ნდობის ვოტუმის შედეგი: ტერეზა მეი „გადარჩა“, ბრიტანეთი ისევ ჩიხშია  

Sopa Image
ბრიტანეთის მთავრობას ტერეზა მეის მეთაურობით გუშინ გვიან საღამოს პარლამენტის თემთა პალატამ ნდობა გამოუცხადა. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხს ტერეზა მეის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე მხარი 325-მა დეპუტატმა არ დაუჭირა 306-ის წინააღმდეგ ანუ 19 ხმის უპირატესობით ტერეზა მეიმ გაიმარჯვა.

მეამბოხე კონსერვატორი დეპუტატები და მათი მოკავშირეები, აგრეთვე, ჩრდილოირლანდიელი იუნიონისტები (DUP), რომლებმაც წინა დღით მხარი არ დაუჭირეს მეის და ბრიუსელის შეთანხმების დოკუმენტს „ბრექსიტის“ თაობაზე, ამჯერად ბრიტანეთის მთავრობის მხარეს დადგნენ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან შეთანხმების ახალი ვარიანტი თემთა პალატაში 3 სამუშაო დღეში ანუ ორშაბათისთვის უნდა წარადგინოს.

კენჭისყრის შემდეგ თავის მოკლე გამოსვლაში მეიმ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს კონსულტაციებს შეთანხმების ახალ ვერსიაზე და დოკუმენტს პარლამენტს ორშაბათს, 21 იანვარს წარუდგენს, თუმცა მთავრობიდან „გამოჟონილი“ ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება იგივე ვარიანტი, რადგან მეის სხვა გეგმა არ აქვს, თანაც ევროკავშირი არ აპირებს უკვე მიღწეული შეთანხმების გადახედვას.

„ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი და პარლამენტი ვალდებულია შეასრულოს ეს გადაწყვეტილება“, – სხვადასხვა ფორმულირებით თითქმის 10-ჯერ გაიმეორა ეს თეზა მეიმ ოთხშაბათს საღამოს.

ჯერემი კორბინმა გუშინ ღამით მეისთან პოლიტიკური ბრძოლა წააგო, თუმცა მოსთხოვა, რომ ევროკავშირიდან ქვეყანა შეთანხმების გარეშე არ გამოვიდეს.

ჯერემი კორბინი

ექსპერტების ვარაუდით, ამ სიტუაციაში ახალი არჩევნები გამორიცხული მაინც არ არის, რადგან როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, თავად გადადგება.

ტერზა მეის აზრით, რომ ვერც ვადამდელი არჩევნები გასცემს პასუხს კითხვაზე: „როგორ მოვიქცეთ?“

ბრიტანელი პოლიტიკოსების და მიმომხილველების უმეტესობა ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს „ბრექსიტის“ მომენტის გადავადებას სთხოვს (როგორც ცნობილია, ქვეყანა ევროკავშირიდან მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს).

ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაოფიციალურად უკვე გამოხატეს მზადყოფნა თარიღის გადაწევაზე – ისინი დათანხმდებიან „ბრექსიტი“ ზაფხულამდე (The Times-ის ინფორმაციით, 2020 წლამდეც კი) გადაავადონ.

ამ ყველაფრის მიუხედავად ისევ არ არის გამორცხული, ბრიტანეთი ევროკავშირიდან რეგულირებული ურთიერთობების გარეშე გამოვიდეს.

წყარო: BBC

კომენტარები