საბერძნეთში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი ოფიციალურად 14 იანვრიდან იწყება – მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის სასარგებლო რჩევები

14 იანვრიდან ოფიციალურად იწყება და 28 თებერვლამდე გრძელდება საბერძნეთში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. ამის თაობაზე საბერძნეთის ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას.

ფასდაკლებების დაწყებიდან პირველ კვირა დღეს ანუ 20 იანვარს სავაჭრო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 11:00-იდან 20:00 საათამდე იმუშავებენ. თესალონიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს, რომ მაღაზიები დამოუკიდებლად თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას – თესალონიკში სავაჭრო წერტილების მუშაობის  დადგენილი დროა 11:00-18:00 საათები, თუმცა მაღაზიებს შეუძლიათ  უფრო გვიანობამდე იმუშაონ.

საბერძნეთის ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების ასოციაცია (Σύνδεσμος Επιχειρήσεων & Λιανικής Πωλήσεως Ελλάδος) ხაზს უსვამს, რომ მოცემულ პერიოდში საფასო იარლიყზე ახალთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ძველი ფასიც, აგრეთვე, ნებადართულია ფასდაკლების პროცენტის მინიშნებაც.

მომხმარებელთა დაცვის ცენტრი (ΚΕ.Π.ΚΑ.) დაბეჯითებით სთხოვს მყიდველებს ყურადღებით მოეკიდონ საფასო იარლიყებს და მათზე დატანილ ციფრებს, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური „მახეები“ უპატიოსნო და აგრესიული კომერციული პრაქტიკის შედეგად.

რამდენიმე რჩევა ΚΕ.Π.ΚΑ.-სგან:

მაღაზიების მეპატრონეები ვალდებულნი არიან აუცილებლად მიიღონ გასაცვლელად საქონელი, რომელიც დეფექტიანია და ფასდაკლებების დროს არის შეძენილი.

მეპატრონეს შეუძლია გაცვლაზე უარი თქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას დაბალი ფასი სწორედ დეფექტის გამო ადევს, თანაც ამის თაობაზე მომხმარებელს უნდა ეცნობოს.

მომხმარებლისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ფასდაკლებების დაწყებამდე მივა მაღაზიაში, რათა სასურველი საქონლის ნამდვილი  ფასი გაიგოს. ასე შეუძლია შეადაროს რეალური ფასი და ფასდაკლების ფასი, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეს (რასაც ზოგჯერ აქვს ადგილი – საქონელზე ძველ ფასად მითითებულია უფრო მაღალი ფასი, ვიდრე საქონელი ფასდაკლებამდე იყიდებოდა, შესაბამისად, რეალურად ფასდაკლებაც მოჩვენებითია).

დაგეგმეთ შენაძენები რეალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რათა მეტისმეტ დანახარჯს აარიდოთ თავი და არ შეიძინოთ არასაჭირო ნივთები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იაფად იყიდება.

მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს შენაძენის ჩეკი.

სანამ საქონელს შეიძენდეთ, ყურადღებით დაათვალიერეთ, ხოლო თუ სამოსია, კარგად მოიზომეთ.

ΚΕ.Π.ΚΑ. ასევე მოითხოვს მაღაზიების მეპატრონეებისგან ფასდაკლებების სეზონზე მაქსიმალურად ყურადღებიანი და კეთილსინდისიერები იყვნენ. ასოციაცია აფრთხილებს მათ, რომ სხვადასხვა ადგილას შემოწმებებს ჩაატარებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება შესაძლოა დაჯარიმდეს.

როგორც წესი, ფასდაკლებების შესახებ დებულებების დამრღვევები წლიური ბრუნვის 0,5%-ის ოდენობის თანხით ჯარიმდებიან; მინიმალური ჯარიმა 5 000 ევროა.

კომენტარები