იტალიის მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად ბერდება და გერონტოლოგთა დეფიციტია

იტალიის მოსახლეობა სულ უფრო  და უფრო სწრაფად ბერდება, ხოლო გერონტოლოგთა და გერიატრთა რაოდენობა ქვეყანაში კი არ იზრდება, არამედ მცირდება, – წერს დღეს, 30 აპრილს გამოცემა LA REPUBBLICA შესაბამისი პროფილის ექსპერტული ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით.

იტალიაში დაახლოებით 2 ათასი პროფილური სპეციალისტია, თუმცა 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი მთელი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს შეადგენს (13,8 მლნ ადამიანი 60 მილიონიდან), – აცხადებენ გერონტოლოგიისა და გერიატრიის ეროვნულ საზოგადოებაში (ცნობისათვის: გერონტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის დაბერების ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს, დაბერების მიზეზებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს; გერიატრია გერონტოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს).

ექსპერტების თქმით, პრობლემის სრულფასოვანი გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ სამედიცინო უმაღლესმა სასწავლებლებმა წელიწადში 450 პროფილური სპეციალისტი გამოუშვან, ამოცანა-მინიმუმი კი ყოველწლიურად 300 ახალი სპეციალისტია.

„ლა რეპუბლიკა“ არაფერს წერს იმაზე, რომ მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ (რასაც განაპირობებს ის, რომ იტალიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, ხოლო შობადობა სულ უფრო მცირდება) მოთხოვნა გაიზრდება მომვლელებზეც (ბადანტე), თუმცა ეს ისედაც ნათელია.

ნინო ხოშტარია

თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ.

მსგავს თემაზე: მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულობის ასაკი იტალიაში 75 წლიდან იწყება

იტალიაში ექიმების დეფიციტია 

იტალიაში შობადობა ყოველწლიურად 3 პროცენტით იკლებს

კომენტარები