ბედნიერი ადამიანების მარტივი „საიდუმლოებები“
ვის არ უნდა, რომ ბედნიერი იყოს?! უამრავი ინტერნეტგამოცემა, გაზეთი, ჟურნალი, ტელეგადაცემა, ფსიქოლოგების არმია „გვბომბავს“ მზა რეცეპტებით – როგორ გავხდეთ ბედნიერები: „ისწავლე დარდისგან გათავისუფლება!“, „იცხოვრე დღევანდელი დღით და ხვალისთვის არაფერი გადადო!“, „არ დახურდავდე წვრილმანებზე!“ და ა. შ.
ეს რჩევები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“: მათ კონკრეტიკა აკლია, ძალზე ზოგადი გამონათქვამებია. ამ რჩევებს ყველა თავისებურად აღიქვამს და ცხოვრებაში გამოყენებას კი ადამიანები ნაკლებად ახერხებენ.
ქვემოთ გაგაცნობთ 7 კონკრეტულ მარტივ საიდუმლოს, რომელსაც ბედნიერი ადამიანები იყენებენ.
- ისინი პარკებში დადიან
ბრიტანელი მეცნიერების კვლევების შედეგებმა აჩვენა: ადამიანები, რომლებიც ხშირად დადიან გამწვანებულ ადგილებში, თავს უფრო კარგად გრძნობენ, ვიდრე „ქვის ჯუნგლებში“ გამომწყვდეულები. რამდენად კარგად? ბუნებასთან, სულ მცირე, დღეში 5 წუთი სიახლოვეც კი თურმე ამაღლებს თვითშეფასებას, განწყობას და ფანტავს უარყოფით აზრებს.
გარდა ამისა, ტყე-პარკებსა და სკვერებში გასეირნება ბედნიერების შეგრძნებას და ცხოვრებისადმი კმაყოფილების განცდას თურმე 3-ჯერ ზრდის.
- ისინი სკანდინავიის ქვეყნებში ცხოვრობენ
გასაოცარია, მაგრამ გაეროს ანგარიშის თანახმად – «United Nations General Assembly’s second World Happiness Report» – პლანეტის ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ… დანიაში. ამ მხრივ მეორე ადგილზეა ნორვეგია, მესამეზე – შვეიცარია; მათ მოსდევს ნიდერლანდები, შვედეთი და კანადა. საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა ეს ქვეყანა ჩრდილოეთში მდებარეობს. რაშია საქმე? ამაზე პასუხს მესამე პუნქტი გაგცემთ.
- მათ ცხოვრებაში მოქმედებს Hygge
ეს სიტყვა დანიურად გამოითქმის, როგორც „ჰიუგა[ჰ]“. მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს. დანიელებმა განსაკუთრებული კულტურული კონცეფცია შეიმუშავეს, რომელიც ნათესავებსა და მეგობრებთან თბილი ურთიერთობების შენარჩუნებას გულისხმობს. ისინი ხშირად აწყობენ „ერთ დიდ ოჯახად“ შეკრებებს, ერთობლივ ვახშამსა თუ სხვა ღონისძიებებს და „ემოციური სიმყუდროვის პოლიტიკის“ წყალობით ჩრდილოეთის სიცივესაც ვეღარ ამჩნევენ.
- ისინი სამუშაოთი კმაყოფილებას ღებულობენ, თუ არადა სამსახურს იცვლიან
გასაგებია, რომ ბევრს ეს ყველაზე ძნელად შესასრულებელ რჩევად მოეჩვენება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ბედნიერი ადამიანები კმაყოფილნი არიან თავიანთი სამუშაო ადგილით. როგორც სააგენტო Gallup-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რესპონდენტთა 78% აღფრთოვანებით ყვებოდა თავისი სამსახურის შესახებ. უმუშევარ გამოკითხულთა შორისაც კი 48%-ით მეტი იყო ბედნიერი ადამიანი, ვიდრე მათ შორის, ვინც დასაქმებული იყო, მაგრამ სამუშაო არ მოსწონდა.
- მათ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ყვავილთა სურნელებას
ნურც ისე წარმოიდგენთ, თითქოს ბედნიერი ადამიანი ვარდის თითოეულ ბუჩქთან ჩერდებოდეს და ყნოსავდეს, მაგრამ თურმე ყვავილთა არომატი საოცარ ზეგავლენას ახდენს ჩვენი განწყობის ამაღლებაზე. ამ თემაზე უამრავი კვლევა არსებობს და ყველა მათგანი ერთხმად ამტკიცებს – „ყვავილების სურნელება ადამიანებს აბედნიერებს“.
- ისინი სპორტით არიან დაკავებულები
სატრენაჟორო დარბაზში კვირაში 7 დღეს სიარული სავალდებულო არაა, არც რამდენიმე ათეული კილომეტრის გარბენა დღეში – ბედნიერები სიამოვნებას იღებენ ზომიერი ფიზიკური დატვირთვებისგან მშვიდ ტემპში.
ეს მათ საშუალებას აძლევთ არა მარტო ფიზიკური ფორმა შეინარჩუნონ, არამედ ენერგიის მოზღვავებაც იგრძნონ.
- და ალბათ ყველაზე მთავარი – ისინი არ ცდილობენ, ბედნიერები იყვნენ
კვლევებმა აჩვენა, რომ 85% მათ შორის, ვინც საკუთარ თავს უბედურად მიიჩნევს, საერთოდ არ აფასებს იმას, რაც აქვს. და პირიქით, „ბედნიერთა“ 92%-ისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც უკვე აქვს. ამიტომაც ისინი ტკბებიან ყოველი დღით, „უბედურები“ კი იტანჯებიან „იდეალური ცხოვრების“ მოლოდინში.
„სწორედაც რომ სურვილი – გახდე ბედნიერი – იწვევს თქვენში უბედურების შეგრძნებას, – ამბობს ბერკლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი აირის მოსი (Iris Mauss), – თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, როგორ გახდეთ ბედნიერი, ზუსტად საპირისპირო შედეგს მიიღებთ. თუ ნამდვილად გსურთ იყოთ ბედნიერი, თავი დაანებეთ იდეალური ცხოვრების სურათების წარმოდგენას და დატკბით იმით, რაც გაქვთ. ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება“.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები