გავლენიანი ბრიტანული გაზეთი DAILY MAIL-ი იტალიელი პედოფილი პასტორის მკვლელობის ფაქტზე წერს. 45 წლის ეკლესიის მსახურმა ჯუზეპე მატარაცომ ციხეში 11,5 წელი გაატარა 2 მოზარდი გოგონას გაუპატიურების გამო. იგი 2018 წლის ზაფხულში გათავისუფლდა პატიმრობიდან, თუმცა თავისუფლება დიდხანს არ დასცალდა – მალევე იპოვეს მოკლული საკუთარ სახლთან ახლოს.
მკვლელობა ბენევენტოს პროვინციაში, ფრასო ტელეზინოში (Frasso Telesino) მოხდა 2018 წლის ივლისში. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 5 ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს ავტომანქანა, რომელშიც 3,56-კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი იდო.
კარაბინერებმა, რომლებმაც ბენევენტოს პროვინციის პროკურორთან ერთად გამოიძიეს ეს საქმე, პასტორის მკვლელობის ბრალდებით გასული წლის 28 დეკემბერს 2 ადამიანი დააპატიმრეს: გამომძიებლების თქმით, ისინი მკვლელობის არსებითი ბრალდებულები არიან. გამოძიება მათ შეკვეთილი მკვლელობის შესრულებაში ადანაშაულებს – სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ მატარაცო შურისძიების ნიადაგზე მოკლეს. გამოძიების მთავარი ეჭვმიტანილი დაღუპული გოგონას მამაა, რომლის პოზიციის გარკვევასაც გამომძიებლები 2 შემსრულებლის დაპატიმრებამდე შეეცადნენ, თუმცა მის წინააღმდეგ ჯერჯერობით სხვა ზომა არ არის მიღებული.
ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამის დასტურია ის, რომ ცნობილი და გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის სტატიას უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა. გამოცემა წერს, რომ ამ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 2 ადამიანი ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას მამამ დაიქირავა – მან ასე იძია შური თავისი 15 წლის ქალიშვილისთვის, რომელმაც მომხდარი ვერ გადაიტანა და 2008 წლის იანვარში ხეზე თავი ჩამოიხრჩო.
კომენტარები