პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა ჯორჯა მელონიმ თავის ფეისბუქგვერდზე დღეს ვიდეო გამოაქვეყნა და იტალიის მთავრობას მოუწოდა, გამოიძახონ საფრანგეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოსთხოვონ ნამდვილი მიზეზების განმარტება, თუ რატომ დაიწყო ლიბიის დაბომბვა საფრანგეთმა 2011 წელს.
დაბომბვას შედეგად მოჰყვა სამოქალაქო ომი და ქაოსი ლიბიაში, აგრეთვე, მიგრანტების უზარმაზარი ტალღა, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, იტალიისკენ გამოეშურნენ, აღნიშნა მელონიმ.
პოლიტიკოსის აზრით, პარიზში უნდა განმარტონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი – წერილი, რომლის ავტორია ერთ-ერთი ამერიკელი „ფუნქციონერი“, ხოლო ადრესატი – ჰილარი კლინტონი, როდესაც იგი სახელმწიფო მდივანი იყო. დოკუმენტის ავტორის ვერსიით, ლიბიის დაბომბვის დაწყების თაობაზე საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი იყო მათ მიერ მიღებული ცნობები, რომელთა თანახმადაც მუამარ კადაფი „აფრიკული ფრანკის“ ახალი საერთოაფრიკული ვალუტით ჩანაცვლების გეგმას ამზადებდა, რომელიც ლიბიური ვალუტის ბაზაზე შეიქმნებოდა.
თუ წერილში მოყვანილი ვარაუდი „მიახლობითაც კი შეესაბამება სინამდვილეს“, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი საკუთარ „კოლონიურ მონეტას“ იცავდა და ამიტომ დაიწყო ომი, აღნიშნა მელონიმ.
„იტალიის ძმების“ ხელმძღვანელის სკანდალური ბრალდება იტალიურ-ფრანგული დაპირისპირების მორიგი გამწვავების ფონზე გაისმა, რომლის რეალურ მიზეზადაც ექსპერტები აფრიკაში გავლენისთვის კონკურენციას და ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას უკავშირებენ.
უფრო ადრე სახელისუფლებო პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ გააკეთა რამდენიმე სკანდალური განცხადება და საფრანგეთი აფრიკის გაღარიბებასა და აფრიკიდან ადამიანთა მიგრაციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა; მატეო სალვინიმ კი ღიად დაუჭირა მხარი „ყვითელ ჟილეტებს“ და საფრანგეთის მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცენ ხმა ემანუელ მაკრონის პარტიას ევროპარლამენტის არჩევნებში, რადგან, მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი თავისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
რაც შეეხება მემარჯვენე პარტიას „იტალიის ძმები“, რომელიც 2012 წელს დაარსდა (2017 წლამდე მისი სახელწოდება იყო „იტალიის ძმები – ნაციონალური მემარჯვენე ცენტრი“), იტალიის 2018 წლის 4 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ის გამოდიოდა მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის შემადგენლობაში, რომელიც ბერლუსკონის „ფორცა იტალიისა“ და სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ ბაზაზე შეიქმნა; პარტიამ ხმების 4,3% მიიღო, რამაც მას დეპუტატთა პალატაში – 19, ხოლო სენატში 7 ადგილი მოუტანა.
იხ. ჯორჯა მელონის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო:
Aiutatemi a diffondere questo appello al Ministro Di Maio: il governo convochi l'ambasciatore francese per chiedere conto del documento che mostro in questo video, sulle cause che avrebbero spinto la Francia a bombardare la Libia, generando l'attuale caos immigrazione che subiamo. Vogliamo la verità.
Gepostet von Giorgia Meloni am Donnerstag, 24. Januar 2019
კომენტარები