ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართველი „დედა ტერეზა“ იტალიაში

„სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რაც საშუალებას მომცემს, რომ საქართველოში დაბრუნებულმა, არსად წასვლაზე აღარ ვიფიქრო“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას მაია ლომიძე, რომელიც 2012 წლიდან იტალიაში იმყოფება და იქ იმდენ სასიკეთო საქმეს აკეთებს თანამემამულეებისთვის, რომ მეგობრები „დედა ტერეზასაც“ კი ეძახიან.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წლის და სამი თვის დათა ყურაშვილი, რომელიც ოთხივე კიდურის პარეზით დაიბადა, მის მიერ დაარსებული ჯგუფის, „იტალიის ცის ქვეშ – l’anima Georgiana“ შვილობილია. ქალბატონი მაია ხელმძღვანელობს ყოველთვიურ საქველმოქმედო საღამოს „ლიტერატურული ესტაფეტა“, 2017 წელს „ემიგრანტთა ერთობამ“ იგი „წლის ყველაზე მეგობრულ ადმინისტრატორად“ დაასახელა… დანარჩენს თავად მაია ლომიძის ძალიან გულწრფელი, საინტერესო და ამაღელვებელი ინტერვიუდან შეიტყობთ:

მაია, მოგვიყევით თქვენ შესახებ: რა პროფესიის ქალბატონს ვესაუბრებით, როდის და რატომ წახვედით იტალიაში? რომელ ქალაქში ცხოვრობთ ამჟამად, რას საქმიანობთ?
მე გახლავართ მაია ლომიძე, 48 წლის. დავიბადე და გავიზარდე ბორჯომში. დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. ჩემი სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. 90-იანი წლები ის პერიოდი იყო, როდესაც ჩემი თაობის ადამიანებს არ მიეცათ პროფესიული განვითარების საშუალება და, როგორც იცით, „დაკარგულ თაობასაც“ კი გვეძახიან.

იტალიაში 2012 წელს წამოვედი. წამოსვლა მოულოდნელად არ გადამიწყვეტია, სამი წელი ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. კარგად მქონდა გაცნობიერებული, თუ რა სირთულეების გადალახვა მომიწევდა. იმ დროისთვის ჩემი ყველა შესაძლებლობა ამოვწურე: 500-600 ლარით შეუძლებელი იყო სტუდენტი და აბიტურიენტი შვილების შენახვა, ოჯახის რჩენა და მხოლოდ ამის შემდეგ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ამჟამად ვიმყოფები ქალაქ ბარიში და, როგორც დანარჩენი ემიგრანტების დიდი ნაწილი, მეც ვმუშაობ ოჯახში, მოხუცის მომვლელად.

უცხო გარემოში ადაპტაცია როგორ მოახერხეთ? ალბათ საკმაოდ რთული იყო პირველი დღეები, თვეები…
წამოსვლამდე დავდიოდი კერძო მასწავლებელთან ენის შემსწავლელ კურსებზე, რაც ძალიან დამეხმარა და გამიადვილა ადაპტაცია. აგრეთვე, დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში 18 წელი ვმუშაობდი ოჯახებში (ძიძად, დამხმარედ, მომვლელად…) და უკვე მქონდა საკმარისი გამოცდილება იმ საქმეში, რაც აქ უნდა მეკეთებინა.

ჩემი იტალიაში ჩამოსვლა ხუთშაბათ დღეს დაემთხვა, რომელიც ქართველებისთვის დასვენების დღეა. ამ დღეს განსაკუთრებით ქალაქი ბარი გამოირჩევა ქართველების სიმრავლით. ერთად ამდენი ქართველი ქალის დანახვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს პირდაპირპროპორციული იყო საქართველოში უდედოდ დარჩენილი ბავშვების, უქალოდ დარჩენილი ოჯახების… რამაც შოკში ჩამაგდო და პირველი 5 წელი არცერთ ხუთშაბათს გარეთ არ გამოვსულვარ.

ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ – ჯგუფი გაქვთ შექმნილი და თანამემამულეებს ახალ ინფორმაციებს აწვდით, ყოველდღიურად უზიარებთ ერთმანეთს ფიქრებს, პრობლემებს, სიხარულსა და ტკივილს… გარდა ამისა, სხვა რა კონკრეტულ მიზნებს ისახავს ეს ჯგუფი?
ემიგრაციაში ძალიან ბევრი ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანია წამოსული. ისე მოხდა, რომ ჩემ გარშემო ამ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა მოიყარა თავი და ერთ გუნდად შევიკარით. შევქმენი ჯგუფი „იტალიის ცის ქვეშ – l’anima Georgiana“, რომელიც ფაქტობრივად არსებობს და არა მხოლოდ ვირტუალურად. ჩავატარეთ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, შევუერთდით ფონდს – „ემიგრანტთა ერთობა“ და ბევრი სოციალურად გაჭირვებული ოჯახი გავახარეთ; ხანდაზმულთა სახლს – „სახლი საზღვრებს გარეშე“ და „კათარზისს“ გავუგზავნეთ საახალწლო ამანათები; წლის და სამი თვის დათა ყურაშვილი, რომელიც ოთხივე კიდურის პარეზით დაიბადა, ჩვენი ჯგუფის შვილობილია და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დავეხმაროთ მის დედას, ნანა ბერიშვილს…

ვხელმძღვანელობ ყოველთვიურ საქველმოქმედო საღამოს „ლიტერატურული ესტაფეტა“, რომელშიც ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტები მონაწილეობენ. სხვათა შორის, 2017 წელს „ემიგრანტთა ერთობამ“ ჩვენი ჯგუფი „ყველაზე მეგობრულ ჯგუფად“ დაასახელა და მე, როგორც მისი დამფუძნებელი და ადმინისტრატორი, „წლის ყველაზე მეგობრულ ადმინისტრატორად“ დამასახელეს. ჩვენი ჯგუფი „იტალიის ცის ქვეშ – l’anima Georgiana“ დარეგისტრირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის ოფიციალურ ვებგვერდზე და ველოდებით დაფინანსებას 2019 წლის ბიუჯეტიდან. ახლა ვაყალიბებთ თეატრალურ დასს და ზაფხულისთვის დაგეგმილი გვაქვს სპექტაკლის ჩვენება.

„წლის ყველაზე მეგობრული ადმინისტრატორის“ მედალი

ამდენ რამეს როგორ ასწრებთ?
მთავარია დროის სწორად განაწილება. არ მიყვარს იმ საქმის გადადება ხვალისთვის, რომელიც შემიძლია დღეს გავაკეთო. თითოეული წუთი მაქვს გათვლილი… და კიდევ, მონდომება, თუ მოვინდომებთ, შეუძლებელი არაფერია. სულ ესაა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ მარიამობას დაბადებული, სვეტიცხოვლობას მონათლული და გიორგობას ჯვარდაწერილი, ყოველთვის ვგრძნობ უფლის ხელს ჩემს ცხოვრებაში.

თებერვალში ვისი საქველმოქმედო საღამოს გამართვა გაქვთ დაგეგმილი? ამჯერად ვის დაეხმარებით?
თებერვალში დაგეგმილი გვაქვს ქალბატონ ნატალია შავაძის პოეზიის საღამო. ისევ დათა ყურაშვილის დედას, ნანა ბერიშვილის უნდა დავეხმაროთ.

თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და ქართველები ერთად სადმე წასვლას და განტვირთვას თუ ახერხებთ?
მართალია, თავისუფალი დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, ეს დრო ერთად გავატაროთ და მთლიანად დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას მოვახმაროთ. ზაფხულობით ექსკურსიებს ვხელმძღვანელობ, ვეცნობით იმ ქვეყნის კულტურას, არქიტექტურას, ხელოვნებას, სადაც წლობით გვიწევს ცხოვრება. იტალია ხომ ერთი დიდი მუზეუმია თავისი ღირსშესანიშნაობებით. თითქმის მთელი აპულიის რეგიონი შემოვიარეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ არ მოვდუნდეთ, აქტიური ცხოვრებით ვიცხოვროთ და ნაკლები დრო დაგვრჩეს დარდის, ფიქრისა და დეპრესიისთვის.

მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად

რა არის ამ „დარდის, ფიქრისა და დეპრესიის“ მთავარი მიზეზი, ემიგრანტების ძირითადი პრობლემა?
პირველი პრობლემა ოჯახებისგან წლობით მოშორება, სიმარტოვე და მონატრებაა. იტალიაში 7 წელია არანაირი კანონი არ გამოსულა ლეგალიზაციის შესახებ და ამის გამო ვერ ვახერხებთ, თუნდაც წელიწადში ერთხელ, სამშობლოში დაბრუნებას. თითქმის ერთი წელია გაგვიუქმდა უფასო სამედიცინო მომსახურება. უმეტესობა ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს, რადგან ყველაფერი, ანალიზებით დაწყებული, წამლებით დამთავრებული, ფასიანია. ახალი ჩამოსულებისთვის დიდი პრობლემა ენის არცოდნაა. ბევრმა არ იცის, აგრეთვე, საკუთარი უფლებები და მოვალეობები, რაც ხშირად გაურკვევლობას ქმნის.

ალბათ ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივების დამოკიდებულებაც…
სამხრეთი იტალია ბევრად უფრო თბილი და კეთილგანწყობილია ემიგრანტების მიმართ, ვიდრე ჩრდილოეთი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იტალია სავსეა სხვა ქვეყნის ემიგრანტებითაც, ქართველები მაინც ყველასგან გამოვირჩევით როგორც ფიზიკურად, ისე ჩვენი კულტურით, განათლებით, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით, ერთგულებით… და ყოველთვის მეტ უპირატესობას გვანიჭებენ.

როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი განსხვავებაა ჩვენს ორ კულტურას, ჩვენს ხალხებს შორის?
იტალიელები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი ქვეყნის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას; უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ ნაწარმს, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილთან შედარებით. ძალიან მომწონს მათი დამოკიდებულება სწორი კვების მიმართ; ტრადიციულად, სადილი პუნქტუალურად, ზუსტად ერთსა და იმავე დროსაა და მთელი ოჯახი ერთად სადილობს. არ იციან ჩვენსავით გადაჭარბებული ქორწილები, დაბადების დღეები, დღესასწაულები…. ცდილობენ, რაც შეიძლება გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ მეტი სიამოვნება.

თქვენი აზრით, ცვლის გარემო პირობები ადამიანს?
ამასთან დაკავშირებით ერთ შედარებას მოვიყვან, რომელიც სადღაც იგავის სახით მაქვს წაკითხული: თუ სტაფილოს, კვერცხს და ყავას ცალ-ცალკე ჩავუშვებთ მდუღარე ჭურჭელში, აღმოჩნდება, რომ სტაფილო, რომელიც მაგარი იყო, მდუღარეში მოხვედრის შემდეგ დარბილდება. კვერცხი, რომელიც ადრე მსხვრევადი და თხევადი იყო, გამაგრდება – გარედან ორივე შეინარჩუნებს სახეს, მაგრამ შიგნიდან შეიცვლება. იგივე ხდება ადამიანებშიც: გარეგნულად ძლიერი ადამიანები აგრესიულ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება დასუსტდნენ, ხოლო ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი ადამიანები იმავე გარემოში უფრო გაძლიერდნენ… ყავა მთლიანად იხსნება აგრესიულ გარემოში და უბრალო მდუღარე წყალს არომატულ სასმელად აქცევს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გარემოს შეცვლა, ისინი თავად იცვლებიან მისი გავლენით და არიან ადამიანები, რომლებსაც გარემო ვერ ცვლის, ისინი თავად ცვლიან გარემოს.

თქვენში შეცვალა რაიმე უცხო გარემოში მოხვედრამ?
პიროვნული თვისებები, რაც იყო ჩემში: სიკეთის კეთება, გაჭირვებულის დახმარება, სუსტის მხარდაჭერა, ნიჭიერი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემა და წინ წამოწევა… – ნამდვილად არ შეცვლილა. ემიგრაციამ გამხადა უფრო ძლიერი, უფრო მობილიზებული და ვისწავლე დროის ფასი.

პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე რას გვეტყვით?
მყავს მეუღლე, ვასიკო ლურსმანაშვილი და ორი ქალიშვილი – ანა და ქეთევანი. უკვე ორივემ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი არ მუშაობს თავისი სპეციალობით. უფროსი ქალიშვილი ორი წლის წინ დაოჯახდა. სიძეს (ბაჩო გოგიშვილი) ჯერჯერობით არ ვიცნობ. ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება და ვერ ვათვითცნობიერებ, რომ სიდედრი ვარ (იცინის).

აქვე მინდა გითხრათ, რომ ვიზალიბერალიზაციამ ბევრს დედას გაუხარა ჩემსავით გული. 6 წლის უნახავი შვილი, ქეთევანი, რომელიც სკოლის მოსწავლე დავტოვე, შარშან 10 დღით მყავდა სტუმრად, უკვე გაზრდილი, დაქალებული, უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტი. მისი წასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს სამომავლო გეგმებს, რამდენიმე პუნქტი ამოვაკელი და ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანე, მხოლოდ ესაა მათთან დასაბრუნებელი უმოკლესი გზა.

მონატრებულ ქალიშვილთან ერთად

და სადამდე მიდის თქვენი სამომავლო გეგმები და საქართველოს რამდენად უკავშირდება?
ყველა ჩემი სამომავლო გეგმა საქართველოს უკავშირდება, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ცხოვრების ამ რთულად სავალ გზაზე მრავალნაირ გამოცდას გაუძლეს და მეიმედებიან. კალენდარზე უკვე დაწყებული მაქვს ათვლა. საქართველოში წამოსვლამდე დამრჩა 491 დღე (ინტერვიუ ჩაწერილია 24 იანვარს – თ. ო.). იმედი მაქვს, უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება და შემდეგ ინტერვიუს ჩემს ყვავილებიან აივანზე ჩავწერთ.

სიამოვნებით… მანამდე, საინტერესოა, როგორ ჩანს შორიდან საქართველო, რას ფიქრობთ ხოლმე, მარტო რომ დარჩებით?
შორიდან მუქ ფერებში ჩანს საქართველო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, ყოველდღიურად რამდენი ემიგრანტი გვემატება, მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ამ 7 წლის მანძილზე ბევრი დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ 4–5 თვის შემდეგ ისევ უკან, ემიგრაციის გზას დაადგნენ. ეს, ცოტა არ იყოს, მაშინებს. სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რაც საშუალებას მომცემს, რომ საქართველოში დაბრუნებულმა, არსად წასვლაზე აღარ ვიფიქრო. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ამ ქვეყნის ნოსტალგიაც ისევე მექნება და მომენატრება, როგორც ახლა საქართველო მენატრება.

ახლა რით იკლავთ ოჯახის, ახლობლების, მეგობრების, საქართველოს მონატრების სურვილს, რა გაძლევთ ძალას, რისი იმედი გაქვთ?
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ოპტიმისტი ვარ, ზოგჯერ უიმედობა მსტუმრობს. ამ დროს განმარტოებას ვამჯობინებ. იმ ქუჩაზე, სადაც ვმუშაობ, ახლოსაა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი და იქ მივდივარ. ძალიან კარგი, ერთ გუნდად შეკრული სამეგობრო წრე გვაქვს. ეს ადამიანები ჩემი იდეების რეალიზატორები არიან, რაც მიადვილებს აქ ყოფნას, მაძლევს ძალას და ხალისს. მადლიერი ვარ თითოეული მათგანის.

მეგობრები, როგორც ვიცი, „დედა ტერეზას“ გეძახიან…
კი, მეგობრები „დედა ტერეზას“ მეძახიან და ჩემი ცხოვრების პრინციპიც მისივე სიტყვებია: „ვიდრე ცოცხალი ხარ, იცოცხლე, წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი!“

რისი იმედი მაქვს? – რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღის იმედი რომ არ მქონდეს, ყველაფერი აზრს დაკარგავდა, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი და მდორედ გავყვებოდი ცხოვრების ყოველდღიურობას. „იმედი სულ ბოლოს კი არა, არასდროს კვდება“. იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

და ეს იმედი, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებასაც უკავშირდება… პირველ რიგში, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით?
პირველ რიგში, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, სათანადო ანაზღაურებით. ნიჭიერ, თავისი საქმის მცოდნე, გამოცდილ ადამიანებს მაინც არ უნდა სჭირდებოდეთ ლუკმაპურის საშოვნელად სხვა ქვეყანაში წასვლა. დასანანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ამდენი მარგალიტი. ემიგრაცია კი ერთი დიდი ჭაობია, საიდანაც არც ისე ადვილია თავის დაღწევა. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობით, თითოეული ემიგრანტის უკან 2-3 ოჯახია სარჩენი.

თქვენ რას ეტყოდით უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს?
ემიგრაციაში გატარებული წლები ჩვენი ცხოვრებიდან ამოგლეჯილ ცარიელ ფურცლებს მაგონებს. თითქოს ვაკეთებთ ყველაფერს, ვმუშაობთ, ვიძენთ, ვქმნით… ჩვენს შვილებს ვაძლევთ კარგ განათლებას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ან არ იყენებენ; ვუკეთებთ ყველაფერს, უჩვენობის კომპენსაციას ასე ვუვსებთ და ამ დროს ვკარგავთ ყველაზე მთავარს – დროს, რომელიც ძალიან მატყუარაა და იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე ჩვენ გვგონია; დროს, რომელიც მათთან ერთად უნდა გაგვეტარებინა და რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ. ჩემს ძვირფას თანამემამულეებს ვუსურვებ სულის მხნეობას, ჯანმრთელობას, სამშობლოში მალე დაბრუნებას და იმედიან ხვალინდელ დღეს.

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: მე რომ შემეძლოს…
მე რომ შემეძლოს, ემიგრაციაგამოვლილი ადამიანებისთვის ერთ დიდ სახლს ავაშენებდი – ჩვენ ხომ ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის ტკივილი და სიხარული. მაგრამ მე, როგორც ძალიან რომანტიკოსი ადამიანი, ამჯერად დიკა სალაყაიას ლექსიდან ამ ამონარიდით გიპასუხებთ:

„რომ შემეძლოს,
ვიცხოვრებდი სოფელში და
შენს მხარდამხარ
დავთიბავდი
სათიბავს,
შემოდგომას
შევიდგამდი კალათით
და
ნალიაში ავიტანდი
საზიდარს…
ორღობეში
გავკიდებდი
დარიანებს,
ბაღს მოვრთავდი
გვირილებით
– არ გინდა?!
ვაზს დავრგავდით
სახლის მარჯვნივ
აივანთან,
მერე ასკილს
დავკრიფავდით
ბაღიდან…
…. რომ შემეძლოს,
ვიცხოვრებდი
სოფელში და
იშვიათად გავიდოდი
სახლიდან“…

ვფიქრობ, რომ ქალისთვის ყველა ბედნიერების საწყისი მაინც სიყვარულია.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close