კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

წარმოუდგენელი ტრაგედია ათენში: ქალმა მე-5 სართულის აივნიდან გადმოაგდო თავისი 4 წლის გოგონა და თვითონაც გადმოხტა

წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა ათენის ნეოს კოზმოსის რაიონში გუშინ, 19 მარტს, ნაშუადღევს – 40 წლის ქალმა მე-5 სართულის აივნიდან გადმოაგდო თავისი 4 წლის გოგონა და შემდეგ თვითონაც გადმოხტა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, პატარა გოგონა კი, რომელსაც პულსი არ აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა რეანიმაციული ღონისძიებების ჩასატარებლად, თუმცა ექიმების მცდელობა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.

დრამა გუშინ ათენის დროით 16:30 სთ-ზე დატრიალდა თვითმხილველთა თვალწინ; შემთხვევას შეესწრო ოჯახის უფროსიც, რომელიც შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა ადგილზე.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება: „დავინახე, რომ გოგონა აივანის მოაჯირზე გარედან იყო ჩაჭიდებული. ბავშვი ტიროდა და მამას უხმობდა, იქვე იყო დედამისიც. დავუძახე „რას აკეთებთ?“ მან მშვიდად მიპასუხა: „შენ რა გინდა?!“ და უცბად ბავშვი ქვემოთ წამოვიდა. ბავშვს დედაც გადმოჰყვა…“

ქალის საქციელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ზოგი მეზობლის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, სხვები კი ამბობდნენ, რომ პირიქით – ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და დედა სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა.

ტელეარხ Alpha-ს ინფორმაციით, ერთი ქალი, რომელიც ქვემოთ იმყოფებოდა და ხედავდა, რაც ხდებოდა, შეეცადა დაერწმუნებინა პოტენციური თვითმკვლელი, არ ჩაედინა ეს საქციელი. ქალმა თქვა, რომ ამ დროს შენიშნა, როგორ მივიდა სადარბაზოს შესასვლელთან ოჯახის მამა და როდესაც დაინახა, რაც ხდებოდა, მომენტალურად გაიქცა მე-5 სართულზე, თუმცა ბინაში ვერ შევიდა, რადგან, როგორც ჩანს, ცოლმა კარი შიგნიდან დაბლოკა. შემდეგ მამაკაცმა მეზობლების ბინის კარზე დაიწყო კაკუნი, რომ მათი აივნიდან გადასულიყო თავის აივანზე, თუმცა მეზობლები სახლში არ აღმოჩნდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება ტრაგედიის მიზეზების დასადგენად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close