შობა-ახალი წლის ტრადიციები ძველად საქართველოში

„ზამთარი“, ელენე ახვლედიანი
შობა-ახალი წელი საქართველოში მზისა და დროის განახლების დღესასწაულია. ამ დღეებს ქართველები ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ და ცდილობდნენ სიკეთე, ხვავი და ბარაქა დაბედებოდათ მათ ოჯახებს.

შობის წინა საღამოს და შობას, როგორც ახალი წლის დასაწყისს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და, შესაბამისად, მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებები არსებობდა. ყველა ეს ჩვეულება მიმართული იყო ნაყოფიერების გასაზრდელად, ავი სულების დასაძლევად, ჯანმრთელობის უზრუნელსაყოფად და საერთოდ, კეთილდღეობის მოსაპოვებლად. არსებობდა „ალილოზე“ შემოვლის წესი, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული. ამ დღეს სამი-ოთხი კაცისგან შემდგარი მეალილუეთა ჯგუფი – „ქრისტეს მახარობლები“ ოჯახებში დადიოდნენ და ადამიანებს ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ.

სხვათა შორის, შობის დღეს, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში წესად იყო მიჩნეული, რომ ნათლული ნათლიასთან ძღვნით მისულიყო – ყვერეულით, ანუ დაკოდილი მამლით, ღვეზელითა და კვერით. გარდა ამისა, შობის დღეს ეზოში გაჰქონდათ მოხარშული „ჭანტილის“ – კორკოტის ქალი, რომელსაც ხეებზე უსვამდნენ. ეს ხის სიმბოლურ განაყოფიერებას ნიშნავდა. ამგვარი ქმედება, ხალხის რწმენით, მომავალ წელს მათ მოსავლით უზრუნველყოფდა. შობის დღეს აუცილებლად ანთებდნენ დიდ ცეცხლს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ უნდა ჩამქრალიყო. დილას კი ადრიან საუზმეს ამზადებდნენ, რომელსაც გარეშე პირი არ უნდა დასწრებოდა. ქართველები ამით ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ, რომ მომავალი წელი რაც შეიძლება უკეთესად, ბარაქიანად და ბედნიერად დაიწყონ.

ახალ წელს ნაძვის ხესთან ერთა „ჩიჩილაკსაც“ დგამდნენ (ეს ტრადიცია ბოლო წლებია ისევ აღდგა) – ეს არის ადგილობრივი, ქართული, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს საახალწლო მორთულობა. მასზე ხშირად კიდებდნენ ნაყოფიერების სხვადასხვა სიმბოლოს: ვაშლს, ჩურჩხელებს, ბროწეულს, ფორთოხალს… უფრო ადრე კი გაპუტულ შაშვს ფრთებითა და კუდით. თუ შაშვი არ ექნებოდათ, მაშინ ცომისგან აკეთებდნენ ბურთულას, რომელსაც „ყვინჩილებს“ ეძახდნენ და „ჩიჩილაკზე“ კიდებდნენ, რომელიც სიცოცხლის ხის ერთ-ერთ ნაირსახეობად ითვლებოდა. ადრე მას თავზე ერთგვარ გვირგვინს ადგამდნენ, რომელზეც რიტუალურ პურს დებდნენ. ჩამოშლილი ბურბუშელები მზის სხივებად აღიქმებოდა.

ქართლში შობა-ახალი წლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებდნენ: აცხობდნენ „ბასილას“, რომელსაც მამაკაცის გამოსახულება ჰქონდა, ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის თითოეული წევრისთვის და თითოსაც  – შინაური პირუტყვისთვის, მათთვის დამახასიათებელ ნიშნებით. ოჯახის უფროსი გათენებამდე ხონჩაზე მოხარშულ ღორის თავს დებდა და გარშემო ბედის კვერებს შემოუწყობდა, ზედ „ბასილას“ დაასვენებდა, დასაბედებლად მასზე თაფლში ამოვლებულ პურის ნაჭრებსაც მოათავსებდა და მასზე ანთებულ სანთელს მიაკრავდა. ეს ახალ წელთან შეხვედრის აუცილებელი ტრადიცია იყო. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ.

კახეთში ტყიდან მოჰქონდათ ხე, რომელიც დიდხანს იწვოდა, რათა ახალი წლის ღამეს კერაზე ცეცხლი არ გამქრალიყო. ეს ხე ოჯახში ღვთის ძალის შემოტანას ნიშნავდა. მეკვლე სახლში ცოცხალი ხის ტოტებს შემოიტანდა და ილოცებოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“, ხის ტოტებს ნაკვერჩხალს დაარტყამდა და რამდენი ნაპერწკალიც აალდებოდა, ამბობდა: ამდენი შვილი, ამდენი ბედნიერება და ბარაქა თქვენს ოჯახსო.

ასეთივე ტრადიცია ჰქონდათ მთიულეთ-გუდამაყარშიც, მაგრამ იქ მეკვლის როლს ოჯახის თავკაცი ასრულებდა. იგი სანთელს ანთებდა და ცეცხლს შემდეგ დაარტყამდა ხის ტოტებს.

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს დღემდე „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა და მარანში შედიოდა. იქ ოჯახის უფროსი საახალწლო გობს ხმაამოუღებლად დგამდა მიწაზე. ჩაფს ღვინით ავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას შესთხოვდა. შემდეგ გობიდან კაკალს იღებდა და წმინდა ბასილს ევედრებოდა მისი ოჯახი კაკალივით სიუხვით აევსო. თხილი და კაკალი მსოფლიოში ნაყოფიერების და სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა.

სამეგრელოში ახალ წელს ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლებიანი ჯამით დილაადრიან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად და გარკვეული რიტუალის შემდეგ სახლში  შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, „ბასილა“, ხაჭაპურები, ხილი და სხვა ტკბილეულობა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებდა“, საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ხევსურეთში ახალი წლის ღამეს „ვედრებულ წურრას“ ეძახდნენ. ამ დროს ოჯახის მეკვლე სალოცავში იყო. იქიდან დაბრუნების შემდეგ იგი ჯერ ოჯახში, შემდეგ კი საქონლის სადგომში შედიოდა და სალოცავიდან წამოღებულ „ჭიჭს“ (ლუდის საფუარს) გადააბნევდა, თან ილოცებოდა: „ასე აფუებული ყოფილიყავითო“. ამ რიტუალის შემდეგ მას სამეკვლეო პურს აწოდებდნენ. მეკვლე სამჯერ შეაგდებდა მას მაღლა. წაღმა დალაგებული პური ოჯახის კეთილდღეობის მომასწავებელი იყო.

თუშები ახალ წელს „წელიწდობას“ ეძახდნენ. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ლუდის მოხარშვა გვარის მნათეს ევალებოდა. გარდა ამისა, აცხობდნენ გულიან კოტორს – „ქრისტეს საგძალს“. მამაკაცებისთვის განკუთვნილს „ბაცუკაცს“ ეძახდნენ, ქალებისთვის კი მრგვალი კვერები ცხვებოდა. ცხვებოდა საქონლისთვის განკუთვნილი კვერებიც, რომლებზეც სხვადასხვა ნიშანი იყო გამოსახული. ყველა კვერს ხონჩაზე აწყობდნენ და ზედ მატყლს, მარილს, ერბოს და ყველს ადებდნენ. დიასახლისი სახლის ან ფუძის ანგელოზისა და კერის კვერებს აცხობდა. კერის კვერი პატარა და მრგვალი იყო. მას ნაღვერდალში წვავდნენ და სადმე ისეთ ადგილას აგდებდნენ, სადაც თაგვი ჭამდა.

„წელიწდობის“ შესახვედრად ფშაველები წინა დღეს ემზადებოდნენ და ამ დღეს „ლიტან დღეს“ ეძახდნენ. საახალწლოდ ხევისბერები ხატში მიდიოდნენ, იწმინდებოდნენ და ხატს ღამეს უთენებდნენ. ადრე ხატში ხევისბერისთვის თემს „სათემო“ საკლავი მიჰყავდა. „სათემო“ ქრისტეს შობიდან „ლიტანია დღემდე“ გრძელდებოდა. ფშაველთა რწმენით, „ლიტანია ღამეს“ ციდან ანგელოზები ჩამოდიოდნენ, რომლებიც წერდნენ, მომავალ წელს ვის რა ელოდებოდა. ოჯახი ახალ წელს აუცილებლად ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. ოჯახის უფროსს სახლში ხონჩით თოვლი შეჰქონდა ხოლმე და ამბობდა: „ასე თეთრად დამიბერდით“. თუ თოვლი არ იყო, მაშინ მის ადგილს სიმინდი იკავებდა.

მესხეთ-ჯავახეთში განსაკუთრებით დიდი მოწიწებით იცავდნენ „ახალი წლის მიგეგების“ წესს, რადგან, მათი რწმენით, ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ, წინა დღეს განათხოვრებულ ავეჯს და ჭურჭელს იბრუნებდნენ, რათა მათი დოვლათი და ბარაქა მეზობლების სახლში არ დარჩენილიყო. საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო კვერს აცხობდა. ჯერ „ბასილას“, რომელსაც გრძელი „წვერი“ და ნიგვზის თვალები ჰქონდა, შემდეგ „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს და ცხვრის „ბიჟუნას“ ამზადებდა. „ბედის პური“ მოცულობით ძალიან დიდი იყო. მის ცომში თეთრ აბაზიანს დებდნენ, ვისაც ეს აბაზი შეხვდებოდა, იმ წელს აუცილებლად გაბედნიერდებოდა.

საახალწლოდ რაჭაში ორ „ბაჟულას“ აცხობდნენ, ერთს – ახალი წლისათვის, მეორეს – ძველისთვის. აცხობდნენ, ასევე, „ბასილას“ და ერთ დიდ პურს – „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებდნენ. ამ ყველაფერს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში ინახავდა. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ცეცხლს დაანთებდა, შემდეგ გარეთ გავიდოდა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავდა, ჩიჩილაკს აიღებდა და ჯერ ბეღელში შედიოდა, შემდეგ კი სახლში შემდეგი ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი – შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, მერე კი წყლის მოსატანად მიდიოდა. მის დაბრუნებამდე ოჯახის წევრები დგებოდნენ, მეკვლე ყველას ხელ-პირს დააბანინებდა, საუზმის დროს კი „კერია-ბერიას“ უნაწილებდა.

სვანეთში ახალი წლის ღამეს სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის გასავალ კარებზე კიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ), ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)“. სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვრიან პურზე ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს დააწყობდა, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლიდა და დღესასწაულს ულოცავდა.

აფხაზეთში ახალ წელს იმდენ ძროხას ან თხას და მამალს კლავდნენ, რამდენი მამაკაციც იყო ოჯახში.

აჭარაში ახალი წლის ღამით თავქვეშ მჭადის ნატეხს ამოიდებდნენ, რომელიც დილით ადრე, მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.

კონკრეტულად ძველ თბილისს რაც შეეხება, ახალი წლის დადგომის წინ თურმე ისეთი თოფების სროლა და ყიჟინა ატყდებოდა ხოლმე, რომ, თუ არა სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი, კაცს მტრის შემოსევა ეგონებოდა. ახალი წლის დადგომისას ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დადგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა და ხილით სავსე სინს და ტაბლას გარშემო წმინდა სანთლებს დაუნთებდა. გათენებისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და ნაკოდალი (შეშის ნაჭერი) ანდა მუგუზალი შემოჰქონდა. შემდეგ მუგუზალს ბუხართან ან კერასთან მიიტანდა და ძირს დარტყმით უამრავ ნაპარწკალს გააყრევინებდა, თან გაიძახოდა: ამდენი ოქრო, ხორბალი, პურიო და ა. შ. იღებდა ჯიბიდან ხორბალს და ოთახის ყოველ კუთხეში აბნევდა, რათა ოჯახს ბარაქა და ხორაგი არ მოკლებოდა. თაფლში ამოვლებულ პურს აჭმევდა ოჯახის ყველა წევრს, ასე ტკბილად დამიბერდითო.

ახალი წლის ცერემონიალში დიდი ადგილი ეკავა ოჯახის მეკვლეს, რომელსაც ოჯახი წინასწარ ირჩევდა. მეკვლე არჩეულ ოჯახში ადრე უნდა მისულიყო, რომ მისთვის სხვას არ დაესწრო. ზღურბლს გადააბიჯებდა თუ არა, უნდა წარმოეთქვა:

„შემოვდგი ფეხი, /გწყალობდეთ ღმერთი; ფეხი ჩემი /კვალი ანგელოზისა“.

შემდეგ გადაკოცნიდა ოჯახის ყველა წევრს და ტკბილის მიწოდებით დააბერებდა. ქალაქში მთელი დღე დუდუკის, ზურნისა და არღანის ხმა ისმოდა.

დროთა ბრუნვამ თავისებური იერი შესძინა ამ ლამაზ ტრადიციებს, შინაარსი კი უცვლელი დარჩა – სიკეთის, სიყვარულისა და ბედნიერი მომავლის რწმენა.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები