კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სექსუალური შევიწროების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

ჯარიმა – 300-იდან 1000 ლარამდე

კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში პატრულის რეაგირებას დაექვემდებარება და, დადასტურების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

განმეორებით შემთხვევაში ანალოგიური ქმედების გამო პირი დაჯარიმდება 500 ლარით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით. მსგავსი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-იდან 800 ლარამდე ოდენობით.

1000 ლარამდე დაჯარიმებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით ან ერთ თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს გამოიწვევს სექსუალური შევიწროება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ.

კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

რაც შეეხება კერძო სივრცეს, კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება.

კანონის თანახმად, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ ვალდებულება 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

გარდა ამისა, კანონი ასევე გულისხმობს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

კანონი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

ნინო თარხნიშვილი

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/29919073.html

მოგეწონათ სტატია? მოიწონეთ და გააზიარეთ.

ნახეთ ვიდეო  სექსუალური შევიწროება: 5 ქალის ამბავი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close