ეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკრეტს კვოტა 100-ის და სოციალური დახმარების შემოღების შესახებ

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელშიც მოცემულია საპენსიო ასაკის შემცირების (კვოტა 100-ის შემოღების) და სოციალური დახმარებების შემოტანის (იტალიის მოქალაქის მინიმალური შემოსავალი) დებულებები. ამ დეკრეტით იტალიის ხელისუფლება ერთდროულად იწყებს ორ მთავარ დაპირებულ რეფორმას, – ამის თაობაზე დღეს, 28 იანვარს AFFARI  ITALIANI იუწყება.

„იტალიაში ისევ არის „სოციალური სახელმწიფო“, რომელიც ამცირებს უსამართლო უფლებამოსილებებს და მოქალაქეებს აუცილებელ სოციალურ დახმარებას უწევს“, – ასეთი კომენტარით აღნიშნა ლუიჯი დი მაიომ პრეზიდენტის მიერ დეკრეტის ხელმოწერა.

ორივე რეფორმა ერთი და იმავე დეკრეტის საფუძველზე ამოქმედდება ორი მმართველი პარტიის ინტერესთა დაბალანსების უზრუნველსაყოფად: საპენსიო ასაკის შემცირება მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ინიციატივა იყო, ხოლო მოქალაქის მინიმალური შემოსავალი – დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება.

ახალი წესების მიხედვით, იტალიის მოქალაქეებს პენსიაზე გასვლა შეუძლიათ არა 66-67 წლის ასაკში, როგორც ამჟამად ხდება, არამედ უფრო ადრე – 62 წლის ასაკში (ამაზე უფრო ადრე – აღარ), თუ ასაკის და სამუშაო სტაჟის ჯამი 100-ს უდრის (62 წლის შემთხვევაში სტაჟი მინიმუმ 38 წელი უნდა იყოს).

მოქალაქის მინიმალური შემოსავალი კი იმას ნიშნავს, რომ არცერთი იტალიელი არ მიიღებს 780 ევროზე ნაკლებ შემოსავალს (ხელფასს ან პენსიას).

ახლა მთავრობას უკვე შეუძლია დეკრეტი დასამტკიცებლად დეპუტატთა პალატაში შეიტანოს. როგორც ცნობილია, ორივე რეფორმის დაწყება ზაფხულისთვის იგეგმება (თავიდან თებერვალი იყო დასახელებული, მაგრამ ჩვენი მკითხველისთვის ცნობილი მიზეზების გამო ვადამ რამდენიმე თვით გადაიწია).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close