ფატუნა გიორგაძე-ბუშიჰედი: „მთავარია აბსოლუტური მიქსი და სინთეზი შექმნა იმ სამოსისგან, რომელიც გიხდება“

ფატუნა გიორგაძე-ბუშიჰედი – მაღალი მოდის ორიგინალური ხელწერის ქართველი დიზაინერი უცხოეთში საკმაოდ პოპულრულია. იგი ბოლო 5 წელია პარიზში სისტემატურად აწყობს ჩვენებებს და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც უცხოეთში თქვენი შექმნილი სამოსის ჩვენებებს აწყობთ. როგორ დაიწყო თქვენი კარიერა მოდის სამყაროში?

თავდაპირველად ამერიკაში გავემგზავრე კარიერის შესაქმნელად 2008 წელს. ჩემმა შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმართავ ჩვენებებს. ბოლო 5 წელია, პარიზში მაქვს ჩვენებები.

როგორც ვიცი, სტომატოლოგიური დაამთავრეთ, თუმცა ძალიან გინდოდათ მსახიობობა, საბოლოოდ კი დიზაინერი გახდით.

თავიდანვე მაინტერესებდა ხატვა და დიზაინი, თუმცა ჩემი ძმების თხოვნით სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.
შინაგანად ყოველთვის ხელოვანი ვიყავი, ყოველთვის მქონდა ხელოვნების მეშვეობით სილამაზის შექმნის და საზოგადოებამდე გასაგები ენით მიტანის სურვილი. როგორც იტყვიან ხოლმე, საკუთარ გულისხმას დავუგდე ყური და ვეცადე ჩემში არსებული ყველა ეს იდეა წინა პლანზე გამომეტანა.

უცხოეთის მოდის სამყაროში დამკვიდრება როგორ მოახერხეთ?

ზოგადად, უცხოეთში და განსაკუთრებით მოდის უზარმაზარ სამყაროში თავის დამკვიდრება ნამდვილად არ არის მარტივი. ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ჩემი შრომის და იმ დროის დამსახურებაა, რომელიც ამ საქმეს დავუთმე.
დასახული მიზნის მიღწევა გაცილებით მარტივია, უფრო მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, რა გინდა ცხოვრებაში. ოცნებასთან ერთად დიდი შრომაა საჭირო, რასაც შედეგიც მოსდევს.

ამჟამად საფრანგეთში თანამშრომლობთ ცნობილ დიზაინერებთან, უფრო ვრცლად გვიამბეთ ამის შესახებ: როგორ დაიწყო ყველაფერი?

საფრანგეთიდან ცნობილი პროდიუსერები დამიკავშირდნენ – მათ ჩემი ჩვენებები ჰქონდათ ნანახი და დაინტერესდნენ. მითხრეს, თუ ყველანაირ კონტრაქტს გააუქმებ, შენ გვერდით ვიქნებითო. თანამშრომლობა სხვადასხვა კრიტერიუმს გულისხმობდა, გარკვეულ ჩარჩოებს – მაგალითად, არ უნდა მიმეცა ინტერვიუ მათ გარეშე, მათთან შეუთანხმებლად არ უნდა დავსწრებოდი ჩვენებებს და სხვა… ჩვენი ურთიერთობა უკვე მეხუთე წელია გრძელდება. ბრენდის მენეჯმენტს, პროდიუსინგს, ბრენდის წინსვლას რაც კი სჭირდება, მოდელების კასტინგს და ასე შემდეგ – ყველაფერ ამას  ჩემი ბრენდმენეჯერები და პროდიუსერები აკეთებენ პარიზში.

ბევრ დიზაინერს ვიცნობ და ბევრი მეგობარი მყავს მოდის სფეროში საზღვარგარეთ. ჩვენი ურთიერთობა, ძირითადად, ასეთია: მაგალითად, ეწყობა ფოტოსესია – მოდელს აცვია ჩემი კაბა, „დიორის“ პიჯაკი, „შანელის“ ფეხსაცმელი და ა. შ.

 რა არის ის მთავარი რამ, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ? 

წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობა და მუდმივი პროფესიული ზრდა… ამის მერე კი უნდა დაელოდო დიდ წარმატებას.

მაინც უფრო საქართველოში ამჯობინებთ ყოფნას, ხომ?

რა თქმა უნდა! საქართველო ვერაფერმა შემიცვალა. საქართველოში, კერძოდ, თბილისში მაქვს ჩემი სახელოსნო და აქ შექმნილ ნამუშევრებს საზღვარგარეთ წარვადგენ ხოლმე.

როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი?

როდესაც ახალ კოლექციას ვქმნი, ძალიან დატვირთული ვარ; ზოგჯერ დღე არ მყოფნის, ღამეც ვმუშაობ. ვფიქრობ დეტალებზე, სილუეტზე, ფერთა შეხამებაზე. ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვქმნი კოლექციას. საერთოდ, რაც უფრო დატვირთული ვარ, მით მეტად ვივსები ენერგიით.

თან 3 შვილის დედაც ხართ, გაგვაცანით თქვენი შვილები…

სიამოვნებით გაგაცნობთ ჩემს ქალიშვილს: ქელი 12 წლისაა და სამი წლიდან გამოდის ჩემს ჩვენებებზე. მყავს კიდევ ორი შვილი: 21 წლის სანდრო  და 6 წლის ადრიანა, რომელიც ჯერჯერობით არ გამოსულა პოდიუმზე.

თქვენი მეუღლე – ჯანი სად გაიცანით?

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ჯანი  თბილისში გავიცანი 2003 წელს. ის ნამდვილი ამერიკელია – ნახევრად ინდიელი, დედით კი – ფრანგი.

ამჟამად თუ მუშაობთ ახალ პროექტზე?

დიახ, ვმუშაობ ახალ კოლექციებზე. თითქმის არასდროს ვჩერდები და სულ ახლის ძიებაში ვარ.

როგორ შეაფასებდით ქართველების დამოკიდებულებას მოდის მიმართ და როგორ სამოსს უნდა მია­ნი­ჭო უპი­რა­ტე­სო­ბა ადამიანებმა, რომლებსაც სურთ, მოდის ტენდენციებს მიჰყვნენ?

სულ აღვნიშნავ, რომ ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა გემოვნებით, ჩაცმის კულტურით. ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, ქართველები ასი წლის წინათაც გამორჩეულად და მოდის ტენდენციების შესაბამისად იცვამდნენ. რაც შეეხება სამოსს, უპირატესობა მიანიჭეთ იმას, თქვენ რაც გიხდებათ და რაშიც კომფორტულად გრძნობთ თავს. საუკეთესო „სამოსია“ საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა… და კიდევ, ნებისმიერ დროს განწყობა უმთავრესია.

რა ტენდენციებს გვთავაზობს 2019 წლის მოდა?

მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მოდის ტენდენციებს თვალს ვადევნებ-მეთქი. ჩემი აზრით, მთავარია აბსოლუტური მიქსი და სინთეზი შექმნა იმ სამოსისგან, რომელიც გიხდება.

როგორია თქვენი, როგორც შემოქმედის, კრედო?

გაცილებით მეტი შევქმნა ხვალ, ვიდრე გუშინ შევქმენი.

დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ, წარმატებებს გისურვებთ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები