მკვლელობის გამაოგნებელი მოტივი: „როდესაც ეს ბიჭი დავინახე, გადავწყვიტე, რომ არ შემეძლო მისი ბედნიერი სახის ატანა“

ფოტო: ANSA/ ALESSANDRO DI MARCO
იტალია შეძრა ტურინში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ და უფრო კი – მისმა აბსურდულმა, გამაოგნებელმა მოტივმა. 33 წლის ტურინელი სტეფანო ლეო მაროკოული წარმოშობის 27 წლის იტალიის მოქალაქემ იმის გამო მოკლა, რომ მას „ბედნიერი სახე“ ჰქონდა.

მკვლელობა 23 თებერვალს მოხდა ტურინში, მურაცის სანაპიროზე. ახალგაზრდა კაცს – სტეფანო ლეოს, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა და, სამუშაოზე მიმავალი, თან მუსიკას უსმენდა, უცნობი თავს დაესხა, დანით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა და მიიმალა. დანაშაულის მოწმე გახდა ერთი გამვლელი, ფაქტი სათვალთვალო კამერამ ჩაიწერა.

სტეფანო ლეო პირველ მარტს დაკრძალეს დიდი პროცესიის თანხლებით. 31 მარტს კი ტურინის მცხოვრებლებმა მკვლელობის ადგილამდე სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყვეს. იმავე დღეს პოლიციაში გამოცხადდა 27 წლის იტალიის მოქალაქე, მაროკოული წარმოშობის საიდ მაჩაუატი და განაცხადა, რომ სტეფანო ლეოს მკვლელობა მან ჩაიდინა. „მინდოდა მომეკლა ვინმე ახალგაზრდა, ისეთივე, როგორიც მე ვარ, წამერთმია მისთვის ყველა იმედი, წამერთმია იგი შვილებისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, – განაცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციაში. – გადავწყვიტე, რომ ვინმეს მოვკლავდი. (…) როდესაც ეს ბიჭი დავინახე, გადავწყვიტე, რომ არ შემეძლო მისი ბედნიერი სახის ატანა“.

ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს.

საიდ მაჩაუატმა გამომძიებლებს აჩვენა სამზარეულოს დანა, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინა. კრიმინოლოგ ბუზონეს თქმით, „მკვლელი კმაყოფილი დარჩა ჩადენილი დანაშაულით. ის ისევ ჩაიდენდა იმავეს“.

საიდ მაჩაუატმა გამომძიებელს საკუთარი ცხოვრების შესახებ მოუყვა და აღიარა, რომ ახალგაზრდა კაცს ყელი გამოჭრა. იგი პოლიციის განყოფილებიდან კარაბინერების ყაზარმაში გადაიყვანეს დაკითხვისთვის. როდესაც გვიან საღამოს განყოფილებაში აბრუნებდნენ, ეჭვმიტანილმა კარაბინერების მანქანის მომლოდინე  ფოტოგრაფებს ხელით ჟესტი „რქები“ აჩვენა.

საიდი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ტურინში, პიაცა დ’არმიზე, მკვლელობის ადგილიდან 4 კმ-ის მოშორებით. იგი დაბადებულია მაროკოში, კასაბლანკაში 1992 წლის იანვარში; 6 წლის იყო, როდესაც იტალიაში ჩავიდა; დიდი ხნის განმავლობაში ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა იტალიელი ცოლი და ვაჟი, რომელიც ამჟამად 4 წლისაა, მუშაობდა ოფიციანტად პიცერიაში. მოულოდნელად, 2015 წელს მთელი სამყარო დაენგრა – ოჯახში სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლეს და ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს. მისი 4 წლის ბიჭი ამჟამად დედასთან და მის პარტნიორთან ერთად ცხოვრობს.

„ჩემთვის აუტანელია ფიქრი, რომ ჩემი შვილი სხვას ეძახის მამას“, – აღიარა საიდმა.

„აუტანელია ფიქრი, რომ ჩემი ვაჟი ერთი შეხედვის გამო დაიღუპა, შესაძლებელია, ერთი გაღიმებისთვის, რომელიც მკვლელს აჩუქა“, – ეს კი მოკლული სტეფანო ლეოს მამის სიტყვებია, რომელსაც მთელ სამყაროზე გაბოროტებულმა მკვლელმა შვილი სამუდამოდ წაართვა.

სტეფანო ლეოს სელფი მურაცის სანაპიროზე

წყარო: https://www.leggo.it/italia/cronache/torino_chi_e_said_machaouat_ucciso_stefano_leo_ultime_notizie-4401385.html

კომენტარები