გამოსაშვები გამოცდები წელს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაც გაუქმდა!

გამოსაშვებ გამოცდებს მე-12-კლასელები უკვე მიმდინარე წელს აღარ ჩააბარებენ, – ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ვალდებულებისგან მიმდინარე წელს მხოლოდ მე-11-კლასელები თავისუფლდებოდნენ, მე-12-კლასელები კი სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს 2020 წლიდან აღარ ჩააბარებდნენ.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს – მე-11 და მე-12 კლასელებს. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები