არალეგალმა იმიგრანტმა ნაპოვნი საფულე ნაღდი ფულით და საკრედიტო ბარათებით პოლიციაში მიიტანა

ბოლონიის პროვინციის პატარა ქალაქ ვერგატოში იმიგრანტი, იმის მიუხედავად, რომ იტალიაში არალეგალურად იმყოფება, მაინც მივიდა პოლიციაში, რათა ნაპოვნი საფულე ფულით და დოკუმენტებით პატრონისთვის დაებრუნებინა.

როგორც შემდეგ გაირკვა, საფულე დაკარგა ქალმა, რომელიც პროდუქტების მაღაზიის წინ ჩაჯდა მანქანაში: საფულეში 200 ევრომდე ნაღდი ფული, დოკუმენტები და საკრედიტო ბარათები იდო.

ამ ამბის შესახებ სტატია გამოცემა „კორიერე დი ბოლონიაში“ დაიბეჭდა.

ამ ისტორიის გმირი 30 წლის ნიგერიელი ოხენენ იკპენვოსაა. იგი არალეგალად იქცა იმის გამო, რომ ე. წ. „სალვინის დეკრეტის“ ძალაში შესვლის (30 ნოემბერი) შედეგად ჰუმანიტარული ბინადრობის უფლება გაუქმდა, რომელზეც მან იტალიაში ჩამოსვლისას განაცხადი გააკეთა.

თუმცა ქალაქის მერმა მასიმო ნიუდიმ პირობა დადო, რომ ახალგაზრდა ნიგერიელს „პერმესოს“ გარეშე არ დატოვებს: მან იკპენვოსას უთხრა, რომ მზადაა, თავად წაჰყვეს კვესტურაში, რათა ყველაფერი გააკეთოს მისი ლეგალიზებისათვის. პოლიციელებიც ძალიან გაოცებულები დარჩნენ ახალგაზრდა იმიგრანტის ჟესტით და არა თუ დააკავეს იგი უსაბუთობის გამო, არამედ სადილითაც გაუმასპინძლდნენ.

„იკპენვოსას ჟესტმა უნდა დაგვაფიქროს ადამიანობის თემაზე. მისი ეს მნიშვნელოვანი საქციელი პატივისცემის და ჯილდოს ღირსია“, – აღნიშნა მერმა.

ამ ისტორიამ 2016 წლის ივლისში რასისტულ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გამახსენა: 36 წლის ნიგერიელი ემანუელ ჩიდი ნნამდი, აღმსარებლობით ქრისტიანი, თავისი ქვეყნიდან ომს გამოექცა საყვარელ ქალთან ერთად და იტალიაში, ქალაქ ფერმოში იპოვა თავშესაფარი, სადაც მხოლოდ 10 თვე იცხოვრა. ერთ დღეს იგი რასისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა: ახალგაზრდა კაცი საგზაო ნიშნით ისე სცემეს, რომ  მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მისი ცოლი გადარჩა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები