იტალია საფრანგეთს „აფრიკის გაღარიბებასა“ და მიგრანტების ტალღის პროვოცირებაში ადანაშაულებს – საფრანგეთის სსს-მ იტალიის ელჩი გამოიძახა

იტალიის სამაშველო სამსახური მიგრანტებს ეხმარება ხმელთაშუა ზღვაში, „როიტერის“ ფოტო
იტალიის ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო პარიზი დაადანაშაულა. ამ ბრალდების საპასუხოდ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, იტალიის ელჩი გამოიძახა.

ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche წერს, რომ მანამდე ლუიჯი დი მაიომ ევროკავშირს მოუწოდა, დააკისროს სანქციები საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც „აფრიკა სიღარიბემდე მიჰყავთ“ და თავიანთი ქმედებებით იწვევენ ტრაგედიებს ჩაძირული ხომალდებით, რომლებითაც მიგრანტები ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.

„ევროკავშირმა უნდა დასაჯოს საფრანგეთი და ყველა ქვეყანა, რომელიც მის მსგავსად მოქმედებს, აფრიკას აღარიბებს და ამ ადამიანებს [მიგრანტებს] აიძულებს გაემგზავრონ… აფრიკელების ადგილი აფრიკაშია და არა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე“, – განაცხადა იტალიელმა პოლიტიკოსმა.

19 იანვარს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფლავიო დი ჯაკომომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბიის ნაპირებთან მიგრანტების ხომალდის ჩაძირვის შედეგად 120 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

20 იანვარს გაეროს მიგრანტების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველომ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 2 ხომალდი ჩაიძირა, რის შედეგადაც დაღუპული ან უკვალოდ დაკარგულია 170 მიგრანტი.

„პარიზსა და რომს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა იტალიის სახელმწიფოს სათავეში 2018 წლის ივნისში ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლის შემდეგ, – წერს ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche, – იანვრის დასაწყისიდან ლუიჯი დი მაიომ და მატეო სალვინიმ ღიად დაუჭირეს მხარი „ყვითელ ჟილეტებს“ (ფრ. Gilets jaunes), მიესალმნენ „ამ ახალ ევროპას“ ევროპულ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. „ყვითელო ჟილეტებო, არ დასუსტდეთ“, – დაწერა ლუიჯი დი მაიომ M5S-ის ბლოგზე.

„მე მხარს ვუჭერ ამ ღირსეულ მოქალაქეებს, ისინი პროტესტს გამოთქვამენ პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ მართავს ქვეყანას“, – განაცხადა მატეო სალვინიმ; მანამდე მან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომის სურვილი გამოთქვა: „რაც უფრო ჩქარა დაბრუნდება ის თავის სახლში, მით უკეთესი“, – განაცხადა სალვინიმ.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: https://www.lejdd.fr/International/Europe/luigi-di-maio-attaque-de-nouveau-la-france-cette-fois-sur-sa-politique-en-afrique-3842477

ლუიჯი დი მაიო ისევ ადანაშაულებს საფრანგეთს. „როიტერის“ ფოტო
კომენტარები