კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: არალეგალური მიგრანტები სარდაფში ჰყავდათ დატყვევებულები და ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდნენ

ერთ-ერთი საწყობის შენობის ნახევრად სარდაფში, თესალონიკის იონიის რაიონში, ბანდიტებს საშინელ პირობებში ჰყავდათ ჩაკეტილი 16 არალეგალური იმიგრანტი და მძევლების ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდნენ.

დატყვევებული იმიგრანტები 3 აპრილს Ο.Π.Κ.Ε.-ს (Oμάδα Πρόληψης και Καταστολής Εγκλήματος – საბერძნეთის პოლიციის დანაშაულის თავიდან აცილების და აღკვეთის ჯგუფი) მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაათავისუფლეს. ისინი თესალონიკის მიგრაციის დეპარტამენტის უცხოელთა საქმეების სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მათი ვინაობის დადგენა დაიწყო.

გათავისუფლებული მძევლების დაკითხვის შედეგად დადგინდა დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურების ვინაობა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა 3 მამაკაცი დააკავეს – მოლდოვის, ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეები (23, 30 და 33 წლის). მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საქმის მასალებში აღწერილია ბანდის მოქმედება, რომელმაც უკანონოდ გადაიყვანა მიგრანტები მატერიკზე სოლიდური თანხის სანაცვლოდ, შემდეგ კი ისინი  საწყობში „დამალა“, სადაც არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა. ამას გარდა, ბანდიტები მძევლების ოჯახებს დაუკავშირდნენ და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს სთხოვდნენ.

სარდაფში ჩასასვლელი, სადაც დამნაშავეები პაკისტანელ და ბანგლადეშელ მძევლებს მალავდნენ, შენიღბული იყო ტანსაცმლის კარადით. რამე გაუთვალისწინებელი რომ მომხდარიყო, ტყვეებს ვერასდროს ვერავინ იპოვიდა და შესაძლოა ისინი ცოცხლად დამარხულიყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მძევლების აყვანა და მათი ოჯახებისგან გამოსასყიდის მოთხოვნა საბერძნეთში რეგულარულად ხდება. რამდენიმე დამნაშავე ცოტა ხნის წინ უკვე გაასამართლეს თესალონიკის სასამართლოში.

https://www.lifo.gr/now/greece/232552/thessaloniki-symmoria-kratoyse-fylakismenoys-se-ypogeio-16-metanastes

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close