საბერძნეთში სუვლაკი ძვირდება – რა შუაშია ჩინეთი?
პირველი მაისიდან საბერძნეთში მნიშვნელოვნად გაძვირდება ყველასათვის საყვარელი სუვლაკი – მისი ფასი სამ ევროს გაუტოლდება. ამის თაობაზე ბერძნული მედია წერს.
სუვლაკის ფასმა უკვე დიდი ხანია გადააჭარბა ორი ევროს ნიშნულს და ამჟამად საშუალოდ 2 ევრო და 20 ცენტი ღირს. ნააღდგომევს მისი ფასი კიდევ 30 პროცენტით მოიმატებს.
როგორც აღმოჩნდა, ეს არასასიამოვნო სიახლე ღორის ხორცის ფასის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საერთაშორისო ბაზარზე კი ღორის ხორცის ფასი იმიტომ იზრდება, რომ ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროდუქტის იმპორტი, რადგან რამდენიმე თვის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გამო, ჩინეთი იძულებული გახდა მილიონობით დაავადებული ღორი დაეხოცა.
საბერძნეთი იმპორტირებულ ღორის ხორცს მოიხმარს და მასში, შესაბამისად, გაზრდილ ფასს იხდის. ბერძენი ხორცის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ერთ წელიწადში ჩინეთი ისევ აღადგენს ღორის ხორცის წარმოებას, რაც საერთაშორისო ფასებზეც დადებითად აისახება.
სანუგეშოდ შეგვიძლია დავამატოთ, რომ ცხვრის ხორცის ფასი წელს სააღდგომოდ შარშანდელთან შედარებით შემცირდება. ამჟამად ერთი კილო ბერძნული ცხვრის ხორცი დაახლოებით შვიდი ევრო ღირს.
მსგავს თემაზე: ცურეკი – ბერძნული ტრადიციული სააღდგომო კულიჩი
კომენტარები