მსოფლიოიტალია

ევროკავშირის მიერ დაწუნებული იტალიის ბიუჯეტის პროექტი ამერიკას მოსწონს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იტალიაში ლუის აიზენბერგმა იტალიის მთავრობა შეაქო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის, – ამის თაობაზე იტალიური ინტერნეტგამოცემა SKY TG24 იუწყება.

ერთობლივი ამერიკულ-იტალიური ფორუმის დროს ელჩმა, აგრეთვე, მოიყვანა უფრო ადრე პრეზიდენტ ტრამპის მიერ თავის Twitter-ზე გამოქვეყნებული სიტყვები („კონტე მონდომებით მუშაობს ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად, იგი წარმატებას მიაღწევს“) და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა შესანიშნავ დონეზეა.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სწორედ იტალიის ბიუჯეტის პროექტის შექება ამერიკის მხრიდან (რომელიც იმდენად არ მოსწონს ევროკომისიას, რომ შესაძლოა სანქციების მიზეზიც გახდეს) შემთხვევითი სულაც არ არის: ამერიკის ადმინისტრაციაში იტალიის ხელისუფლების სახით, რომელიც ბრიუსელს ეწინააღმდეგება, თავიანთ პოტენციურ (ან უკვე რეალურ) მოკავშირეს ხედავენ.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ იტალიის მთავრობამ, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მიზნით (დღგ-ის ზრდის გაუქმება, საპენსიო ასაკის ზრდაზე უარის თქმა, სოციალური დაცვისკენ მიმართული პროექტები), 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში დეფიციტი გაზარდა 2%-იდან (გასულ წელს) 2,4%-მდე (თუმცა ევროკომისიას მიაჩნია, რომ დაგეგმილი ღონისძიებების გამო რეალურად დეფიციტი გაისად 2,9%, 2020 წელს კი – 3,1% იქნება). ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული ხარჯების ზრდას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი სახელწიფო ვალის შემთხვევაში (მშპ-ის 130%) იტალიამ საბიუჯეტო ხარჯები კი არ უნდა გაზარდოს და საპენსიო ასაკი კი არ უნდა შეამციროს, არამედ პირიქით – ეკონომია უნდა გაწიოს.

„ევროკავშირს არ შეუძლია მოგვთხოვოს ჩვენი მოქალაქეების ღალატი, დაპირებები უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში ქვეყნის უპარტიო პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

იტალიის ხელისუფლების არგუმენტი ევროკავშირის კრიტიკაზე არის ის, რომ ეკონომიის პოლიტიკამ არ გაამართლა და უკვე აჩვენა თავისი არაეფეტიანობა. ევროკომისიამ ოფიციალურად გააფრთხილა იტალია, რომ სანქციების პროცედურების დაწყებისთვის მოემზადოს.

რამდენიმე დღის წინ საუბარი იყო, რომ იტალია დეფიციტის 0,2%-ს დათმობს (მაგრამ არა უმეტეს; ანუ ბიუჯეტის დეფიციტს 2,2%-მდე შეამცირებს) – ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც ევროკავშირის პირველადი შესაძლო საჯარიმო სანქციის მოცულობა (3,6 მლრდ ევრო), თუმცა ევროკომისრების ნაწილი ამას მაინც არასაკმარისად მიიჩნევს.

30 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა მიანიშნა, რომ სანქციები არ იქნება. მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. შესაძლებელია იტალიის მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის 2%-იან მაჩვენებელზე შეჩერდეს, ამასთან, იტალიის ხელისუფლება დაგეგმილ რეფორმებზე უარს  არ იტყვის და აპირებს, ბიუჯეტის სხვა მუხლებთან დაკავშირებულ ხარჯებზე გააკეთოს ეკონომია (მათ შორის, ჯანდაცვის ხარჯებზე).

საპენსიო რეფორმა გაისად დაიწყება – როგორც სალვინიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, კვოტა 100 თებერვლიდან შევა ძალაში, ხოლო მთავრობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ამოქმედდება წესი, რომლის თანხმადაც, 41-წლიანი სტაჟის მქონე იტალიის მოქალაქეები პენსიაზე გასვლას შეძლებენ. საპენსიო რეფორმის შედეგად მთავრობა 600 ათასი სამუშაო ადგილის გამოთავისუფლებას ვარაუდობს. განისაზღვრება იტალიის მოქალაქის შემოსავლის მინიმალური ზღვარი (780 ევრო).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close