საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი რეისით ფრენა ახლო მომავალში დაიწყება

„ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დროულად დაიწყოს“, – ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 4 აპრილს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი კვლევა რამდენიმე კვირაში დასრულდება.

„კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები