მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულობის ასაკი იტალიაში 75 წლიდან იწყება

„როიტერის“ ფოტო
იტალიის მცხოვრებლები სულ უფრო და უფრო ნელა ბერდებიან: დღეისათვის „ხანდაზმულად“ მეცნიერებმა ოფიციალურად მიიჩნიეს ადამიანები, რომლებმაც 75-წლიან ასაკობრივ ზღვარს გადააბიჯეს.

ახლახან რომში გამართულ იტალიის გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების ნაციონალურ კონგრესზე (Sigg) მეცნიერებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს: „დღეისათვის იტალიაში 65 წლის ადამიანები ისეთივე ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში არიან, როგორშიც იმყოფებოდნენ 40-45 წლისები სულ რაღაც 30 წლის წინათ, ხოლო 75 წლის ადამიანები ისეთივე ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში არიან, როგორშიც იყვნენ 55 წლის ადამიანები 1980 წელს“.

რა თქმა უნდა, მეცნიერებს ამ განცხადების საფუძველი აქვთ – დემოგრაფიული მონაცემები მეტყველებს, რომ იტალიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წლით გაიზარდა მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულთან შედარებით; თუმცა იტალიელები მარტო უფრო დიდხანს კი არ ცხოვრობენ, ჯანმრთელებიც რჩებიან – კვლევებით დამტკიცდა, რომ იტალიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 60-იდან 75 წლამდე ასაკში შესანიშნავ ფორმაშია და ქრონიკული დაავადებები არ აწუხებს.

ასე რომ, იტალიელი სპეციალისტები ამიერიდან ტერმინს „ხანდაზმული ადამიანი“ გამოიყენებენ მხოლოდ იმ პირთა შემთხვევაში, რომლებმაც 75-წლიან ასაკობრივ ზღვარს გადააბიჯეს.

კომენტარები