„არ იდარდო“: მსოფლიო კინოს ოქროს ფონდში შესული ფილმი – ვარსკვლავთა „გალერეა“

2001 წელს მსოფლიო კინემატოგრაფიის 100 წლისთავთან დაკავშირებით გენიალური ქართული ფილმი „არ იდარდო“ მსოფლიო კინოს ოქროს ფონდში შეიტანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც „მოსფილმის“ ნაწარმოები; მიუხედავად იმისა, რომ „არ იდარდო“ „მოსფილმისა“ და „ქართული ფილმის“ ერთობლივი ნამუშევარია, ის მსოფლიო ბაზარზე მაინც „მოსფილმის“ ეგიდით გავიდა, რაც წლების წინათ „მოსფილმის“ მიერ სურათის დაფინანსების ფაქტორმა გადაწყვიტა.

ფილმში არა მარტო ქართველი, არამედ საბჭოთა კინოს სხვა კაშკაშა ვარსკვლავებიც მონაწილეობენ (ევგენი ლეონოვი, ფრუნზიკ მკრტჩიანი, ანასტასია ვერტინსკაია…) – შეიძლება ითქვას, რომ ის გენიალურ მსახიობთა ნამდვილი გალერეაა. რეჟისორი გია დანელია თავად ამბობდა, ასეთი ფილმი არ გადამიღიაო.

„არ იდარდოს“ საფუძვლად უდევს ცნობილი ფრანგი მწერლის, კლოდ ტილეს რომანი „ჩემი ბიძია ბენჟამენი“. ამ ნაწარმოების გადმოქართულება და მოქმედების საქართველოში გადმოტანა გია დანელიას რეზო გაბრიაძისთვის უთხოვია. უკვე ცნობილ რეჟისორს გაბრიაძემ სურვილი შეუსრულა და… ფრანგი მწერლის ნაწარმოებიდან ფაბულის მეტი არაფერი დარჩა. გადაღებებიც დაიწყო…

ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ლუკას როლის შემსრულებელმა გოგი ქავთარაძემ სიამოვნებით გაგვიწია მეგზურობა „არ იდარდოს“ „სამყაროში“.

***

გოგი ქავთარაძე: ერთი უცნაური რაღაც უნდა გითხრათ: როცა პურმარილისა და ქეიფის სცენას იღებდნენ, საჭმელს საერთოდ ვერ შეჭამდი. გადაღების დროს ცხელოდა, პროჟექტორები ანათებდნენ, ყველაფერი ფუჭდებოდა, ღვინოც წყალგარეული უნდა ყოფილიყო… არადა, ყველაფერს ერთი დუბლით ხომ ვერ გადაიღებ?! მახსოვს, ბატონმა გიამ დირექციას კატეგორიულად გამოუცხადა, რომ ყველა დუბლის გადაღების დროს ახალ-ახალი საჭმელი მოეტანათ და ღვინოც ნამდვილი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ არავინ სვამდა. სხვა დროს შეიძლება ვინმეს მოეპარა და ის წყალგარეული ღვინო დაელია, აქ კი, როცა ხედავ, რომ ყველაფრის უფლებასა და საშუალებას გაძლევენ, შენ თვითონ არ კადრულობ ბევრ რამეს“.

გადაღებები მიმდინარეობდა როგორც თბილისში (პავილიონში), ისე ქუთაისში, კასპში, კახეთში… ბატონ გოგის, ძირითადად, ბუბა კიკაბიძისა და სოფიკო ჭიაურელის პარტნიორობა უწევდა, აგრეთვე, ევგენი ლეონოვისაც (ფილმში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მათი დიალოგი), რითაც ძალიან ამაყობს.

გოგი ქავთარაძე: „ეს მაშინ მთელი სკოლა იყო ჩემი ასაკის კაცისთვის. ლეონოვი არაჩვეულებრივი მსახიობი გახლდათ – დიდი პროფესიონალი. მახსოვს, კასპში რომ ჩავედით გადაღებაზე, სანამ კამერას დააყენებდნენ, ბუბა მოვიდა ჩემთან და მითხრა: ხალხმა დაგვინახა, ხილი და არაყი აქვთ მოტანილი, გვთხოვეს, რომ გადაღების დაწყებამდე ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ, წამოდი, ლეონოვსაც დავუძახებო. იგი ახალი ჩამოფრენილი იყო მოსკოვიდან. სახეზე რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, თითქოს ბევრს სვამდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. თითო ჭიქა რომ დავლიეთ, უკვე ისე დათვრა, გადაღების დროს ხიდი რომ ქანაობდა, თვითონაც ძლივს იკავებდა თავს. გიამ რამდენჯერმე უთხრა, ხიდი ისედაც ქანაობს და შენ სწორად წამოდიო. ბოლოს მიხვდა, რომ ნასვამი იყო; ლეონოვმაც უთხრა, რაც ჭირდა: რა ვქნა, დაღლილი ვიყავი და არაყი მომეკიდაო. ბევრი ვიცინეთ, თუმცა იმ დღეს გადაღება ჩაიშალა“.

***

ბუბა კიკაბიძე ფილმში ვერიკო ანჯაფარიძის რეკომენდაციით მოხვდა. ქალბატონი ვერიკო გია დანელიას დეიდა იყო. სწორედ მას უთქვამს გიასთვის, ერთი თბილისელი ბიჭია და იქნებ გასინჯოო. მანამდე ბენჟამენის როლზე მოსკოვში ოცზე მეტმა მსახიობმა გაიარა სინჯები, მაგრამ ამაოდ, ვერავინ შეარჩიეს. არადა, ყველა სხვა როლზე მსახიობები შერჩეული ჰყავდათ.

როგორც ბუბა კიკაბიძე იხსენებს, ეს შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ სცენარის მიხედვით მთავარი გმირი იყო გამხდარი, ლოთი, წითური, რომელსაც მუდმივად ოფლის სუნი ასდიოდა: „ასეთ ბენჟამენს მე არაფრით ვგავდი. თანა, გია ვერ იტანდა, რომ ვინმე რჩევას აძლევდა, ამიტომაც ჩემ მიმართ თავიდანვე ცუდად განეწყო. კი შევხვდი, მაგრამ პასუხი დიდხანს არ მაღირსა. იმ დროს მე ძალიან დაკავებული ვიყავი – ანსამბლ „ორერასთან“ ერთად თურქეთში ერთთვიანი გასტროლებისთვის ვემზადებოდი. მივედი და ვუთხარი, ერთ კვირაში თურქეთში მივდივარ, თუ რამეს გადაიღებ, ხომ კარგი, თუ არადა…“

შეიძლება ითქვას, რომ ბუბა კიკაბიძის „ულტიმატუმმა“ გაჭრა. მოიტანეს აპარატურა და დაიწყო სასინჯი გადაღებები: „პირველად მაშინ ვნახე სერგო ზაქარიაძე, ეს ბუმბერაზი მსახიობი… კინაღამ მუხლები მომეკვეთა. რას ვიფიქრებდი, რომ მისი პარტნიორობა მომიწევდა?!.. წინ და უკან დადიოდა – როგორც ჩანს, როლში შედიოდა, ლამის რადიატორი მოგლიჯა… როგორც იყო, გადავიღეთ გარიგების სცენა“, – იხსენებს ბუბა კიკაბიძე.

მაგრამ ფირის გამჟღავნებას (ამერიკულ ფირზე იღებდნენ) დიდი დრო სჭირდებოდა. ამასობაში კი სტამბოლში გასტროლებიც დაიწყო და ბუბა კიკაბიძე ჩვეული ენერგიულობით ჩაერთო საყვარელ საქმიანობაში. ორი კვირის შემდეგ თურქეთში საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში დაიბარეს. ლამის გული გაუსკდა, იფიქრა, ალბათ სახლში რამე მოხდაო და შეშინებულმა ძლივს მიაღწია წარმომადგენლობამდე. იქ კი დეპეშა დახვდა: ბენჟამენის როლზე დამტკიცებას ულოცავდნენ.

ანასტასია ვერტინსკაია და ბუბა კიკაბიძე, „არ იდარდო“
***

ბენჟამენის დის როლი კი სპეციალურად სოფიკო ჭიაურელისთვის დაიწერა. როგორც შემდგომში ფილმის რეჟისორი, სოფიკოს დეიდაშვილი გიორგი დანელია იხსენებდა, ამ როლს საკუთარი დის ხასიათი მოარგო: „მანაც ისე ითამაშა, როგორც მე მინდოდა და წარმომედგინა – ჩემებურად. მთელი ფილმის განმავლობაში ერთი შენიშვნაც არ მიმიცია, მითითებაც არ დამჭირვებია სად, რა ან როგორ უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, ის იყო, რომ სოფიკოს გადაღებაზე ყოველთვის მოჰქონდა მზესუმზირა და მარტო თვითონ კი არ „აკნატუნებდა“, ყველას უმასპინძლდებოდა. არადა, მზესუმზირის ჭამა გადასაღებ მოედანზე კინოს მუშაკებს ცუდად გვაქვს დაცდილი. ხან ვეხვეწე, ხან ვეჩხუბე, დავემუქრე კიდეც – აღარ დავინახო მაგ სისაძაგლეს აკნატუნებდე-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ… ბოლოს მივხვდი, რომ მასთან ბრძოლა უაზრობა იყო და ხელი ჩავიქნიე. გადაღებების ბოლოს კი თვითონაც დავიწყე მზესუმზირის ჭამა…“

***

ფილმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სერგო ზაქარიაძის როლი და მისი თამაშის მანერაა, მით უმეტეს – ერთ-ერთ ბოლო სცენაში. გოგი ქავთარაძე იხსენებს: „ჩვენ ყველანი არა მარტო ვმონაწილეობდით ამ სცენაში, არამედ ვუყურებდით, როგორ ეთხოვებოდა კაცი სიცოცხლეს და უსასრულობაში გადადიოდა. ბატონი სერგო ამას საოცრად დიდი ოსტატობით აკეთებდა და ჩვენ ამას ვუყურებდით არა, როგორც მსახიობები, არამედ, როგორც მაყურებლები, და რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ფაქტები ხშირი იყო. ვუყურებდით, რას აკეთებდნენ, როგორ თამაშობდნენ სერგო ზაქარიაძე, იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო?!.. მართალია, ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობა არც კი გვიწევდა, მაგრამ ბატონი გიას დიდი დამსახურებაა, რომ მან მართლაც გენიალური მსახიობების გალერეა შემოუნახა ისტორიას“.

***

„არ იდარდოში“ სერგო ზაქარიაძეს ერთ-ერთ პატარა ეპიზოდში პარტნიორობას უწევს მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რომელმაც ჩვენთან საუბარში ერთდღიანი (საერთოდ, ფილმის გადაღება სულ რაღაც სამ თვეს გაგრძელდა) პერიოდი ასე გაიხსენა.

ჯემალ ღაღანიძე: „რუსთაველის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლი „მეტეხის ჩრდილქვეშ“ იდგმებოდა. სერგო ზაქარიაძე მეწაღის როლს თამაშობდა, მე – მის სიძეს, ფირუზას. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა და ბატონი სერგო ხშირად იტყოდა ხოლმე, სიძე გამომადგაო. ერთ მშვენიერ დღეს სპექტაკლი რეჟისორმა გია დანელიამ ნახა. იგი ამ დროს უკვე მუშაობდა ფილმზე და ბატონი სერგოც დაკავებული ჰყავდა როლზე. როცა სპექტაკლის შემდეგ ბატონმა გიამ „არ იდარდოში“ ერთ-ერთი როლის შესრულება შემომთავაზა, სიხარულით არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. უბრალო საქმე ხომ არ იყო ასეთ დიდ რეჟისორთან მუშაობა, ცხადია, დავთანხმდი, რატომ გავიპრანჭებოდი?!

გახსოვთ ალბათ, ჩემი გმირი მთიელი კაცია, რომელიც თვითმარქვია ექიმებთან (სერგო ზაქარიაძე, აბესალომ ლორია, იპოლიტე ხვიჩია) მიდის და ბოთლით ანალიზისთვის მეუღლის შარდი მიაქვს, თანაც ძღვენსაც მიაყოლებს. სერგო გადახედავს ამ ბოთლს და ვითომ ანალიზის პასუხს იძლევა, არადა, ყველა ინფორმაცია წინასწარ აქვს მიღებული. გადაღების დროს მე ძალიან ვნერვიულობდი და საოცრად დაძაბული ვიყავი –  წარმოიდგინეთ, რამხელა მსახიობებთან ერთად მიწევდა მუშაობა. ამ დაძაბულობის გამო ბოთლს რომ ვწევდი, როგორც ჩანს, სახეზე მეფარებოდა, არადა, რეჟისორს სწორედ სახის გადაღება უნდოდა, რადგან სახასიათო როლი მქონდა. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და ბატონი გია სულ მეუბნებოდა: „ბიჭო, ჯემალ, დასწიე ბოთლი, სახეზე გეფარება“. მაინც არაფერი გამომდიოდა. მართლა შარდი ხომ არ არის, პირთან მიიტანე, სახეზე ნუ იფარებო, მითხრა მაშინ სერგომ. მეუღლის შარდი რა შესაზიზღია-მეთქი, ვუპასუხე, ბოთლი მოვიყუდე და დავლიე. ბოთლში, რა თქმა უნდა, ლიმონათი იყო. მახსოვს, აბესალომ ლორია სიცილით კვდებოდა, ეს რა ქენი, ბიჭოო… ამ ეპიზოდს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ…“

სხვათა შორის, „არ იდარდოს“ ფრანგული ვარიანტიც არსებობს („ჩემი ბიძია ბენჟამენი“), რომელიც ბევრად ჩამოუვარდება გია დანელიას ნამუშევარს.

პოსტ სკრიპტუმის მაგიერ: უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ფილმის სახელს ამახინჯებენ და წერენ (ამბობენ) „არ დაიდარდო“, რაც არასწორია.  ფილმს ჰქვია „არ იდარდო“.

თამარ ოთიაშვილი

ფრუნზიკ მკრტჩიანი და ბუბა კიკაბიძე, „არ იდარდო“
დოდო აბაშიძე ფილმში „არ იდარდო“

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: „მიმინო“ – „ბოქლომიანი შვეულმფრენის“ ამბავზე გადაღებული კინოშედევრი

კომენტარები