fbpx
პოლიტიკასაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ათენის ცენტრში ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება აღმართეს

ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება დადგეს 17 აპრილს ათენში, ამალიასის პროსპექტზე, სინდაღმის ახლოს. დიდი მხედართმთავრის ძეგლის სიმაღლე 3,45 მეტრია, სიგრძე კი – 3,8 მეტრი. მისი ავტორია ცნობილი მოქანდაკე იანის პაპასი.

ალექსანდრე მაკედონელის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას (ახლა უკვე ოფიციალურად – ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) შორის ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბა პრესპასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, როდესაც საბერძნეთის მეზობელი პოსტიუგოსლავიური პატარა სახელმწიფოს სახელწოდების თაობაზე 27-წლიანი დავა დასრულდა.

ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება 3 მეტრი სიმაღლის პოსტამენტზე დადგეს, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია სკულპტორის და ალექსანდრე მაკედონელის სახელები.

ქანდაკება 1993 წელს შეიქმნა, როდესაც ათენსა და სკოპიეს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო. ის კულტურის სამინისტრომ შეიძინა და შემდეგ ათენის მუნიციპალიტეტს გადასცა.

თავად სკულპტორი ძეგლის დადგმას ვერ მოესწრო – იგი 2005 წელს გარდაიცვალა. ბუცეფალზე ამხედრებული ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება თავდაპირველად იანის პაპასის ბაღში ინახებოდა, ათენის ზოგრაფუს რაიონში, შემდეგ კი ბენაკის მუზეუმში დაიდო ბინა.

ფოტო: INTIME NEWS/ΛΙΑΚΟΣ ΓΙΑΝΝΗΣ

ცოტა ხნის წინ სკულპტორის მემკვიდრეებმა განაცხადეს, რომ თავად დაფარავდნენ ათენში ძეგლის აღმართვის ხარჯებს, როგორც ავტორმა ანდერძით დაიბარა.

***

აქვე მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტის მთავარ ტერმინალში მდგარი ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება გასული წლის პირველ მარტს აიღეს. ეს ჟესტი სკოპიეს მხრიდან საბერძნეთისა  და ბერძენი ხალხის მიმართ გამოჩენილი კეთილი ნების გამოხატულება იყო. ბუცეფალზე ამხედრებული მაკედონელის 2-მეტრიანი ქანდაკება სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტის მთავარ ტერმინალში 2011 წელს აღმართეს. ის აეროპორტის მმართველმა თურქულმა კომპანიამ, TAV-მა აჩუქა სკოპიეს.

ფოტო: AP

აეროპორტიდან ძეგლის აღებამდე რამდენიმე ხნით ადრე სახელი გადაარქვეს სკოპიეს მთავარ ავტომაგისტრალს და აეროპორტს – 2018 წლის თებერვლამდე ორივე მათგანი ალექსანდრე დიდის სახელს ატარებდა.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: „ჩვენ ევროპა არ ვართ… ეს მაკედონიაა!“ – მცირე ინციდენტი, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს შეემთხვა საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს 30-ე წევრი ხდება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close