ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„მადლობელი ვარ ამ უზარმაზარი ქვეყნის, რომელიც ოცნებების ასრულებაში დამეხმარა“

თამუნა ჩორგოლაშვილი ერთ-ერთია იმ იღბლიანთა შორის, ვინც „მწვანე ბარათი“ მოიგო და აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად. ახლა იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, დაამთავრა  KINGSBOROUGH COMMUNITY COLLEGE-ის სტომატოლოგიური ფაკულტეტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს. „მადლობელი ვარ ამ უზარმაზარი ქვეყნის, რომ დამეხმარა მიზნების განხორციელებასა და ოცნებების ასრულებაში“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

თამუნა, როგორც ვიცი, მწვანე ბარათისლატარეის გათამაშებაში გაიმარჯვეთ. როდის გაემგზავრეთ საქართველოდან?
ნიუ-იორკში 2011 წელს ჩამოვედი დედასთან ერთად.

როდესაც უცხო ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება გაქვს, შედარებით ადვილია, თუმცა ალბათ მაინც გაგიჭირდათ თავიდან.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა ემიგრანტისთვის, ჩემთვისაც პირველი ეტაპი იყო დამაბნეველი და რთული, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით მალევე ავყევი აქაურ რიტმს. ძალიან დამეხმარა ის, რომ სალაპარაკო ინგლისური უკვე ვიცოდი.

მუშაობთ?
გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი მოხუცთან, თუმცა მივხვდი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დამეწყო საკუთარი მიზნების განხორციელება და სწავლა.

პარალელურად ვმუშაობდი ქართულ კაფე „მცხეთაში“, სადაც ძალიან თბილი და ოჯახური გარემო იყო. სწავლის პერიოდში ასევე ვიყავი დაკავებული მსოფლიო სტუდენტური ასოციაციის საქმიანობით და ვიყავი ამ ასოციაციის პრეზიდენტი 2015-2016 წლებში. ვატარებდით საქველმოქმედო საღამოებს, ვეხმარებოდით სტუდენტებს და არა მხოლოდ სტუდენტებს.

ოჯახი ამერიკაში შექმენით?
3 წლის წინ საქართველოდან ჩამოვიდა ჩემი მეუღლე, შეგვეძინა გოგონა, დავამთავრე კოლეჯში სწავლა და ამჟამად დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. მინდა ჩემს შვილს შევასწავლო ქართული ენა, კულტურა, ისტორია, რელიგია; მინდა ისევე უყვარდეს საქართველო, როგორც ყველა ქართველს.

რას აპირებთ მომავალში?
გაზაფხულიდან ვუბრუნდები ჩემს ჩვეულ რიტმს, ვაგრძელებ სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და მუშაობას ვიწყებ ჩემი პროფესიით. ძალიან მიყვარს და მადლობელი ვარ ამ უზარმაზარი ქვეყნის, რომ დამეხმარა მიზნების განხორციელებასა და ოცნებების ასრულებაში.

საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?
ძალიან მინდა დავბრუნდე საქართველოში და მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს სამშობლოს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close