ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

საბანკო ვალების ჩამოწერის აქციაში „ვივუსიც“ ჩაერთვება

საბანკო ვალების ჩამოწერის აქციაში, რომელიც, ხელისუფლების დაპირებით, 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, კომპანია „ვივუსიც“ ჩაერთვება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ ვალების განულების პროცესში ჩართვის სურვილი კომპანია „ვივუსმაც“ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც თავდაპირველად უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო მთავრობის მიერ წამოწყებულ აქციაში, მოსახლეობისთვის ჩამოეწერათ 2000 ლარამდე ვალები.

ინფორმაცია აქციაში „ვივუსის“ ჩართვის შესახებ მოგვიანებით ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელებმაც დაადასტურეს. „ეს კომპანიაც ჩაერთო პროცესში და მიმდინარეობს მუშაობა მათთანაც“, – განაცხადა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა. მისივე ინფორმაციით, საიტი, რომელზეც მოვალეთა სია აიტვირთება, ტექნიკურად მზად არის, მაგრამ ამ ეტაპზე სიებს აზუსტებენ საკრედიტო დაწესებულებებთან ერთად. „ველოდებით სიების მოწოდებას და როგორც კი მივიღებთ, ინფორმაცია აისახება საიტზე“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

Vivus.ge არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის, „4ფინანსის“ წარმომადგენელი ბრენდი საქართველოში. კომპანია სესხს მხოლოდ 20 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებზე გასცემს.

შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა საქართველოში დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. ე. წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close