოსულები და მე მათ ვოიაჟში ზედმეტი ვიყავი. საერთო თემაც კი არ გვქონდა, სხვადასხვა მერიდიანზე მოძრაობდა ჩვენი გონება. ამ დროს მარიკამ და მისმა მეუღლემ ანტონიო ჩოგოვაძემ დამირეკეს, მილანში ხომ არ ბრუნდები, ჩვენც 22-საათიანს მივყვებით და წამოდი ჩვენთან ერთადო. მათ შევუერთდი.

ვენეციაში ჩატარებულმა ქართველ ხელოვანთა გამოფენამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი… საზოგადოება რაღაც სხვას, განსაკუთრებულს ელოდება და ეს „სხვა“ ჩემთვის ვიტრაჟია. მთავარია მას მისცე გამოყენებითი ხელოვნების ხაზი.

ამ გამოფენას მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები.

მეორე დღეს ჩემს მეგობართან, ხათუნა დარჩიაშვილთან სახლში ავედი. ამოვიდა ელენეც და უცებ: სად არის სურათები? რატომ არ დადე ფბ-ზე? რატომ არაფერი დაწერე? – კითხვები დამაყარეს. ვერ გავამხილე, რომ ტელეფონი დამჯდარი მქონდა, კიდევ კარგი, იქ იყო ქეთი, რომელსაც სურათების გადაღება უყვარს და სწორედ მისი წყალობით მაქვს ორიოდე ფოტო ვენეციიდან.

ხათუნა კიბაბიძესთან ერთად

თემა უცებ შევცვალე: „იცით, გოგოებო, ვენეციაში ჩამოსულ ქართველებს სხვა სახეები ჰქონდათ, უფრო მშვიდი, ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდათ, ხოლო ჩვენ, ემიგრანტებს, მით უმეტეს, როცა ვიღიმებოდით – რაღაცნაირი, უფრო სევდიანი, დაღლილი. შემდეგ მოვუყევი გოგონას ამბავი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, ბადანტედ არ მუშაობდა სახლში ჩაკეტილ ბებიასთან, ჰყავდა შეყვარებული, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

ნინო, რომელიც ყავას ადუღებდა, მომიტრიალდა და მიპასუხა: „ლალი, ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, მათ შეიძლება შიოდეთ და ჩვენსავით არ ეცვათ, მაგრამ ისინი სახლში არიან – აი, განსხვავება“.

ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ გოგოებმა და უკვე გვიან საღამოს, სახლში დაბრუნებისას სულ ვფიქრობდი, ნეტავ მეც სევდიანი თვალები მქონდა თუ არა… ერთი სული მქონდა, ქეთის სურათები მოეწოდებინა. უცებ ვთქვი: ამ თვალებში ემიგრანტის სევდაა ჩაბუდებული. და ჩვენ, ყველას ეს დაღი გვასვია.

აი, რა ვერ წავიკითხე იმ გოგონას თვალებში – დიახ, სევდა სამშობლოსი.

რამდენიმე დღეში ქეთიმ სურათები გადმომიგზავნა, ასევე, ბადრი ვადაჭკორიამ და კახა ჩხატარაიშვილმა. თუ არ „ვპოზიორობ“ და შემთხვევით არის გადაღებული, მეც სევდიანი თვალები მაქვს… დიახ, ეს მისი – ემიგრანტის სევდაა, სენი, რომელსაც მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება განკურნავს.

ლალი დავითულიანი

მილანი-ვენეცია-მილანი

 

მსგავს თემაზე: ერთი თეთრი ღამე მილანში მუზეუმთან ერთად

„ემიგრანტობა მძიმე ჯვარია, რომლის ზიდვა ყველას არ შეუძლია“

ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლა პირველი მაისიდან ფასიანი ხდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close