მეხის ჩამოვარდნის გამო აკროპოლისზე 4 ადამიანი დაშავდა, ძეგლი დროებით დაიკეტა

აკროპოლისზე მდებარე ერექტეიონის ტაძარს მეხი ოთხშაბათს, 17 აპრილს დაეცა და 2 ტურისტი და 2 მცველი დააშავა, რომლებიც ტაძრის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ფაქტის გამო და კვლავ ძლიერი წვიმისა და ელჭექის მოლოდინში აკროპოლისი დღეს, 18 აპრილს დღისით ტურისტებისთვის დროებით დაიკეტა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ამ დღეებში საბერძნეთის ტერიტორიაზე გავრცელებულმა ციკლონმა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი მოიტანა. მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 17 აპრილს მეტეოროლოგებმა 10-იდან 12 ათასამდე მეხის ჩამოვარდნა დააფიქსირეს, ნალექების რაოდენობამ 30 მმ-ს მიაღწია.

ათენის ნაციონალური ობსერვატორიის მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქის ატიკის რეგიონში 700 მეხი ჩამოვარდა, ყველა – 16 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა.

მეტეოროლოგების თქმით, ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია შაბათს, თუმცა კარგი ამინდი მხოლოდ 2-3 დღეს გაგრძელდება. ტემპერატურა დღისით 12-21 გრადუსი იქნება, ღამით – 10 გრადუსი ქალაქში, ხოლო მთისპირა რაიონებში  6 გრადუსამდე დაეცემა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები