გაზეთი LIBERO: „იტალიაში მშპ მცირდება, გეების რიცხვი კი იზრდება“

იტალიური გაზეთი „ლიბერო“ პიეტრო სენალდის ხელმძღვანელობით ტრადიციას არ ღალატობს და ისევ აქვეყნებს მასალას სკანდალური სათაურით პირველ გვერდზე: „იტალიაში მშპ ეცემა, გეების რიცხვი კი იზრდება“ (“CALANO FATTURATO IL PIL MA AUMENTANO I GAY”).

ამჯერად გაზეთმა გადაწყვიტა ერთმანეთთან დაეკავშირებინა და შეედარებინა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა (რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, დიდ იმედებს მართლაც არ იძლევა) იმ ადამიანთა რაოდენობასთან, რომლებიც თავს ჰომოსექსუალისტებად მიიჩნევენ. „ლიბეროს“ აზრით, „ამის ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ჰომოსექსუალისტები კრიზისისგან ისე არ ზარალდებიან, როგორც სხვები“.

სტატიის ავტორს ჟურნალისტ ფილიპო ფაკის (Filippo Faci) რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოჰყავს, რომელიც ნამდვილად ადასტურებს იტალიაში ჰომოსექსუალისტების რაოდენობის ზრდას; იგი ირონიულად კითხულობს: „არსებობს თუ არა კავშირი ჩვენი მშპ-ის დაცემასა და გეების რიცხვის ზრდას შორის?“ – და თავადვე ასკვნის: „პასუხი არავინ იცის, თუმცა სურათი ასეთია“.

„ლიბეროს“ სტატიაში დეტალურად განხილულია კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამმართველომ (ONS) ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, 16-იდან 24 წლამდე ასაკში ადამიანები 2-ჯერ უფრო ხშირად ამტკიცებენ, რომ გეები ან ბისექსუალები არიან, ვიდრე უფრო მოზრდილ ასაკში (35, 50 ან 65 წელს ზემოთ). გამოცემა ეყრდნობა, აგრეთვე, Ipsos Mori-ს კვლევას და იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის, Istat-ის მონაცემები მოყავს (ჯერ კიდევ 2012 წელს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი იტყობინებოდა, რომ იტალიაში მილიონზე მეტი ლგბტ ადამიანია) და დასძენს, რომ „დღეისათვის პენსიაზე გასვლის ასაკი მცირდება, ხოლო ცხოვრების წესი იცვლება“.

ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაიომ არ „გაატარა“ „ლიბეროს“ სკანდალური სტატია და Facebook-ზე დაწერა: „კარგად მოვიქეცით, როდესაც გაზეთებისთვის გამოყოფილი თანხები შევამცირეთ. ახლა ისინი მსგავს სისულელეებს დაწერენ ისე, რომ სახელმწიფო სახსრებიდან არცერთ ევროს არ მიიღებენ“.

ცნობისათვის: იტალიური გაზეთი „ლიბერო“ – Libero, იგივე Libero Quotidiano, რომელიც  მილანში გამოდის, 2000 წელს დააარსა ჟურნალისტმა ვიტორიო ფელტრიმ (Vittorio Feltri) და ლომბარდიაში ყველაზე მაღალი ტირაჟის მქონე გამოცემაა; გაზეთი მემარჯვენე და ნეოლიბერალურ იდეოლოგიას ემხრობა.

p. s. გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე აგორებული პოლემიკას და ჰომოფობიის ბრალდებას თავად გაზეთის დამაარსებელმა ფელტრიმ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ჰომოფობი არ არის: „მე რომ მამაკაცები მიზიდავდნენ, მოხარული ვიქნებოდი გეი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ქალები მიყვარს. და მე ვიცი: ეს ჩემი ზღვარია“. იგი კატეგორიულად უარყოფს ჰომოფობიის ყველა ბრალდებას.

ნიკო აბაშიშვილი

Vittorio Feltri: “Vi spiego perché non sono omofobo”
კომენტარები