ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებას

ტერეზა მეის კატასტროფული მარცხი – გუშინ გვიან საღამოს ბრიტანეთის პარლამენტმა არ დაამტკიცა ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან დადებული შეთანხმება „ბრექსიტის“ თაობაზე – წინააღმდეგი იყო 432 დეპუტატი, მხარი მხოლოდ  202-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ეს არის ბრიტანეთის მთავრობის ყველაზე დიდი მარცხი ბოლო 100 წლის მანძილზე. ტერეზა მეიმ ვერ მოახერხა პარლამენტის დარწმუნება და ახლა 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს გეგმა „ბ“. დღეს, 16 იანვარს კი ოპოზიცია პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებს. ევროკავშირი, თავის მხრივ, კატეგორიულ უარს ამბობს „გაყრის“ უკვე შეთანხმებული პირობების გადახედვაზე.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, ასე რომ, დრო ძალიან ცოტაა.

ჩვენ ვწუხვართ, რომ მეი დამარცხდა და გვინდა ვიცოდეთ, რის გაკეთებას აპირებს ახლა

„ჩვენ ვწუხვართ კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები. ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ინარჩუნებს ერთიანობას და პასუხისმგებლობას, რომლის დემონსტრირებასაც ვახდენდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში და მოწოდებული  ვიქნებით იმისთვის, რომ „ბრექსიტით“ გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ. ჩვენ გავაგრძელებთ მზადყოფნას ნებისმიერი დასასრულისთვის, შეთანხმების გარეშე გამოსვლის ჩათვლით. ასეთი კენჭისყრის შემდეგ არარეგულირებადი გაყრის რისკი გაიზარდა და თუმცა არ გვინდა მოვლენების ასეთი განვითარება, ამისთვის მზად ვიქნებით“, – ნათქვამია ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერეზა მეისთან დადებული შეთანხმების შეცვლას არ აპირებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირების პროცესს. ეს შეთანხმება იყო და რჩება საუკეთესო და ერთადერთ საშუალებად იმისათვის, რომ უზრუნველგვეყო დიდი ბრიტანეთის რეგულირებულად გასვლა ევროკავშირიდან“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმება „ბრექსიტის“ თაობაზე გასული წლის 25 ნოემბერს დაამტკიცეს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე.

შეთანხმების 584-გვერდიანი ტექსტი თითქმის 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა. მასში მოცემულია ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის ძირითადი დებულებები.

წყარო: BBC

კომენტარები