კინო/ფილმებიკულტურა

„მიმინო“ – „ბოქლომიანი შვეულმფრენის“ ამბავზე გადაღებული კინოშედევრი

გია ყანჩელმა „ჩიტო-გვრიტოს“ „ვენერული სენით დაავადებული სიმღერა“ უწოდა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავიდან რეჟისორ გიორგი დანელიას გეგმაში არანაირი „მიმინო“ არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მან საკმაოდ წარმატებული კომედია „აფონია“ გადაიღო, უნდოდა რაღაც უბრალო, ნათელი ფილმი შეექმნა. იდეის განსახორციელებლად დანელია დიდი ხნის თანაავტორს, მწერალ ვიქტორია ტოკარევას დაუკავშირდა, ჩანაფიქრი გაუზიარა და ერთად გადაწყვიტეს, დაეწერათ სცენარი სოფლელ გოგონაზე, რომელსაც ახალგაზრდა მფრინავი შეუყვარდება. ყმაწვილი, გარდა იმისა, რომ ღრუბლებში დაფრინავდა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, თან ლექსებსაც წერდა და საყვირზეც უკრავდა… ბუნებრივია, რომანტიკული სცენარი ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და „მოსფილმმაც“ გადასაღებად ასევე სწრაფად მიიღო. 1976 წლის 13 მაისს დაიწყო კიდეც მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ მოულოდნელად ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ რეჟისორის ჩანაფიქრი თავდაყირა დააყენა…

„ბოქლომიანი შვეულმფრენი“

ერთ მშვენიერ დღეს დანელიას მეგობარი, მწერალი მაქსუდ იბრაგიმბეკოვი ესტუმრა. დანელიამ თავისი ახალი პროექტის შესახებ უამბო. სტუმარმა შეახსენა: ადრე ბევრად უფრო საინტერესო იდეა გქონდა – ფილმი სოფლელ მფრინავზე, თავის შვეულმფრენს ვეებერთელა ბოქლომით რომ აბამს, ამ ისტორიიდან ბევრად უფრო საინტერესო და გულთბილი კომედია გამოვიდოდაო.

დანელიას მთელი ღამე არ უძინია, ფიქრობდა, სწორი იყო თუ არა მისი არჩევანი. ბოლოს გადაწყვიტა, გადაეღო ფილმი მივარდნილ ქართულ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მფრინავზე, რომელიც დიდ ავიაციაზე ოცნებობდა. გადამღები ჯგუფის წევრებმა რეჟისორის ჩანაფიქრს წმინდა წყლის ავანტიურა უწოდეს! მაგრამ დანელიამ მაინც გადაწყვიტა, გაერისკა და სასწრაფოდ დაურეკა თბილისში თავის მეგობარს, რეზო გაბრიაძეს – სწორედ მისგან ჰქონდა გაგებული „ბოქლომიანი შვეულმფრენის“ ამბავი.

გაბრიაძე დაუყოვნებლივ ჩაფრინდა მოსკოვში. მათ ვიქტორია ტოკარევაც „შეიამხანაგეს“ და სცენარზე მუშაობა დაიწყეს. მის მთავარ გმირს, ვალიკო მიზანდარს, გაბრიაძემ თავისი სკოლის მასწავლებლის ბევრი თვისება მიაწერა.

„არიოლი“ – ლეონოვი, „რეშკა“ – მკრტჩიანი

„მიმინოს“ სცენარი სპეციალურად ვახტანგ კიკაბიძისთვის დაიწერა, ახალგაზრდა მფრინავი სწორედ მას უნდა ეთამაშა. რაც შეეხება მეორე მთავარ გმირს, თავდაპირველი ჩანაფიქრით, სვერდლოვსკელი ენდოკრინოლოგი რეჟისორის ნამდვილ ფავორიტს, ევგენი ლეონოვს უნდა განესახიერებინა, მაგრამ სცენარის წერის პროცესში გაჩნდა აზრი, რომ ვალიკოსთან ნომერში რუსი ენდოკრინოლოგის ნაცვლად სომეხი მძღოლი, რუბიკ ხაჩიკიანი შეესახლებინათ. ასეთი ვარიანტი გაცილებით ორიგინალური გამოდიოდა, რადგან ქართველებისა და სომხების მარადიული ქიშპი სიუჟეტს განსაკუთრებულ კოლორიტს მიანიჭებდა. სცენარის ავტორებს არც ლეონოვის დაკარგვა უნდოდათ, ამიტომ პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან მარტივ გზას მიმართეს: მონეტა ააგდეს და ჩაუთქვეს: „არიოლი“ – ლეონოვი, „რეშკა“ – მკრტიჩიანი!

მონეტა როგორ დაეცა, ადვილი მისახვედრია, მაგრამ დანელია ლეონოვს მაინც ვერ შეელია და სპეციალურად მისთვის სახელოვანი გენერლის, ვოლოხოვის როლი დაწერა.

„ჩიტო-გვრიტო“ – საკავშირო მასშტაბის შლაგერი

მოგეხსენებათ, ფილმს ლაიტმოტივად გასდევს სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“, რომელიც, როგორც ვახტანგ კიკაბიძე იხსენებს, გია ყანჩელს რეი ჩარლზის ერთ-ერთი სიმღერის მიხედვით დაუწერია. თურმე დანელიამ ყანჩელს რეი ჩარლზის სიმღერის ჩანაწერი მიუტანა და უთხრა, ასეთი სიმღერა მინდაო. ყანჩელს მეორე დღესვე „ჩიტო-გვრიტო“ მზად ჰქონდა…

სიმღერა ფილმის ეკრანზე გამოსვლის დღიდანვე საკავშირო მასშტაბის შლაგერად იქცა, თუმცა ბევრს მისი სიტყვების მნიშვნელობა და ღრმა შინაარსი საერთოდ არ ესმოდა.

როგორც გია ყანჩელი ამბობს, ამ სიმღერამ, რომელიც მისდაუნებურად გახდა პოპულარული, გარკვეულწილად უარყოფითი როლი შეასრულა მის შემოქმედებაში, რადგან თუკი მასზე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში რაიმე იწერება, ყველაფერი იმით იწყება, რომ გია ყანჩელი „ჩიტო-გვრიტოს“ ავტორია. თავის დროზე კომპოზიტორმა „ჩიტო-გვრიტოს“ „ვენერული სენით დაავადებული სიმღერა“ უწოდა, მართლაც ისე ძალიან გავრცელდა მთელ საბჭოთა კავშირში.

როგორ გადაურჩა ბუბა კიკაბიძე გალოთებას

ფილმში გადაღებისას ვახტანგ კიკაბიძეს, როგორც „ორერას“ მომღერალს, ხალხი უკვე კარგად იცნობდა. იქ, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, ხმა გავარდა, კიკაბიძეს კინოში იღებენო და მთელი სოფელი გადასაღები მოედნისკენ დაიძრა, რათა „ცოცხალი“ ბუბა კიკაბიძე საკუთარი თვალით ენახათ, თან ძღვნად ჭაჭით თუ ღვინით სავსე ტიკჭორები მიჰქონდათ. კიკაბიძე ცდილობდა, სასმლისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ზოგჯერ „ცხრა მთა გადმოვლილ“ ადამიანებს უარს ვერ ეუბნებოდა. ბოლოს გულის ტკივილი მოიგონა, მაგრამ არ გამოუვიდა, სოფლელებმა დამოძღვრეს: ჭაჭა გულის ნამდვილი წამალიაო. როცა თქვა, რომ დილას ადრე იყო ასადგომი და დაძაბული სამუშაო დღე ელოდა, აუხსნეს, რომ ღვინო ენერგიის მოსაკრებად საუკეთესო საშუალება იყო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც იპოვა გამოსავალი: ყველას გასაგონად დაიბრალა, ვენერულ სენს ვმკურნალობო. ამ დღიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობა სასმელს არათუ აღარ სთავაზობდა, საგულდაგულოდ ადევნებდნენ თვალს, რომ თავად არ „წასცდენოდა“ ხელი დასალევად.

„მფრინავი“ ძროხა

დაგვეთანხმებით, ფილმში ერთ-ერთი ყველაზე „კოლორიტული“ ეპიზოდი შვეულმფრენზე გამობმული „მფრინავი“ ძროხაა. ოთხფეხა „მსახიობი“ ადგილობრივ მცხოვრებ ქალს სთხოვეს, რომელიც, სხვათა შორის, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც პირუტყვი ასეთი სახიფათო ტრიუკისთვის გაიმეტა. ძროხა ძლივს იშოვნეს, მაგრამ ოპერატორმა დაიწუნა – თეთრი ფერის გამო ფრენისას ცის ფონზე საერთოდ დაიკარგებაო. ერთადერთი გამოსავალი დარჩა: პირუტყვი შეეღებათ. ასეც მოიქცნენ. ღია ფერის ბოჩოლა წამში ყავისფერი გახდა, მაგრამ გადაღების შემდეგ ახალი პრობლემა გაჩნდა: ახლა უკვე საქონლის პატრონი აღარ იბრუნებდა ძროხას, ჩემი არ არისო. მოკლედ, გვარიანი სკანდალი აგორდა. მერე ვიღაც ჭკვიანმა ჯგუფის წევრებს ასწავლა: ძროხა გაუშვით და თავის სახლს თვითონ მიაგნებსო. გაუშვეს. პირუტყვმა ორ კილომეტრზე მეტი იარა, სანამ ჭირვეულ პატრონს არ მიადგა, თანაც მთელი გადამღები ჯგუფის თანხლებით, რადგან ყველას საშინლად აინტერესებდა ამ მარტივი, მაგრამ მრავლისმეტყველი ექსპერიმენტის დასასრული: „გავარსკვლავებულმა“ ძროხამ თავის ბოსელს მიაშურა.

„უკვდავი“ ზარბაზანა

რაც შეეხება ვალიკოს ძაღლს, ზარბაზანას, დანელიამ ის ქუჩაში იპოვა. სპეციალურად ამ როლისთვის მოსკოველი კინოლოგის მიერ ჩამოყვანილი ოთხფეხა „მსახიობით“ რეჟისორი უკმაყოფილო დარჩა: ზედმეტად მოვლილ-ნასათუთევი იყო და სოფლის ნაგაზს არაფრით ჰგავდა. ჰოდა, ერთხელ ომალოდან აეროპორტში მიმავალი დანელია გზაში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა გაბურძგნილ ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი თვალზე ეფინა. „სწორედ ისაა, მე რომ მჭირდება“, – გაიფიქრა დანელიამ და ძაღლი თავისთან მიიტყუა. საბოლოოდ ზარბაზანამ მარტო კინოში კი არ მოახერხა „უკვდავყოფა“, გადაღების დასრულების შემდეგ მოსკოვს გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, ზარბაზანა „მოსფილმის“ ვაშლის ბაღში ყოფილა დაკრძალული, რომელიც 1950-იან წლებში ალექსანდრე დოვჟენკომ გააშენა.

„შიშველი სცენა“

ეპიზოდს, სადაც ვალიკო და რუბიკა პირველად ხვდებიან ერთმანეთს, სასტუმრო „როსიაში“ იანვრის ბოლოს იღებდნენ, თანაც „შიშველი სცენა“ (აბაზანიდან გამოსული რუბიკა) სრულიად შემთხვევით, პირდაპირ ცხოვრებიდან აიღეს.

ერთხელ დანელიამ და კიკაბიძემ ფრუნზიკას სასტუმროში მიაკითხეს. ამ დროს იგი შხაპს იღებდა. მერე, ზუსტად ისე, როგორც ფილმშია, რომელიღაც სომხური სიმღერის ღიღინით, დედიშობილა გამოვიდა აბაზანიდან. დაუპატიჟებელი სტუმრები რომ შენიშნა, დაიმორცხვა და პირსახოცი შემოიხვია. დანელიამ გადაწყვიტა ეს შემთხვევა ფილმში უცვლელად შეეტანა.

მკრტჩიანი გადასაღებ მოედანზე ნამდვილ სასწაულს ახდენდა. როგორც ამბობენ, ფილმში შესული და ფრთიან გამონათქვამად ქცეული ფრაზების უმრავლესობა სწორედ მისი ექსპრომტებია.

***

ფილმის ფინალური სცენები 1977 წლის 16-17 მაისს „დომოდედოვოს“ აეროპორტში გადაიღეს. „სახკინო“ დანელიას მონტაჟის გაკეთებას აჩქარებდა, რადგან ფილმი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უნდა ჩაერთოთ, რომლის ჩატარებაც, ტრადიციულად, ზაფხულში იყო დაგეგმილი. რეჟისორმა „სახკინოს“ იმდროინდელ თავმჯდომარეს ფილიპ ერმაშს „შავი“ ასლი წარუდგინა. ერმაშმა განკარგულება გასცა, ფილმიდან ორი ეპიზოდი ამოეჭრათ: ვალიკოს სატელეფონო საუბარი თელ-ავივთან და სცენა, სადაც მისი თელაველი მეზობელი უარს ამბობს ისაკასთან საუბარზე.

დანელია გაჯიუტდა, არაფრით არ უნდოდა ასეთი მნიშვნელოვანი სცენების დათმობა, ყოველ შემთხვევაში, პირველის მაინც. მარტო ის სიტყვები რად ღირს, ორი ქართველი შუაგულ ევროპაში რომ აცხადებს: „ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამაო“. ერმაშმა დანელია პირადად დაიბარა და „რთული საერთაშორისო მდგომარეობა“ დაუხასიათა, თანაც შეახსენა, რომ საბჭოთა კავშირს ისრაელთან მეტად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. დანელიამ „ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა“ და ერმაშს ორი ასლის გაკეთება შესთავაზა, რომელთაგან ერთს ფესტივალზე წარადგენდნენ, მეორეს კი – საკავშირო გაქირავებაში ჩაუშვებდნენ. ამ უკანასკნელში ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც რეჟისორს უნდოდა. ერმაშმა შეთავაზებული ვარიანტი მიიღო. საბოლოოდ საფესტივალო პუბლიკამ „დაჭრილ-დასახიჩრებული“ ვარიანტი ნახა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ფილმისთვის, მოსკოვის კინოფესტივალის მთავარი პრიზი აეღო.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

ვახტანგ კიკაბიძე თავად ჰყვება, რა ამოჭრა საბჭოთა ცენზურამ „მიმინოდან“:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close