იტალიაში ექიმების დეფიციტია – უცხოელი სპეციალისტები მთავრობას წესების შეცვლისკენ მოუწოდებენ

იტალიაში ექიმების დეფიციტია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების ნებართვის გაცემა იმ უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებიც უკვე კარგა ხანია, იტალიაში მუშაობენ – ასეთი წინადადებით გამოდის უცხოელ ექიმთა პროფკავშირი. ამის თაობაზე 8 აპრილს MEDIASET-ი იუწყება.

იტალიაში 19 ათასამდე ექიმი – უცხოელია, რომელთა დაახლოებით 2/3-ს იტალიის მოქალაქეობა არ აქვს; შესაბამისად, ამ სპეციალისტთა 85% კერძო სექტორშია დასაქმებული, რადგან სახელმწიფო კონკურსებში მონაწილეობა ეკრძალებათ, – აღნიშნავს ფოად აოდი, უცხოელ ექიმთა პროფკავშირების თავმჯდომარე. პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს მომუშავე ექიმთა 50% 2025 წლისთვის პენსიაზე გავა, რაც ნიშნავს, რომ იმ დროისთვის იტალიას 60 ათასი ექიმის ნაკლებობა ექნება.

2 კვირის წინ, 26 მარტს გამოცემა La Stampa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენეტოს (ვენეცია) რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამუშაოზე ისევ აჰყავთ თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ პენსიაზე გავიდნენ. საქმე ისაა, რომ ვენეტოს რეგიონის საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს ექიმები არ ჰყოფნით.

ვენეტოს გუბერნატორმა ლუკა ძაიამ განაცხადა, რომ ადგილობრივმა მთავრობამ საავადმყოფოების ხელმძღვანელებს სპეციალური ნებართვა მისცა პენსიაზე გასული თანამშრომლების სამსახურში დასაბრუნებლად.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეფასებით, რეგიონში ექიმი-სპეციალისტების უკმარისობის პრობლემა რომ მოიხსნას, აუცილებელია დაახლოებით 1300 ახალი თანამშრომელი.

კომენტარები