იტალიის პრეზიდენტმა ორი მოქალაქე შეიწყალა, რომლებმაც ალცჰაიმერით დაავადებული ცოლები მოკლეს
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ორი ხანდაზმული მოქალაქე შეიწყალა, რომლებმაც ალცჰაიმერით დაავადებული ცოლები მოკლეს.
ორივე მოქალაქემ დანაშაული ჩადენისთანავე აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მკვლელობა მეუღლეებისთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით ჩაიდინეს. ერთმა მათგანმა, ფლორენციელმა ჯანკარლო ვერჯელიმ ალცჰაიმერით დაავადებული თავისი 88 წლის ცოლი ბალიშით გაგუდა და მაშინვე პოლიციას ჩაბარდა; მეორემ, პრატოს მკვიდრმა 89 წლის ვიტანჯელო ბინიმ თავისი ცოლი იარაღით მოკლა მას შემდეგ, რაც ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პრატოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან შეაღწია პალატაში და ცოლს სამჯერ ესროლა. „ვერ დავუშვებდი მის ტანჯვას“, – განუცხადა პოლიციას მოხუცმა კაცმა.
ვერჯელის სასამართლომ 7 წელი და 8 თვე ციხე მიუსაჯა, ბინის კი – 6,5 წელი, თუმცა იტალიის სახელმწიფოს მეთაურის შეწყალების აქტით ისინი გათავისუფლდნენ.
იმავე ბრძანებულებით იტალიის პრეზიდენტმა შეიწყალა 79 წლის ფრანკო დრი, რომელმაც პორდენონეში საკუთარი ნარკომანი ვაჟიშვილი მოკლა. საქმე ის არის, რომ ეს უკანასკნელი მშობლების ოჯახს ატერორებდა. ჯანმრთელობაშერყეულ მოხუც კაცს მიჯილი 6 წლიდან 3 წელი და 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. ფრანკო დრის შეწყალების მოთხოვნით ფიუმე ვენეტოს მცხოვრებლებმა 1000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს; შეწყალებას ითხოვდნენ მისი ცოლი და მეორე ვაჟიშვილიც.
სერჯო მატარელამ მკვლელობაში მსჯავრდებული 3 ხანდაზმული მოქალაქის შეწყალების საფუძვლად დაასახელა მათი ასაკი, სუსტი ჯანმრთელობა, სამართალდამცველი ორგანოების თანხმობა შეწყალებაზე, აგრეთვე, ამ მოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების „განსაკუთრებული გარემოებები“.
წყარო: https://corrierefiorentino.corriere.it/firenze/notizie/cronaca/19_febbraio_15/mattarella-concede-grazia-due-anziani-che-uccisero-mogli-malate-alzheimer-0e098bea-311a-11e9-a827-7fddbc7108be.shtml
კომენტარები