სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტია „ლიგა“ აპირებს შეასრულოს ყველა აღებული ვალდებულება და თავისი რეიტინგის ზრდის გამო არ მოახდენს ვადამდელი არჩევნების ინიცირებას, – განაცხადა 11 იანვარს პარტიის ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება.
იტალიაში 2018 წლის მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე „ლიგამ“ 17,4% მოიპოვა და „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან ერთად“ კოალიციური მთავრობა შექმნა. უკვე ზაფხულისთვის სალვინის „ლიგის“ რეიტინგმა 30%-ს გადააჭარბა და ამ მაჩვენებელზე რჩება დღესაც (არჩევნებიდან 9 თვის შემდეგ მატეო სალვინის „ლიგის“ რეიტინგი 17,4%-იდან 32,9%-მდე გაიზარდა, ყველა დანარჩენი პარტიის რეიტინგი კი შემცირდა: დემოკრატების – 18,7%-იდან 18,1%-მდე, ბერლუსკონის -14-იდან 8%-მდე: სხვათა შორის, ბერლუსკონის ყოველი მესამე მხარდამჭერი სალვინისთან „გადაბარგდა“, ხოლო „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ რეიტინგი, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგი – 32,7% აჩვენა, დღეისათვის 27%-მდეა შემცირებული).
ექსპერტები ადრეც არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ სალვინი, ამა თუ იმ საბაბით, კოალიციის დაშლის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიცირებას მოახდენს; ხოლო ახალი არჩევნების შემდეგ იგი შეძლებს თავად აირჩიოს მოკავშირე კოალიციაში და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს (მოგეხსენებათ, იტალიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, უპარტიო იურისტი ჯუზეპე კონტე ორი პარტიის კომპრომისული კანდიდატია).
„ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი მუდმივად უარყოფს ექსპერტების ამ ვერსიებს. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში მუშაობა „ლიგას“ საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი რეიტინგი საარჩევნო დაპირებების შესრულების გზით (უპირველეს ყოვლისა, მიგრაციის შეზღუდვით), თანაც ისე, რომ მთავრობის მუშაობის ხარვეზებზე პარტიას მთელი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.
ჩვენი მხრივ, მიგვაჩნია, რომ გარკვეული ხნის შემდეგ, თუ სალვინის რეიტინგი ისევ გაიზარდა, დამკვირვებელთა ვერსია შესაძლოა გამართლდეს, მით უმეტეს, რომ მმართველ კოალიციაში გაჩენილ „ბზარებზე“ უკვე საუბრობენ.
აქვე დავძენთ, რომ სალვინი იტალიაში მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია: „პარტია „ლიგა“ მხარს არ დაუჭერს იტალიაში მარიხუანის ლეგალიზაციას, მსგავსი პუნქტი მოქმედი მთავრობის კოალიციურ კონტრაქტში არ არის“, – განაცხადა მან 11 იანვარს (Il Giornale).
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მეორე მმართველი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, მოქალაქეებს მიეცეთ პირადი საჭიროებისათვის მარიხუანის მოყვანის უფლება. შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მარიხუანის კულტივაცია „რეკრეაციული გამოყენებისათვის“ და საკუთარ სახლში დაშვებული უნდა იყოს კანაფის მაქსიმუმ 3 ბუჩქის გაზრდა.
„ეს წინადადება არასდროს იქნება მიღებული“, – განაცხადა სალვინიმ გუშინ. დამკვირვებლები, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ორი მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ვერ თანხმდებიან სრულიად განსხვავებულ საკითხებზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ასე ხდებოდა გასულ წელსაც, თუმცა „ლიგა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კომპრომისს მაინც აღწევდნენ მნიშვნელოვან ინიციატივებთან დაკავშირებით.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები