ამ დროისთვის კვიპროსელი სერიული მკვლელის 7 მსხვერპლია ცნობილი

კვიპროსელი სერიული მკვლელის, ნიკოს მეტაქსასის სავარაუდო მსხვერპლთა რიცხვს კიდევ 4 მოკლული – 3 ქალი და ერთი 8 წლის გოგონა დაემატა; ამ დროისთვის სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა 5 ქალი და 2 პატარა გოგონა გამოასალმა სიცოცხლეს.

ცნობილია, რომ მანიაკი უცხოელ ქალებს კლავდა, ცხედარს სამგზავრო ჩემოდან-ბაულში ათავსებდა და ტბაში აგდებდა. ერთ-ერთი ასეთი ჩემოდანი ნიქოზიასთან ახლოს მდებარე კოკინოპეზოულას ტბაში იპოვეს. ნეშტს  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიის თანამშრომლები იკვლევენ.

საუბარია ტბაზე, რომელიც წარმოიქმნა შახტის გვერდით, ადგილობრივ საბადოზე მიმდინარე სამუშაობის შედეგად. შახტი ამჟამად მიტოვებულია. წყალსატევში წყალი ტოქსიკურია მასში მჟავების მაღალი შემცველობის გამო და ღია წითლადაა შეღებილი. ფსკერიდან ჩემოდნის ამოსატანად, რომელშიც გვამი იყო მოთავსებული, მყვინთავი გაძლიერებული დაცვის მქონე კომბინეზონით ჩავიდა.

2 ფილიპინელი ახალგაზრდა ქალის და ერთ-ერთის 6 წლის გოგონას გარდა კვიპროსელი მანიაკის კიდევ 4 მსხვერპლი გახდა ცნობილი – ინდოელი, ნეპალელი, რუმინელი ქალები და რუმინელის 8 წლის გოგონა.

კითხვაზე, რატომ კლავდა პატარა გოგონებს, მკვლელმა უპასუხა: „მათ მე დამინახეს და შეეძლოთ მოწმეები ყოფილიყვნენ“.

***

კვიპროსელი სერიული მკვლელის პროფილმა შოკში ჩააგდო არა მარტო საზოგადოება, არამედ მსოფლიო დონის ექსპერტებიც.

ბერძენმა კრიმინალისტმა იანის პანუსისმა რადიო „247“-ის ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა სერიული მკვლელი „აღფრთოვანებულია“ მისი პერსონის მიმართ მსოფლიო მედიასაშუალებების მიერ გამოჩენილი ყურადღებით.

მართლაც, კითხვაზე, რატომ აღიარებს სავარაუდო მკვლელი თავის დანაშაულებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ ქმედებით ფსიქოპათი „იხანგრძლივებს სიამოვნებას“, რომ თამაშობს მთავარ როლს „სპექტაკლში, რომლის რეჟისორიც თავადაა“ და „პროცესით ტკბება“. სერიულ მკვლელს უნდა ისტორიაში შევიდეს, როგორ ავბედითი მანიაკი კვიპროსიდან.

კითხვაზე, ნამდვილად ახასიათებს თუ არა „ორესტისს“ (ამ სახელით დარეგისტრირდა იგი სოციალურ ქსელში, რომლის მეშვეობითაც თავის მსხვერპლ ქალებს პოულობდა) სერიული მკვლელის ნიშან-თვისებები, იანის პანუსისმა თქვა, რომ „მკვლელობათა მოტივები კარგად უნდა იქნას გამოძიებული“, რათა ერთმნიშვნელოვანი პასუხი მივიღოთ. „რაღაცამ შიგნით უბიძგა მას აქტიური ქმედებებისკენ… იგი ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა უნდა დაკითხონ“, – თქვა კრიმინალისტმა.

მისივე თქმით, სერიული მკვლელის მახასიათებლებია ის, რომ „კლავს/მალავს გვამებს ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ხელწერით“; ამას გარდა, მსხვერპლად ირჩევს გარეგნულად მსგავს ტიპაჟებს.

პანუსისს სერიოზულად აფიქრებს ისიც, რომ მკვლელმა დანაშაულის ჩადენა დაიწყო 35 წლის და არა 25 წლის ასაკში; კრიმინალისტის ვარაუდით, შესაძლებელია მანიაკს გაცილებით უფრო ადრეც აქვს ჩადენილი მკვლელობები და ამაზე ჯერ არაფერია ცნობილი.

გამორიცხული არ არის, რომ „ორესტისს“ საბერძნეთის ტერიტორიაზეც ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. ამ კუთხით საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. საქმე ის არის, რომ, iefimerida.gr-ის ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცი 2018 წლის აპრილიდან მაისამდე საბერძნეთში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურის გასავლელად. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ათენში ცხოვრობდა და Σχολή Ευελπίδων-ში გადიოდა მომზადებას.

პოლიციას კიდევ დიდხანს მოუწევს ამ საშინელ ისტორაში გარკვევა.

მოვლენათა განვითარება:

14 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ კუნძულ კვიპროსზე, მიცეროს რაიონში, მიტოვებულ შახტში 15 მეტრის სიღრმეზე ტურისტები მოკლული ქალის ნეშტს წააწყდნენ. გარდაცვლილს ხელები ჰქონდა შეკრული. ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა დაახლოებით 2 წლის წინათ მოხდა.

მოგვიანებით პოლიციამ კვიპროსის ეროვნული გვარდიის ოფიცერი ნიკოს მეტაქსასი დააკავა, რომელმაც ქალის მკვლელობა აღიარა.

2018 წლის დასაწყისში სამხედრო მოსამსახურე ნიკოს მეტაქსასი, ცოლს გაშორებული 35 წლის მამაკაცი (2 შვილის მამა) გაცნობათა აპლიკაციაში დარეგისტრირდა სახელით „ორესტის აპოელ“ და პროფილის ფოტოდ სხვა ადამიანის ფოტოს ავატარი დააყენა. ამ პლატფორმის მეშვეობით მან 38 წლის მერი როუზ ტიბურსიო ინფანტე გაიცნო – ფილიპინელი ქალი,  რომლსაც რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან თავის რუმინელ ქმარს გაშორდა და შესაძლოა ამის გამო სხვა მამაკაცთან ურთიერთობას ეძებდა. პლატფორმის მეშვეობით ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, „ორესტისმა“ ქალს შესთავაზა ნიქოზიაში, მასთან სახლში მისულიყო ქალიშვილთან ერთად.

2018 წლის 4 მაისს მერი როუზმა თავისი 6 წლის გოგონა – სიერა წაიყვანა და მეტაქსასთან შესახვედრად წავიდა მის სახლში. ეს იყო ბოლო დღე უბედური ქალის ცხოვრებაში. მეტაქსასმა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ ქალი დაახრჩო და გვამი მიცეროს შახტში ჩააგდო. რა მოუვიდა ბავშვს, გაურკვეველია. თავად მკვლელი ამბობს, რომ გოგონას გული აერია და ნარწყევი მასების გამო გაიგუდა. მკვლელის სიტყვებით, გოგონას გვამი მემის ტბაში ჩააგდო კსილიატოსის კაშხალთან ახლოს, თუმცა სამართალდამცველებმა ჯერჯერობით იქ ვერაფერი იპოვეს.

„როდესაც მას (მერი როუზს) ვახრჩობდი, სიამოვნება განვიცადე, – აღიარა მეტაქსასმა სასამართლოს სხდომაზე, – ამიტომ გადავწყვიტე, კიდევ განმეცადა მსგავსი სიამოვნება“. ივლისის ბოლოს იმავე აქაუნტის მეშვეობით მან 28 წლის არიან პალანას ლოზანო გაიცნო, რომელიც, მერი როუზის მსგავსად, კვიპროსზე ფილიპინებიდან იყო ჩასული. მკვლელის თქმით, მას მოსწონდა ფილიპინელი ქალები. ბოლოს არიანი თავისმა მეგობარმა ქალმა ნახა, რომელთან ერთადაც იგი პლატრესზე ისვენებდა. მეტაქსასმა არიანს შეხვედრა დაუნიშნა, ქალი მის სახლში მივიდა და იგივე სცენარი განმეორდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მკვლელმა იმავე წყალსატევში ჩააგდო.

გამოძიება გრძელდება. თავიდან მერი როუზის ყოფილი ქმარი, რუმინელი მამაკაცი დააკავეს, თუმცა მალევე გაუშვეს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა, თან აღმოჩნდა, რომ კაცს პოლიციაში ჰქონდა გაცხადებული ყოფილი ცოლის და ბავშვის დაკარგვის შესახებ.

კვიპროსის სახლის დამხმარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლუის კუტრუკიდისმა მედიასთან განაცხადა, რომ მერი როუზის გაუჩინარების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოს დასაწყისში მიმართა სამართალდამცველებს, მაგრამ პოლიციას არავითარი ზომები არ მიუღია. შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა წერილი, თუმცა უშედეგოდ. კუტრუკიდისის თქმით, უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში კვიპროსზე გაურკვეველ ვითარებაში 22 ფილიპინელი ქალი გაუჩინარდა.

საქმე კვიპროსის პოლიციის უფროსის, ზაქარიას ქრისოსტომუს  პირად კონტროლზეა. მან განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ადამიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შესული განცხადება უყურადღებოდ დატოვეს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

სამედიცინო ექსპერტიზის ფსიქიატრებმა, რომლებიც მოძალადის ფსიქოლოგიური პროფილის დადგენით არიან დაკავებულები, შოკისმომგვრელი დასკვნები გააკეთეს: მათი აზრით, 35 წლის სერიულ მკვლელს სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებები.

პოლიცია სერიული მკვლელის დანარჩენ მსხვერპლთ ეძებს. კვიპროსზე ბრიტანელი პოლიციელები ჩავიდნენ, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს დაეხმარებიან გამოძიებაში.

წყარო: https://rua.gr/news/manlaw/30974-serijnyj-ubijtsa-kipra-kriminalisty-v-shoke.html

ამავე თემაზე: კვიპროსელი ოფიცერი სერიული მკვლელობებისთვის დაიჭირეს, გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს

კომენტარები