იტალიის პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ დაამტკიცა

კვირას, 30 დეკემბერს იტალიის პარლამენტმა მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელმაც ლამის კონფლიქტი გამოიწვია რომსა და ბრიუსელს შორის, – ამის თაობაზე სააგენტო ANSA იუწყება.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, აგრეთვე, მომავალი სამი წლის (2019-2012) ბიუჯეტს მხარი დეპუტატთა პალატის 313-მა წევრმა დაუჭირა, 70 წინააღმდეგი წავიდა. ეს დოკუმენტები ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი პრეზიდენტი სერჯო მატარელა ხელს მოაწერს.

იტალიის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი დებულებებია: წინა მთავრობის დროს დაგეგმილ დღგ-ის ზრდაზე უარის თქმა, უპირობო საბაზო შემოსავლის შემოღება (მინიმალური შემოსავალი მოქალაქეობის ნიადაგზე) და საპენსიო კანონმდებლობის შეცვლა, რათა მოქალაქეებმა უფრო ადრე შეძლონ პენსიაზე გასვლა.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში დეფიციტი 2,4% იყო, თუმცა ევროკავშირმა ეს პროექტი არ მიიღო და იტალიის ხელისუფლებას, სანქციებით მუქარის ქვეშ, მოუწია უკან დახევა – მან საბოლოო ჯამში ბიუჯეტის დეფიციტი 2.04%-მდე შეამცირა. კორექტირებული დოკუმენტი, აგრეთვე, ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის შემცირებას მშპ-ის 130,7%-მდე და მთლიანი  შიდა პროდუქტის გაზრდას 1%-ით.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, როგორც უკვე ვწერდით, მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტს და საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ პროცედურების დარღვევის გამო. მათ შაბათს მონტეჩიტორიოს სასახლის წინ რომში (სადაც დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება) მიტინგი მოაწყვეს.

არანაკლები კრიტიკით გამოვიდნენ პარტიის „წინ, იტალია“ წარმომადგენლები. ისინი კვირას პარლამენტის სხდომაზე ლურჯი ჟილეტებით გამოცხადდნენ, წარწერით: „კმარა გადასახადები!“ – და სხდომის ჩაშლა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. პარტიის ლიდერმა, ექსპრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ გააფრთხილა მთავრობა, რომ უკვე 2019 წელს მისი მომხრეები საპროტესტო მანიფესტაციებს მთელ იტალიაში გამართავენ. „ლურჯი ჟილეტების“ გამოყენების იდეა არაორაზროვნად მიგვანიშნებს „ყვითელ ჟილეტებზე“ საფრანგეთში და ოპოზიციონერების სერიოზულ განზრახვებზე მიუთითებს.

კომენტარები