საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, იტალიელი ხალხი უკეთეს ლიდერებს იმსახურებს

„იტალიელი ხალხი საფრანგეთის მეგობარია და თავისი დიადი ისტორიის შესაფერის ლიდერებს იმსახურებს“, – განაცხადა 28 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეგვიპტეში თავისი ვიზიტის პირველ დღეს. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „ევრონიუსი“ იუწყება.

მაკრონმა აღნიშნა, რომ არ აპირებს უპასუხოს იტალიის მმართველი პარტიების ლიდერების კრიტიკას.

როგორც ცნობილია, იტალიისა და საფრანგეთის ხელძღვანელობას შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი მიგრანტების დაღუპვის ტრაგიკული ინციდენტები. იტალიის მთავრობა კვლავ უარზეა, რომ მიგრანტების გემებისთვის თავისი პორტები გახსნას, რის გამოც საფრანგეთი იტალიას აკრიტიკებს. ვიცე-პრემიერმა დი მაიომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საფრანგეთი აფრიკას კვლავაც ისე ეპყრობა, როგორც თავის კოლონიას. ამის გამო იტალიის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. სალვინიმ, თავის მხრივ, საფრანგეთი მიაკუთვნა ქვეყნებს, რომლებიც „აფრიკას ძარცვავენ“. საფრანგეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ არ აპირებენ იტალიის ხელისუფლებას „უგნურების დონეში შეეჯიბრონ“.

დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ნამდვილი მიზეზია დაპირისპირება აფრიკაში ლიდერობისთვის, აგრეთვე, მოახლოებული არჩევნები ევროპარლამენტში, რომელიც მაისში გაიმართება და გამარჯვებისთვის ორი ქვეყნის ლიდერები „ბარიკადების სხვადასხვა მხარეს“ იბრძოლებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები